საქმე №ას-140-2019 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ო.ს.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. მ-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო.ს.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 24 ივნისს მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა _ დირექტორმა დაწერა ხელწერილი, რომლითაც აღიარა მოსარჩელისაგან ქონების გადაცემის ღირებულების ნაწილის _ 5 000 აშშ დოლარის მიღება ბეს სახით. მხარეთა შორის ბეს ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით არ გაფორმებულა. ხელწერილი ეხებოდა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, ... რაიონში, დ.ბ. ქ#...-ში, ს/კ #01.13.06.0...) ნასყიდობას, კერძოდ, მხარეთა შორის ნასყიდობის საგანი იყო ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე რვასართულიანი შენობა-ნაგებობის მე-... სართულზე არსებული მოპასუხის კუთვნილი 300,6 კვ.მ ფართიდან, დაახლოებით, 80 კვ.მ საოფისე ფართი. მხარეთა შორის გარკვეული შეუთანხმებლობის გამო საბოლოოდ გარიგება არ შემდგარა, რის გამოც მოპასუხე კრედიტორს დაპირდა თანხის დაბრუნებას. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან დამატებით ვადის განსაზღვრისა, მოვალეს ხსენებული თანხა არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით კომპანიამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი მოსარჩელეს არ დაპირებია თანხის დაბრუნებას, რაც შეეხება მის დაუბრუნებლობას, მოპასუხის მითითებით, თანხა წარმოადგენდა ბეს და რადგანაც ვალდებულება კრედიტორის მხრიდან იყო დარღვეული, ბე დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის კანონიერება, კერძოდ, საკასაციო პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი თავისი შინაარსით ადასტურებს თუ არა მხარეთა შეთანხმებას ბეს ხელშეკრულების არსებით პირობებზე და ნასყიდობის/ბეს მიმცემის მხრიდან ვალდებულების დარღვევა განუხორციელებადს გახდის თუ არა ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად:
1.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებად, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 59-ე, 69-ე (3) (5) მუხლების თანახმად, ბათილია. მოცემულ ხელწერილს გარიგების ერთ-ერთი მხარე _ მოსარჩელე არ ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მასზე ხელმომწერ პირს _ ბ-ძეს, არ გააჩნდა მოსარჩელის სახელით გარიგების დადების უფლებამოსილება. სხვა შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ხელწერილი ხელმოწერილი იქნებოდა უფლებამოსილი პირების მიერ, მისი ნამდვილობა უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით/უფლებამოსილი პირის მიერ საჯარო რეესტრში. რაც შეეხება გარიგების რეგისტრაციას, რაზეც აპელირებს სააპელაციო პალატა, ხსენებული დღის წესრიგშიც არ დამდგარა;
1.1.2. მხარეთა შორის ბეს ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც მოპასუხეს მიუღია სადავო თანხა ბეს ანგარიშში. ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაპირობა კომპანიის მხრიდან გასაყიდი ფართის გაუმიჯნაობამ. მოგვიანებით, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი _ დირექტორი დაპირდა კასატორს, რომ დაუბრუნებდა მიღებულ თანხას, რასაც კრედიტორი დაეთანხმა მათ შორის არსებული ხანგრძლივი ნაცნობობის გამო, თუმცა, დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, მოვალე არ აბრუნებს თანხას.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. მხარეთა შორის სიტყვიერად იქნა მიღწეული შეთანხმება მოსარჩელის მიერ მოპასუხისგან უძრავი ქონების შეძენის შესახებ;
1.2.2. 2016 წლის 24 ივნისს გაფორმდა ხელწერილი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელს, დირექტორს გ. ჩ-ს გადასცა 5 000 აშშ დოლარი;
1.2.3. გ. ჩ-ი არის შპს „ო.ს.“ დირექტორი და 2016 წლის 24 ივნისის ხელწერილში მითითებული თანხა მიღებული აქვს მოპასუხე საზოგადოებას;
1.2.4. მხარეთა სიტყვიერი შეთანხმება ვერ განხორციელდა, მოსარჩელეს უძრავი ქონება არ შეუძენია;
1.2.5. მოპასუხე არ უარყოფს, რომ კრედიტორისათვის ხელწერილში მითითებული 5 000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. ვიდრე საკასაციო პრეტენზიათა დეტალურ ანალიზს შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ბათილი გარიგების საკითხი. სამოქალაქო კოდექსი იცნობს ბათილი გარიგების რამდენიმე სახეს, პირობითად ეს გარიგებები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს და მათ მიეკუთვნება: უცილოდ ბათილი გარიგებები (რომლებიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ მოწესრიგებას); მერყევად ბათილი გარიგებები (როდესაც მათი ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე); საცილო გარიგებები (როდესაც გარიგების იურიდიული ძალა შეცილების უფლების მქონე პირის მხრიდან შეცილების დადგენილ ვადაში განხორციელებაზეა დამოკიდებული). გარიგებათა ამგვარი კლასიფიკაცია გავლენას ახდენს ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისა და შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის განხორციელების საკითხზე. სასამართლოს მოვალეობას, მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხის გარკვევისას, წარმოადგენს გარიგების იურიდიული ძალის შეფასება, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისას სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, შეამოწმოს მხარეთა შორის წარმოიშვა თუ არა ვალდებულებითი ურთიერთობა და თუკი დადგინდა იურიდიულად არანამდვილი ძალის გარიგების დადების ფაქტი, მოთხოვნა კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. უცილოდ ბათილი გარიგებები სამართლის დოქტრინაში მოხსენიებულია ასევე, როგორც არარა გარიგებები, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
1.3.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას მოპასუხისაგან უნდა შეეძინა უძრავი ქონება (სკ-ის 477-ე მუხლი), მხარეთა შორის რაიმე გარიგება არ დადებულა, მან მოპასუხეს გადასცა 5 000 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ დაადასტურა ხელწერილით, მოგვიანებით ნასყიდობის ხელშეკრულება აღარ გაფორმდა და მოითხოვს გადაცემული თანხის დაბრუნებას. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არსებითი ხასიათის შედავება განახორციელა და მიუთითა, რომ მხარეებმა გააფორმეს ბეს ხელშეკრულება (სკ-ის 421-ე მუხლი) და მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა მოპასუხემ მიიღო ბეს ანგარიშში. ვინაიდან ხელშეკრულება მოსარჩელის მხრიდან იქნა დარღვეული, მოპასუხე უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბეს დაბრუნებაზე (სკ-ის 423.1 მუხლი), ამდენად, სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, დაადგინოს დაიდო თუ არა მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სკ-ის 323 და 183.1 მუხლები), რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ბე.
1.3.3. მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად ირკვევა, რომ მოსარჩელეს მართლაც სურდა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების შეძენა, რამაც განაპირობა მისი მხრიდან სადავო თანხის მოპასუხისათვის გადაცემა. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების საკითხზე: სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი აწესრიგებს ხელშეკრულების დადების ზოგად წესს და განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. განსახილველი ნორმა მიუთითებს ხელშეკრულების დადების რამდენიმე ელემენტზე: მხარეები უნდა შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სკ-ის 327.2, ასევე 477-ე მუხლები) და შეთანხმება უნდა მოხდეს შესაბამისი ფორმით.
1.3.4. ფორმის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა უძრავი ნივთის ნასყიდობის ფორმა, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა და მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვანია გარიგების, როგორც სანივთო, ისე _ სახელშეკრულებო თავისებურებების გათვალისწინება, რამდენადაც სახელშეკრულებო წესების დაცვა იწვევს სანივთო უფლების გადაცემას. უძრავი ნივთის კანონით დადგენილი რეჟიმიდან გამომდინარე, როგორც სანივთო, ისე _ ვალდებულებითი სამართალი შეიცავს შესაბამის დანაწესებს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ნივთის გასხვისება უნდა მოხდეს წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. რაც შეეხება ქონების რეესტრში რეგისტრაციას, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ რეესტრი არ წარმოადგენს გარიგების ფორმას, არამედ, იგი სანივთო უფლების გადაცემის ფაქტის რეგისტრაციას ემსახურება და იცავს, როგორც შემძენის ინტერესებს, ისე _ მესამე პირის ინტერესებს, ვინაიდან მოძრავი ნივთისაგან განსხვავებით (სკ-ის 158.1), უძრავი ნივთის მესაკუთრედ მიიჩნევა პირი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (სკ-ის 185-ე მუხლი).
1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის დამოუკიდებელი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თუმცა, მოპასუხის კვალიფიციური შედავებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს ბეს ხელშეკრულების ნამდვილობა, კერძოდ, ეს გარიგება ადასტურებს თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ხსენებული საკითხის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
- საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, „მე, გივი ჩოხელმა თ. მ-ძისაგან მივიღე ქონების გადაცემის ღირებულების ნაწილი თანხა (5 000 დოლარის ოდენობით) „ბეს“ სახით. აღნიშნული თანხა სრულად გადახდილი უნდა იყოს 2016 წლის 15 ივლისამდე. პირობის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება „ბეს“ სახით გადახდილი თანხა 5 000 დოლარი“. ხელწერილი თ. მ-ძის სახელით ხელმოწერილია ვინმე მ.ბერაძის, ასევე, თანხის მიმღების მიერ. სხვა რაიმე დათქმას ხელწერილი არ შეიცავს;
- იმის შესაფასებლად, ხსენებული შინაარსის დოკუმენტი წარმოადგენს თუ არა ხელშეკრულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოხმობილი ნორმის დისპოზიცია ხაზს უსვამს ბეს ხელშეკრულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას _ გარიგების დადების დადასტურებას. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბეს ხელშეკრულებით დადასტურებისათვის, სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და 328-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბეს ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა დაიდოს და ხელმოწერილი იყოს ხელშემკვრელი მხარეების მიერ, თუმცა, იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთაც, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან და 477-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ნასყიდობის საგანი, ფასი, გადახდის წესი და პირობები. ამგვარ დათქმებს მოცემულ შემთხვევაში, ბეს ხელშეკრულება არ შეიცავს, მასში ზოგადადაა საუბარი ქონების ნასყიდობასა და თანხის დაკისრებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები იმყოფებოდნენ წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში და მათ შორის წერილობითი გარიგება არ დადებულა.
1.3.6. ამდენად, ვინაიდან თანხის მიღების ხელწერილი არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო კოსდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება, არამედ იგი ადასტურებს მხოლოდ მოპასუხის მხრიდან თანხის მიღების ფაქტს, შესაბამისად, ამგვარი ხელწერილი არ შეესაბამება კანონით დადგენილ ზემოხსენებულ წესებს და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს (სწორედ იმ საფუძვლიდან გამომდინარე, რომ არსებობს ე.წ ბეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის ზემოხსენებული წინაპირობები, პალატა სკ-ის 69.3 მუხლის ფარგლებში აღარ აფასებს მოსარჩელის მხრიდან მასზე ხელმოწერის ფაქტს), არამედ, უფრო მეტად საავანსო ანგარიშსწორებას წააგავს.
1.3.7. საკასაციო პალატა მიუბრუნდება იმ უდავო გარემოებას, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. ასეთ ვითარებაში კი, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობაში, კერძოდ, კონდიქციის წესებში უნდა იქნას მოძიებული. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.3.-1.2.5.) საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა განხორციელებადია, რამდენადაც უდავოა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, ხოლო თანხა მოპასუხეს მიღებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის გამოც, ე.წ „ვითომ-კრედიტორი“ ვალდებულია თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების გზით აღადგინოს ის წონასწორობა, რომელსაც მისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამდიდრება და შესაბამისად, კასატორის ქონებრივი დანაკლისი მოჰყვა.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა დაბრუნების საფუძვლები, სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 5 000 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.
2. პროცესის ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ საკასაციო სასამართლო გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები შეადგენს 1 028,56 ლარს. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხსენებული თანხის გადახდა.
2.3. რაც შეეხება ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, მხარეთა მიერ სამართალწარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. თ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.2. შპს „ო.ს.“ (ს/კ #401987...) თ. მ-ძის (პ/#31001...) სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 აშშ დოლარის გადახდა.
2.3. შპს „ო.ს.“ (ს/კ #40198...) თ. მ-ძის (პ/#310010...) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს 1 028,56 ლარის ანაზღაურება.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი