Facebook Twitter

საქმე №ას-42-2020 17 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,კ.’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს ,,კ.’’ (შემდგომ - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ძისა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ. შ-ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი) მიმართ თანხის დაკისრებისა და ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,კ.’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 7 დღიანი ვადა და აპელანტებს კანონით დადგენილი წესით განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით აღნიშნული ვადა აპელანტების თხოვნით გაგრძელდა 15 დღით.

7. ხსენებული განჩინების ასლი, პირველ აპელანტს ჩაბარდა 2019 წლის 22 ივლისს, ხოლო მეორე აპელანტს - იმავე წლის 1 აგვისტოს (ტ.1, ს.ფ. 165, 167).

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე და 73-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტებს 2019 წლის 22 ივლისის განჩინება ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუსვიათ.

9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 60-61-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არ არის იურისტი. დავას სასამართლოში აწარმოებდა ადვოკატი, რომელმაც სააპელაციო საჩივარი მოამზადა.

12. ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 13 მაისის განჩინება როდესაც ჩაბარდა, ვერ გაიგო, თუ რას სთხოვდა სასამართლო და განჩინება საკუთარ ადვოკატს მიუტანა, რომელმაც უთხრა, რომ ეს არაფერს ნიშნავდა და ყურადღება არ მიექცია.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, როდესაც უკვე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა, სხვა ადვოკატს აჩვენა და აღმოაჩინა, რომ ადვოკატი ატყუებდა, როცა ეუბნებოდა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო. ადვოკატს სახელმწიფო ბაჟის თანხა აღებული ჰქონდა, თუმცა გაირკვა, რომ მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები.

18. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში განესაზღვრათ დავის საგნის ღირებულება და სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ: ა) სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით. ამასთან, დადგენილია, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტებმა მიმართეს სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის 15 დღით გაგრძელება მოითხოვეს, რაც 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა.

20. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობას იმით ხსნის, რომ არ არის იურისტი და ვერ გაიგო რას ითხოვდა სასამართლო მისგან. ამასთან, მიენდო ადვოკატს, რომელმაც განუმარტა, რომ განჩინება არაფერს ნიშნავდა და ყურადღება არ მიექცია მისთვის.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მომჩივანის აღნიშნული არგუმენტები უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის კანონისმიერ საფუველს, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს საპროცესო ვალდებულების არამხოლოდ შესრულების, არამედ მისი დადგენილ ვადაში შესრულების მოვალეობისაგან.

22. პალატა განმარტავს, ის, რომ მოპასუხეს იურიდიული განათლება არ აქვს, ხარვეზის შეუვსებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს ვერ ცვლის გამომდინარე იქიდან, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები ყველასათვის სავალდებულო და საერთოა.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით (რომლითაც აპელანტმა შეიტყო, რომ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი), აპელანტს განემარტა, დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის არამხოლოდ გადახდის, არამედ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სახით სასამართლოში წარდგენის ვალდებულება და დრო, რომლის განმავლობაში ეს საპროცესო მოვალეობა უნდა შესრულებულიყო.

24. საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, რაც არ მოითხოვს აპელანტის მხრიდან საქმის წარმოების განსაკუთრებული, პროფესიული უნარ-ჩვევების ქონას.

25. კერძო საჩივრის ავტორი წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან, როცა აღნიშნავს, რომ არ იცოდა რას ითხოვდა სასამართლოს მისგან, მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა უშუალოდ აპელანტმა. ფაქტია ისიც, რომ მან საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გარკვეული მიზეზების გამო, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ასწრებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდასა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენას (ტ. 1, ს.ფ. 153).

26. უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებს, რომ მისთვის გაურკვეველი იყო სასამართლოს მოთხოვნები, ხოლო მეორე შემთხვევაში, აღნიშნავს, რომ მას ადვოკატისათვის გადაცემული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის თანხა. აღნიშნული კი, კერძო საჩივრის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.

27. კერძო სასჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ადვოკატის ბრალეულობაზე მხარის მითითება.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

29. კანონის აღნიშნული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს მხარეს საქმის განხილვაში საკუთარი მონაწილეობა უზრუნველყოს წარმომადგენლის მეშვეობით, თუმცა ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობაც მხარეს ეკისრება.

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ მარწმუნებელსა და მის წარმომადგენელს შორის ურთიერთობა მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება და, მით უფრო, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება.

31. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ აპელანტი საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რაც საფუძველს აცლის კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

32. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და ამას არც აპელანტი უარყოფს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

33. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

34. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო 2019 წლის 23 ივლისიდან და ამოიწურა 6 აგვისტოს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

35. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

36. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე’’ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ,,სასამართლო ხელმისაწვდომობის’’ უფლების ხელყოფად.

38. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

39. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე