Facebook Twitter

№ას-954-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ.-ქ. ს. ე.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „S. T. t. G.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გაჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2010 წლის 14 დეკემბერს შპს „S. T. t. G.-სა“ (შემდეგში -მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) და შპს „ბ.-ქ. ს. ე.“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ეტაპობრივად, 468 549.45 აშშ დოლარის საქონელი გადასცა.

2. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხეს, წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით უნდა გადაეხადა 41 396 აშშ დოლარი, ხოლო ასანაზღაურებელი თანხის დარჩენილი ნაწილი (90%), 372 564 აშშ დოლარი, საქონლის გადმოტვირთვისა და გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ბანკში დოკუმენტაციის გაგზავნიდან, 90 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადახდილიყო (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ 29-43, ტ.1).

3. მყიდველმა გამყიდველს აუნაზღაურა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი, 43 465.80 აშშ დოლარი.

4. 2015 წლის 2 ნოემბერს გამყიდველმა მყიდველის წინააღმდეგ 451 470.83 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელის მტკიცებით, 2011 წლის მაისიდან 2011 წლის ოქტომბრამდე მოპასუხეს ექვს პარტიად მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი საქონელი, თუმცა მყიდველს, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულება არ აუნაზღაურებია.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი და შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენით უარყო მისი საფუძვლიანობა. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმული იყო, ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, მიწოდებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი წუნდებული და უხარისხო იყო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, 425 083.65 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

6.1. სასამართლოს განსჯით, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის, 425 083.65 აშშ დოლარის, ანაზღაურების ვალდებულება.

6.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივმა ნაკლმა განაპირობა, სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, მოპასუხეს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად უტყუარი და სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 18 დეკემბრის დასკვნა და პროდუქციის ამოღებისა და განადგურების ოქმები უცილოდ ვერ ადასტურებდა მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს, წუნს.

6.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც. მოპასუხის წერილებით, დგინდებოდა, რომ იგი აღიარებდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას და 2012 წლის 31 ოქტომბრამდე იღებდა მისი გადახდის ვალდებულებას.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

7.1. სააპელაციო საჩივარი, არსებითად შესაგებელში მითითებულ გარემოებებს დაეფუძნა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - 425 083.65 აშშ დოლარი.

8.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია წუნდებული და უხარისხო პროდუქციის მიწოდების თაობაზე და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა. ამასთან, მყიდველი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში და წინდახედულობის სტანდარტი უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაარღვია, რაც, როგორც მეწარმე სუბიექტის ნივთის შემოწმების ვალდებულების დარღვევაში, ისე შემოწმების შემდეგ პრეტენზიის წარუდგენლობაში გამოიხატა.

8.3. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კონტექსტში პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

9.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი წუნდებული პროდუქციის მიწოდებისა და დავალიანების ოდენობის შესახებ და ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისას არასწორად გაითვალისწინა მყიდველის მიერ ბანკის მიმართ მიწერილი წერილი, რომელიც აპელანტის მოთხოვნის არსებობის აღიარებად შეაფასა. კასატორის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ უშუალოდ კრედიტორის მიმართ მოთხოვნის აღიარების შემთხვევაში წყდება და არა სხვა პირის მიმართ, ფინანსთა სამინისტროსადმი მიმართვასაც არ უნდა გამოეწვია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა. კასატორის განმარტებით, არცერთმა ინსტანციის სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მხარეთა ელექტრონულ მიმოწერას, რომლის მიხედვით მოსარჩელე არათუ თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, არამედ მზად იყო უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზეც.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.

14.1. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის, ერთი მხრივ, ნასყიდობის საგნის ხარისხს და წუნდებული პროდუქციის/ნაკლიანი ნივთის მიწოდებაზე აპელირებს (რაც თავის მხრივ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, მოპასუხეს ფასის შემცირების ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლებას ანიჭებს), ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევს, ვინაიდან, ხელშეკრულების პირობების თანახმად, მას მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგნის საზღაური სრულად უნდა დაეფარა 2011 წლის 8 დეკემბრამდე, ხოლო სარჩელი აღძრულია 2015 წლის 2 ნოემბერს, ანუ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ ურთიერთ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღძვრის ათვლის წერტილის გამორკვევა წარმოადგენს.

14.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. გამყიდველის ვალდებულებას კასატორისათვის მიეწოდებინა შეთანხმებული საქონელი უპირისპირდებოდა მყიდველის ვალდებულება აენაზღაურებინა მიწოდებული საქონლის საფასური. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კასატორმა მოსარჩელისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო შეთანხმებული პროდუქცია, რაც როგორც აღინიშნა გამყიდველს მყიდველის მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს. საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო, ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, მართალია, აპელირებს წუნდებული პროდუქციის მიღებაზე, რომელიც უვარგისი იყო სარეალიზაციოდ, თუმცა მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კრედიტორის მხრიდან ნაკლიან შესრულებაზე. მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის ნიშანდობლივია ისიც, რომ მყიდველი, რომელიც ამავდროულად სამედიცინო პრეპარატების რეალიზაციით დაკავებული მეწარმე სუბიექტი იყო და მას როგორც სპეციფიკურ სფეროში მოღვაწე სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა გამოევლინა წამლის ვიზუალური დეფექტი ან/და გულისხმიერებისა და წინადახედულობის ფარგლებში ნასყიდობის საგნის მიღებისას შეემოწმებინა მისი ვარგისიანობა, შესყიდული პროდუქციის ნაკლოვანების თაობაზე პრეტენზია არ განუცხადებია საქონლის შეძენიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, უფრო მეტიც, ბანკის მიმართ მიმოწერაში მხოლოდ შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის გადავადების თაობაზე კრედიტორის ინფორმირებით შემოიფარგლა, რაც კრედიტორის მიერ მისთვის უნაკლო პროდუქციის მიწოდების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, წუნდებული პროდუქციის მიწოდების ვარაუდს აქარწყლებს (მყიდველი, რომელმაც ნაკლიანი შესრულება მიიღო, არასარწმუნოა, კრედიტორს, პრეტენზიის წაყენების ნაცვლად, შესყიდული პროდუქტის ღირებულებით ანაზღაურებას დაჰპირდეს.) ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლზე მითითებით, პალატა განმარტავს, რომ კასატორმა, რომელსაც კანონმდებელმა დააკისრა ნაკლის დაუყოვნებლივ გამოვლენისა და ამ ფაქტის თაობაზე პრეტენზიის გაცხადების ვალდებულება, დაკარგა შესყიდული პროდუქციის ნაკლზე შედავების უფლება, ვინაიდან მოპასუხეს ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზია არ გამოუხატავს სსკ-ის 495-ე მუხლის მოთხოვნათა წესის დაცვით, შემძენი მეწარმე სუბიექტისათვის განსაზღვრულ ლიმიტირებულ ვადაში.

საბოლოოდ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა გამყიდველის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რისი გათვალისწინებითაც შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - 425 083.65 აშშ დოლარი.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ კასატორის პრეტენზიაზე, კერძოდ, კასატორი უთითებს, რომ ბანკის მიმართ მიმოწერაში მყიდველის მიერ ვალის აღიარება, ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად, ვინაიდან, ასეთი აღიარება მიმართული უნდა იყოს უშუალოდ კრედიტორის და არა მესამე პირის მიმართ. საკასაციო პალატა, მართალია, იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოვალემ ვალი კრედიტორის მიმართ უნდა აღიაროს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არასწორად განმარტავს ბანკის მიმართ მისი მიწერილობების სამართლებრივ მნიშვნელობას. კერძოდ, ბანკისთვის მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილები მოწმობს, რომ მოპასუხე ბანკის მეშვეობით უგზავნიდა საკუთარ წერილებს მოსარჩელეს და ამავე ბანკის დახმარებით იღებდა მისგან პასუხებს, შესაბამისად, მოპასუხის მიმოწერა ბანკთან იმის თაობაზე, რომ ის სახელშეკრულებო ვალდებულებას ამათუ იმ თარიღში შეასრულებდა ადასტურებს სწორედ იმას, რომ მოპასუხემ ვალის აღიარების წერილები გაუგზავნა მოსარჩელეს, ვინაიდან მოპასუხის ვალდებულების კრედიტორს არა ბანკი, არამედ მოსარჩელე წარმოადგენდა. შესაბამისად, მოვალემ სწორედ კრედიტორის წინაშე აღიარა ვალის არსებობა და ბოლო წერილით სახელშეკრულებო ვაკლდებულების შესრულება 2012 წლის 31 ოქტომბრამდე იკისრა. ამ საკვანძო საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოიხმოს სსკ-ის 137-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას. პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამდენად, სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის დარჩენილი საფასურის – 425 083.65 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2012 წლის 31 ოქტომბერს და 2015 წლის 2 ნოემბერს (31 ოქტომბერი იყო შაბათი და 1-ლი ნოემბერი კვირა) ამოიწურა, სარჩელი კი, აღძრულია 2015 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სამართლებრივად უსაფუძვლოა.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ. სუსგ; #ას-389-373-2016, 28.06.2016; #ას-576-551-2016, 22.09.2016წ) .

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 30%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ კასატორს ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30%-ის - 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.-ქ. ს. ე.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ.-ქ. ს. ე.“ (40194...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30%-ის - 2400 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი