საქმე № ას-1795-2019 27 აპრილი , 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი/მ მ. ჩ-ძე, ი/მ ნ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი, ლ. ხ-ვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2019წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის და ლ. ხ-ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“ და „მეორე მოსარჩელე“, „მოსარჩელეები“) სარჩელი ი/მ მ. ჩ-ძის და ი/მ ნ. ს-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, „მოპასუხეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს დაეკისრა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ახალი მობილური ტელეფონის „აიფონ 6“-ის გადაცემა. მეორე მოპასუხეს დაეკისრა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ მობილური ტელეფონის „აიფონ 6“-ის გადაცემა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლზე (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს), ასევე ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ბ) ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით) და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს დაეკისრათ ორი მობილური ტელეფონის, „აიფონ 6“-ის გადაცემა, რომელთა ჯამური საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა 1550 ლარს (800+750) და ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას დავის საგნის ღირებულების თვალსაზრისით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების წარმომადგენელმა. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგს: მხრეთა შორის არ მიმდინარეობს ფულადი დავა, აღძრულია მიკუთვნებითი და ვინდიკაციური სარჩელი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეები ითხოვენ მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას და მათთვის გადაცემას. გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეაფასა სასამართლომ დავის საგნის ღირებულება და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის სტანდარტს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
7. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქვევის შემდეგ წესს:
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ.: ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017; სუსგ. 21.11.2019წ., საქმეზე №ას-1305-2019). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ 14.07.2017წ., საქმეზე №ას-692-646-2017; სუსგ 22.06.2018წ., საქმეზე №ას- 533-533-2018).
სსსკ ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
განსახილველ საქმეში სარჩელის საგანია მოსარჩელეებისთვის 750 და 800 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონების გადაცემა, რომელთა შეძენის მიზნით ბანკმა მოპასუხეებს, მოსარჩელეებთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, გადაურიცხა თანხა. მოსარჩელთა განმარტებით, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულების პირობა და მათ არ გადასცეს ნასყიდობის საგანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს დაეკისრათ მობილური ტელეფონების გადაცემა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მობილური ტელეფონების ჯამური საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1550 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა თანამონაწილეობის საფუძველი ფაკულტატურია და არა სავალდებულო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ამდენად, კანონმდებელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა თანამონაწილეობის სახეები: სავალდებულო და ფაკულტატური თანამონაწილეობა. მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ურთიერთობისას სარჩელის საგანს უნდა წარმოადგენდეს საერთო უფლება (სავალდებულო თანამონაწილეობა), ასეთ დროს საქმის განხილვა ამ უფლების ყველა ადრესატის მონაწილეობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. რაც შეეხება აღნიშნული ნორმის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამონაწილეობას, აღნიშნული განიხილება არასავალდებულო, ფაკულტატურ თანამონაწილეობად, რა დროსაც პირთა სიმრავლე განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის საერთო საფუძვლიდან ან მათი ერთგვაროვნებიდან და ემსახურება საპროცესო ეკონომიის მიზანს (სუსგ 02.07.2012წ., საქმეზე №ას-751-705-2012). საქმეში გვყავს ორი მოსარჩელე, ორი მოპასუხე და თითოეულ მოსარჩელეს აღძრული აქვს ინდივიდუალური მოთხოვნა ინდივიდუალური მოპასუხის მიმართ, ანუ სახეზეა ფაკულტატური თანამონაწილეობა. მოსარჩელეებს დამოუკიდებლადაც შეეძლოთ სარჩელის აღძვრა და გადაწყვეტილების თითოეული მოპასუხის მიმართ მიღება არანაირ გავლენას არ მოახდენდა სხვა პირის უფლებებსა და ინტერესებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ დავის საგნის ღირებულება თითოეული თანამონაწილის მიმართ დამოუკიდებლად უნდა განისაზღვროს. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, არათუ თითოეული ტელეფონის ღირებულება (ს.ფ.31, 49), არამედ მათი ჯამური ფასიც კი არ აღემატება 2000 ლარს, ანუ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
9. კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) პრეტენზიას აცხადებენ მასზე, რომ დავის საგნის ღირებულება შეფასდა ფულადი ფორმით. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე თუ უფლებებზე, საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (სუსგ 26.11.2012წ., საქმეზე №ას-1384-1306-2012; სუსგ 28.02.2018წ., საქმეზე №ას-30-30-2018). განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოძრავი ნივთის გადაცემის მოთხოვნით. აპელანტის მოთხოვნას, გაუქმდეს გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდეს სარჩელი მოძრავი ნივთის გადაცემის (ხელშეკრულების შესრულების) თაობაზე, საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით დავის საგნის ღირებულება მართებულად განისაზღვრა სადავო მოძრავი ნივთების ღირებულებით და სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ მ. ჩ-ძის და ი/მ ნ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი