საქმე № ას-208-2020 27 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ჯ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი. ბ-ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, "კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ჯ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხის 1478,06 აშშ დოლარით შემცირება. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა დარიცხული სარგებლის - 488 აშშ დოლარის გაუქმება, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 627,84 აშშ დოლარის და აღსრულების დაწყებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს, 362,22 აშშ დოლარის გაუქმება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 28.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემცირდა ნოტარიუსის მიერ 05.09.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ძირი თანხა - 6036,97 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 488,00 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 212,06 აშშ დოლარი. გაუქმდა მოსარჩელისთვის გაანსაზღვრული აღსრულების დაწყების საფასური 362,22 აშშ დოლარის ოდენობით. მთლიანობაში სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი თანხის მოცულობა შემცირდა 778 აშშ დოლარით.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხის შემცირება 1100 აშშ დოლარით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 28.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე, ძირი თანხის შემცირების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ 05.09.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხის მოცულობის შემცირება პროცენტის - 488 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 627 აშშ დოლარის და აღსრულების ხარჯების - 362 აშშ დოლარის ნაწილში (ჯამში 1478,06 აშშ დოლარი).
4.2. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა ისეთი მოთხოვნა, რომელიც არ წარმოადგენდა სარჩელის საგანს, კერძოდ, მოითხოვა ძირი თანხის შემცირება 1100 აშშ დოლარით. აპელანტის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში ეთანხმება, მიიჩნევს, რომ იგი სწორია და არ ასაჩივრებს მას.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ვინაიდან, აპელანტის სააპელაციო მოთხოვნა არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას, სსსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის საფუძვლები
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ:
5.1. სასამართლომ საქმის განხილვისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია.
5.2. აპელანტმა მოითხოვა ძირი თანხის შემცირება 1100 აშშ დოლარით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხზე. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა ისეთი მოთხოვნა (ძირი თანხის შემცირება 1100 აშშ დოლარით), რომელიც არ წარმოადგენდა სარჩელის საგანს და ამდენად, არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი.
9. სსსკ-ის 364-ე მუხლით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ობიექტია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც წარდგენილ სარჩელზეა მიღებული.
ამავე კოდექსის 381-ე მუხლი კი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობა ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, სასამართლო კი, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 377-ე მუხლი) (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-1318-1244-2012, 15.10.2012; საქმეზე №ას-462-444-2016, 07.07.2016).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელით მოსარჩელე არ ითხოვდა ძირი თანხის შემცირებას. მოსარჩელის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმებოდა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ძირ თანხას და ითხოვდა პირგასამტეხლოს, პროცენტის და აღსრულების ხარჯების გაუქმებას (იხ.: სარჩელი, ს.ფ.2-15; 21.05.2019წ. სხდომის ოქმი, 14:34:47-14:35:50).
ახალი სასარჩელო მოთხოვნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაყენება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 381-ე მუხლს და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი