Facebook Twitter

№ას-1615-2018 13 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ა-ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. მ-ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ა-ნის (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 11 იანვარი) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს საოქმო განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბერს მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 11 იანვარი) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

7. საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ამავე სხდომაზე მოპასუხეს განესაზღვრა ვადა შეგებებული სარჩელის წარსადგენად;

9.2. სასამართლოს მომდევნო მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 24 ოქტომბერს, 13:30 საათზე. მხარეებს სასამართლოს სხდომის თაობაზე ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე დროს, განემარტათ სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები. მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შეგებებული სარჩელი წარუდგენია;

9.3. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე (რომელსაც სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით) მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს საერთოდ არ უთითებდა. მისი პრეტენზია მხოლოდ იმ გარემოებას ეყრდნობოდა, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა დავა სხვა საქმის (მამობის დადგენის შესახებ) განხილვამდე.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი (მოპასუხე) არ უთითებდა ისეთ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც შესაძლოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნეულიყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო უცვლელად.

12. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა დავა სხვა საქმის (მამობის დადგენის შესახებ) განხილვა-გადაწყვეტამდე. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ არ ეთანხმება სააქტო ჩანაწერს ბავშვის მამად მისი მონაცემის მითითების ნაწილში. თუმცა, ვინაიდან მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალა, რომლის თანახმად, დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად სწორედ მოპასუხე იყო მითითებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ზემოაღნიშნულ გარემოებაზე დავობდა პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის დროსაც, რის გამოც სასამართლომ მას განუსაზღვრა ვადა შეგებებული სარჩელის წარსადგენად სარჩელთან ერთად მისი განხილვის მიზნით. თუმცა მოპასუხეს შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია და არც თავად გამოცხადდა მომდევნო სხდომაზე, რასაც მოჰყვა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე სააპელაციო ინსტანციაშიც შუამდგომლობდა საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო მის მიერ აღძრული სამოქალაქო საქმე მამობის დადგენის თაობაზე, რომლის დაკმაყოფილებაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული, რადგან სააპელაციო საჩივარზე დართული მასალებით არ დასტურდებოდა ზემოაღნიშნული გარემოება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვოდა მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ მამობის დადგენის შესახებ, რომელიც, როგორც სააპელაციო საჩივარი, შედგენილი იყო 2017 წლის 18 დეკემბერს. თუმცა სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარემ ეს სარჩელი წარადგინა სასამართლოში. ამავე დროს, სააპელაციო საჩივარს ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინება მოპასუხის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის საქმეების განხილვის ყოველგვარი გაჭიანურება ხელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

15. სააპელაციო პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებული იყო მოპასუხის სახელი და გვარი, ქმნიდა პრეზუმფციას, რომ ეს უკანასკნელი იყო ბავშვის მამა. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაბადების მოწმობაში მოპასუხე მითითებული იყო ნებაყოფლობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მისი მონაცემები დაბადების მოწმობაში მიეთითა მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე.

16. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ თუკი მამობის დადგენის თაობაზე მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, იგი შეძლებდა აღეძრა დამოუკიდებელი სარჩელი მისი დარღვეული უფლებების დასაცავად და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. ამგვარად, დაცული იქნებოდა როგორც მისი ინტერესები, ასევე − მცირეწლოვანი ბავშვის უფლებებიც.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

18. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. საქმეში არ დევს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი დადგენილია საქმის მასალებით. მოპასუხისათვის უცნობი იყო სხდომის ჩატარების დრო;

18.2. მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.

19. კასატორი შუამდგომლობს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მის სარჩელზე (მამობის დადგენის თაობაზე) გადაწყვეტილების მიღებამდე. კასატორის მითითებით, აღნიშნულ საქმეებს შორის არსებობს კავშირი. კერძოდ, ისინი გამომდინარეობენ ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხესა და არასრულწლოვანს შორის ნათესაური (ბიოლოგიური) კავშირი როგორც მამასა და შვილს შორის (აღნიშნული გამომდინარეობს როგორც არასრულწლოვნის, ასევე მოპასუხის ინტერესებიდან), რაც გავლენას მოახდენს განსახილველი დავის ბედზე. ამგვარად, ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევას.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

27. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

28. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

29. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

30. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს, 13:30 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. თუმცა მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

31. დადგენილია ასევე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე არ მიუთითებია. ამგვარად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

33. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს დანიშნული სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. კასატორის მითითებით, მისთვის უცნობი იყო სხდომის ჩატარების დრო.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარში იმ გარემოებაზე არ მიუთითებია, რომ იგი საქმის განხილვაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა (იხ. ტ.1. ს.ფ. 154-164). შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გამხდარა. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვისას მოპასუხის მიერ დასახელებულ ახალ გარემოებას ვერ შეაფასებს.

35. რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

36. კასატორი საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მოპასუხის სარჩელზე (მამობის დადგენის თაობაზე) გადაწყვეტილების მიღებამდე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რადგან არ დგინდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამობის დადგენის თაობაზე მოპასუხის სარჩელის წარმოებაში მიღების ფაქტი.

38. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება არ დგინდებოდა არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა.

39. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ა-ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორის, დ. ა-ნის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

3. კასატორ დ. ა-ნს (პ/ნ: 010110...) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 ნოემბერს №18635361 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე