Facebook Twitter

საქმე №ას-277-277-2018 25 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ა-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ მ. ყ. რ-დ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, 2017 წლის 20 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი, კრედიტორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ისა და მ. ყ. რ-დის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, პირველი მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც კასატორი ან სოლიდარული თავდები, ხოლო, მეორე მოპასუხე _ მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის _ 16 190.1 აშშ დოლარის, სარგებლის _ 886.67 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 2 417.92 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება. დავალიანების დაფარვის მიზნით მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა „ჰიუნდაი სანტაფეს“ (სახელმწიფო ნომრით G..., შემდგომში _ გირავნობის საგანი) სარეალიზაციოდ მიქცევა. მოსარჩელის მოთხოვნით, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს მოსარჩელის მოთხოვნას, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 1 ნოემბერს ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, იმავე დღეს ასევე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართი და მსესხებელზე გაიცა სასყიდლიანი კრედიტი _ 2 224,95 აშშ დოლარი 36 თვის ვადით წლიური 18%-ის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც ვადამოსული გადასახდელი თანხის 0,5%-ს შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა ასევე, პირველმა მოპასუხემ წერილობით იკისრა სოლიდარული თავდებობა მსესხებელთან გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ. ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი დავალიანების თაობაზე მოპასუხეებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე შეტყობინება. მსესხებლისათვის შეტყობინების ჩაბარება, მიუხედავად ორჯერ გაგზავნისა, ვერ მოხერხდა, რაც შეეხება სოლიდარულ თავდებს, კორესპონდენცია ჩაიბარა მისი ოჯახის წევრმა, თუმცა, მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, სესხის ხელშეკრულების თარგმანი შესრულებულია მის მიერ, მსესხებელი არის ირანელი, ხოლო, სოლიდარულმა თავდებმა არ იცის ირანული ენა, შესაბამისად, მოპასუხისათვის უცნობია, მსესხებელმა გაიგო თუ არა მისი შინაარსი. ამ მოტივით, მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების ბათილობაზე, რაც მისი უზრუნველყოფის _ თავდებობის ბათილობასაც იწვევს. შესაგებლის თანახმად, სოლიდარული თავდებისათვის უცნობია გირავნობის ხელშეკრულების შინაარსი, რაც შეეხება მოთხოვნას, ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, თანხა უნდა დაეკისროს მსესხებელს და არა სოლიდარულ თავდებს. გარდა ამისა, პირველმა მოპასუხემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა;

2.2. მეორე მოპასუხეს შეტყობინება საქმის წარმოების თაობაზე ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად. მას სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 17 318.56 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მსესხებლის საკუთრებაში არსებული, მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომანქანა. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ბანკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მოქცეულიყო მოპასუხეების სხვა ქონება. ხსენებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ან გირავნობის საგნის რეალიზაცია შეუძლებელია, ბანკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, 2017 წლის 20 მარტის (2017 წლის 9 ოქტომბრის) საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 1 ნოემბერს კრედიტორსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელს გადაეცა სამომხმარებლო კრედიტი 23 980 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის ვადა შეადგენდა 36 თვეს, წლიური 9,9%=-ის დარიცხვის პირობებით. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელს შესაძლოა დაკისრებოდა პირგასამტეხლო, რომლის მოცულობა შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ს შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.2. 2012 წლის 1 ნოემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის გირავნობის ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დაგირავდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომობილი. გარიგებაზე ხელმოწერები მხარეთა მიერ შესრულებულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში;

1.2.3. 2012 წლის 1 ნოემბერს პირველ მოპასუხესა და ბანკს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა კრედიტორის მიმართ 2012 წლის 1 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებაზე;

1.2.4. მსესხებელი სრულყოფილად იცნობდა მისი მონაწილეობით შედგენილი გარიგებების შინაარსს, მსესხებელი ამ გარემოებას არ შეცილებია, ამავდროულად საქმეში წარმოდგენილი ძირითადი გარიგებანი შეიცავენ აღნიშვნას მოპასუხის მშობლიურ ენაზე გარიგების შინაარსის თარგმნის თაობაზე. მეორე მოპასუხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკრედიტო ვალდებულებას ასრულებდა, რაც დამატებით მეტყველებს მისი მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად აღქმის შესახებ;

1.2.5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მიერ დარღვეულია. მოპასუხეთა დავაოლიანება შეადგენს 19 544.69 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნების შემცირების შედეგად შემოიფარგლება 19 494.69 აშშ დოლარით;

1.2.6. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.11 პუნქტის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს კლიენტის სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით“, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, „იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 6 მარტის პასუხის თანახმად (სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება), დაგირავებული ავტომანქანის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ბოლო ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2017 წლის 2 მარტამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „ვალეს“ გავლით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ პირველ მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტები (სკ-ის 867-ე, 895-ე, 463-ე, 464-ე, 465-ე, 417-ე მუხლები, იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.-1.2.5.) საკასაციო წესით შედავებული ვერ იქნება, რამდენადაც თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და წინამდებარე განჩინების მიმართ ამ ფაქტებს სავალდებულო ძალა გააჩნიათ (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტი). რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების დებულებათა განმარტებას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მას და აღნიშნავს, რომ გირავნობის დადების დროს მოქმედი რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დისპოზიციური მოწესრიგების ნორმას წარმოადგენდა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევდა გირავნობის საგნის რეალიზაციით მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი წესისაგან მხარეთა სხვაგვარი შეთანხმების შესაძლებლობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.6.). ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გირავნობის საგნის მესაკუთრემ ავტომანქანა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყვანა, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხე. ვინაიდან ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს, გამართლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაცია დაიშვება, როგორც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ვალდებულების სრულად დაფარვის შეუძლებლობის, ისე _ გირავნობის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში.

1.5. საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა ასევე იმ საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ახალი მტკიცებულება, რომელიც გირავნობის საგნით საზღვრის კვეთას ადასტურებს. პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული განჩინება შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელისათვის ახალი გარემოების შესახებ ცნობილი გახდა საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის დასრულების შემდგომ. ბანკის შუამდგომლობა დასაბუთებულია შემდეგნაირად: ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სწორედ აღსრულების ეტაპზე დადგინდა გირავნობის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობა იმ მოტივით, რომ ნივთი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლის წინაპირობები და სააპელაციო სასამართლომ სწორად დაუშვა ახალი მტკიცებულება. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გ. გ-ას მიერ 26.03.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა-ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ა-ვს (პ/#3100100...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. გ-ას მიერ 26.03.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. კასატორის მოთხოვნა 2017 წლის 20 მარტის (2017 წლის 9 ოქტომბრის) საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი