Facebook Twitter

№ ას-1267-2018 13 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. ჩ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ. ფ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „პ. ფ.“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქეთევან ჩიტაიას (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ, მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ჯ. ქ. №... (ს/კ: №04.02….) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, სადავო უძრავი ქონებიდან მოპასუხის გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას;

2.2. მოპასუხეს ჩაბარდა შეტყობინება სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, სადავო უძრავი ქონებიდან მოპასუხის გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის გადაცემა. მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ ეცნობა პროცესის დროისა და ადგილის შესახებ. სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი იყო, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და მიუთითა, რომ შესაგებლით მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც წარმოადგენდა აღიარებას, რომელსაც შეიძლება დამყარებოდა სასამართლო გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. მოპასუხე, როგორც ყოფილი მესაკუთრე, არამართლზომიერად ფლობდა მას და, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩაბარდა მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების გამონთავისუფლების შესახებ, იგი ნებაყოფლობით არ ასრულებდა აღნიშნულ მოქმედებას.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, შესაბამისად, მას ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდა.

10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოებები, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების წინარე მესაკუთრე, მძიმე ავადმყოფი, პენსიონერი, არავინ ჰყავს მზრუნველი, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და გამოსახლების შემთხვევაში დარჩება უსახლკაროდ და რომ ზემოაღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა მესაკუთრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლით და მიუთითა: ის გარემოება, რომ მოპასუხე იყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა აღნიშნულ ქონებას, არ წარმოადგენდა ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს.

11. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პრეტენზია, რომ მან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას არ იცოდა რას აწერდა ხელს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების შემოწმება სცილდებოდა განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლება შეგებებული სამოქალაქო სარჩელით შედავებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ცნო სარჩელში მითითებული ყველა გარემოება.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლითა და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიუთითა, რომ ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს მხარეთა სრული თავისუფლება, მოსარჩელემ უარი თქვას თავის სასარჩელო მოთხოვნაზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის სათანადო რწმუნებით აღჭურვილმა პირმა ცნო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელი, უპირობოდ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოებები, რომ მოპასუხეს სადავო უძრავი ქონების გარდა სხვა თავშესაფარი არ გააჩნია, იგი არის მძიმე ავადმყოფი და მზრუნველი არავინ ჰყავს. გარდა ამისა, სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოურკვევია ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები;

14.2. იმ პერიოდში, როდესაც დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოპასუხეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა რა დოკუმენტს აწერდა ხელს;

14.3. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოსარჩელემ თავიდანვე ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები, რითაც ზიანი მიადგათ მოპასუხესა და მისი ოჯახის წევრებს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

23. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

24. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მის მიერ წარდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რომელსაც არამართლზომიერად ფლობდა მოპასუხე.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

27. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებები წინამდებარე განჩინების 14.1. პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ვერ ადასტურებს მოპასუხისა და მისი ოჯახის მიერ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს. შესაბამისად, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა.

28. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის არც ის შედავება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების პერიოდში, მოპასუხეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა რა დოკუმენტს აწერდა ხელს.

29. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს, სადაც უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია, ხოლო თუ კასატორი სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებას არ ეთანხმება, მას შეეძლო აღნიშნული სადავოდ გაეხადა სარჩელით ან შეგებებული სარჩელით, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით.

30. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებით ბოროტად სარგებლობად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის უპირატესი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე წარმოადგენს ნივთის უკანონო მფლობელს, მოსარჩელის მოთხოვნა, გამოითხოვოს მოპასუხის მფლობელობიდან ნივთი და თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი ქონებით, ვერ იქნება მიჩნეული უფლების ბოროტად გამოყენებად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ქ. ჩ-ას (პ/ნ: 42001101...) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 9 ოქტომბერს №18230983 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე