Facebook Twitter

საქმე № ას-1795-2019 27 აპრილი , 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ზ.“, ი/მ ა. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი, ლ. ხ-ვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-ის და ლ. ხ-ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, „მოსარჩელეები“) სარჩელი შპს „ზ.“ და ინდივიდუალური მეწარმე ა. ხ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, „მოპასუხეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს დაევალა პირველი მოსარჩელისთვის გადაეცა 5 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმლის მასალა, ხოლო მეორე მოპასუხეს დაევალა მეორე მოსარჩელისთვის გადაეცა ახალი ფოტოაპარატი „ქენონ 7დ მარკ 2“ (ღირებულება 5 000 ლარი). დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2019წ. განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 12.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 22.05.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.04.2019წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 22.05.2019წ. განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების წარმომადგენელი ესწრებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2019წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა მას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მის მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 22.06.2019წ. და ამოიწურა 05.07.2019წ.. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 29.07.2019წ., დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ მასზე, რომ მოპასუხეების წინააღმდეგ მიღებული განჩინება მომზადდა დაგვიანებით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის საფუძველი. სასამართლო საქმეს იხილავდა ერთი სასარჩელო წარმოების ფარგლებში, სარჩელი წარდგენილი იყო სულ ოთხი პირის წინააღმდეგ და შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება მოამზადა არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

9. სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხეები (აპელანტები) არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტებს.

11. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. 31.01.2019წ., საქმეზე №ას-873-2018). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე #ას-1161-1106-2014). სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

12. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

13. საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივარშია საწინააღმდეგო მითითებული, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (იხ.: რწმუნებულება, ს.ფ. 130-132), ესწრებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2019წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ს.ფ.162-164). 22.05.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებს და წარმომადგენლებს განემარტათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა (ს.ფ.163,164). მოპასუხეებს ან/და მათ წარმომადგენელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 22.06.2019წ. და ამოიწურა 05.07.2019წ..

14. რაც შეეხება დასაბუთებული განჩინების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებას (სუსგ. 09.12.2013წ., საქმეზე #ას-1040-994-2013; სუსგ 30.10.2019წ., საქმეზე # ას-1063-2019 ).

15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 29.07.2019წ. წარადგინეს. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზ.“ და ი/მ ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი