Facebook Twitter

№ას-1042-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ. კ-ვა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ტყიბულის მუნიციპალიტეტი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) #38 განკარგულებით, დაფუძნდა ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის „მ. ქ.“ სახელობის ხელოვნების სკოლა, ... (...) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მ. კ-ვა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) დაინიშნა (იხ. განკარგულება ს.ფ.159. ტ.1).

2. 2016 წლის 20 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარდა ხელოვნების სკოლის 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის გეგმური აუდიტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხელოვნების სკოლა მნიშვნელოვანი დარღვევებით ფუნქციონირებდა, სახელდობრ:

2.1. სკოლაში არ იყო შემუშავებული კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ფინანსური და არაფინანსური აქტივების ეფექტურ და გამჭირვალე ხარჯვას;

2.2. დაწესებულებაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება არ იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისი: არ უწარმოებიათ სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა; არ იყო თითოეული ანგარიშისთვის გახსნილი მემორიალური ორდერი; გაუხსნელია მაგროვებელი უწყისები; არ შედგენილა ბრუნვათა უწყისი; საერთოდ არ გამოიყენებოდა ბუღალტრული აღრიცხვის აღნიშნული ანგარიშთა გეგმა; არ ადგენდნენ ბალანსს.

2.3. საბიუჯეტო წლის ბოლო ინვენტარიზაციები არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნებს. არ აღრიცხულა ფულადი და მატერიალური რესურსი (ნაღდი ფული ისე შემოდიოდა, რომ არ აისახებოდა ბუღალტრულ ჩანაწერებში. ფულის შემოსვლა პირველადი დოკუმენტებით არ ფორმდებოდა და დღის ბოლოს არსებული ნაშთი არ ფიქსირდებოდა. ნაღდი ფულის სახით შემოსული სწავლის გადასახადი არ ტარდებოდა სალაროს ანგარიშზე, შესაბამისად, არც სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერები იწერებოდა).

2.4. უგულებელყოფილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის N49 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები. წლის ბიუჯეტი არ იყო შეთანხმებული არც საკრებულოსა და არც გამგებელთან, შესაბამისად, არც სკოლის დირექტორის მიერ არ იყო დამტკიცებული და თითქმის ყოველთვიურად იცვლებოდა. შესყიდვების წლიური გეგმა არ იცვლებოდა ბიუჯეტის შესაბამისად.

2.5. 2015 წლის სექტემბრიიდან სკოლის ადმინისტრაციამ თვითნებურად გაზარდა ყველა სპეციალობაზე პირველკლასელთათვის სწავლის გადასახადი 70 ლარამდე, რაც სკოლის წესდების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. არც სკოლის დირექტორს არ გამოუცია სწავლის ღირებულების გაზრდის შესახებ სამართლებრივი აქტი.

2.6. ცალკეულ შემთხვევაში, სკოლაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა დოკუმენტების გაფორმების სიზუსტეს, არ გამოიცემოდა სამართლებრივი აქტები (იხ. აუდიტორული ანგარიში, ს.ფ. 137, ტ.1).

3. გამგებლის 2016 წლის 21 ივნისის #47/430 ბრძანებით, ხელოვნების სკოლაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი აუდიტორული ანგარიშის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54.1 „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61.3 „ა“ პუნქტის, 1061.13 ნაწილისა და სკოლის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (შემდეგში - სადავო ბრძანება), (იხ. ბრძანება, ს.ფ. 38, ტ.1).

4. 2016 წლის 18 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, სადავო ბრძანებაში მტკიცებულებად დასახელებული დასკვნა, მისი გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება, იგი არ განეკუთნება იმ პირთა წრეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის შესაბამის დანაწესზე მითითებით შეიძლება, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. წესდება გამგებელს მხოლოდ გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს, გათავისუფლების საფუძვლად კი, შრომის კოდექსი გამოიყენება. მისი მითითებით, თანამდებობიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლდა.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სადავო ბრძანება, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშს ეფუძნება, მასში ასახულია ის დარღვევები და გადაცდომები, რაც მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

8.1. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და, დავის საგანთან მიმართებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი კვლევის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ სკოლაში აღმოჩენილი დარღვევის სახე და მაშტაბები ... მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, რაც მუნიციპალიტეტს აპელანტთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს უქმნიდა.

8.2. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა და მოპასუხეს მისი მოშლის შესაძლებლობა არ შეზღუდვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა აუდიტის დასკვნაში მითითებული საფუძვლების გარეშეც შესაძლებელი იყო.

8.3. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და, სსსკ-ის 3633 მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული ქმედების ამსახველი არცერთი ფაქტი და არც მათი დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს/აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

9. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. კასატორის მტკიცებით, სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძველი არასწორადაა მითითებული, იგი არ განეკუთნება იმ პირთა წრეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის შესაბამის დანაწესზე მითითებით შეიძლება, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. წესდება გამგებელს მხოლოდ გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს, დათხოვნის საფუძვლად კი, შრომის კოდექსი გამოიყენება.

9.2. კასატორის მითითებით, სადავო ბრძანებაში მითითებული დასკვნა, თანამდებობიდან მისი კანონიერად გათავისუფლების საფუძველად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან დასახელებულ ფაქტზე ... პასუხისმგებლობა არ იკვეთება და იგი ბუღალტრის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, დამსახურებული პედაგოგია, ტყიბულის სამუსიკო სკოლა მუშაობის ათეულ წლებს ითვლის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად კოლექტივმა წარადგინა საკრებულოში და გამოუცხადა ნდობა.

9.3. კასატორის მტკიცებით, დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, რაც მოწმეთა ჩვენებით დასტურდებოდა.

9.4. კასატორის განმარტებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ამ შემთხვევაში ზოგადი ხასიათის ცნებაა, რადგან ... თანამდებობაზე მუშაობდა სამი წელი და შრომის შედეგად იღებდა ხელფასს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით სწორად უნდა შეფასდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, რამდენადაც საკითხი შეეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობიდან განთავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, უპირველესად, უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა და ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას - წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია, ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სსკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობისაა და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.

17. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს ... დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე განწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს ... დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი ... დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და, შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების აღსრულების საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება ... უფლებამოსილი, განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე განწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და ... შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რაზედაც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.

19. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით, ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის ... თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის .... დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება, სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე, მომსახურების გამწევი, ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე, გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მისი ლეგალური დეფინიცია მოცემულია შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილში და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის .... დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და „მეწარმეთა შესახებ“ სპეციალური კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს ... დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებშიც, არაერთი მსგავსებაა, კერძოდ:

21. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით, სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

22. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ... მიმართ არსებობს მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნეს მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით (იხ. სუსგ. #ას-302-287-2016, 1507.2016 წ; #ას-101-97-2016, 15.07.016 წ). მოცემულ შემთხვევაში, არც მხარეებს მიუთითებიათ და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც განსხვავებულად მოწესრიგდა დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.

22. კასატორის მსჯელობას, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს დისკრიმინაციული ნიშნებიდან გამომდინარე დავებს და, ამავდროულად, თანხვდენილია რა მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად სტანდარტთანაც, იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შორის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის ეფექტურ განხილვასა და სამართლიან გადაწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო. დისკრიმინაცია არის განსაზღვრული ფაქტებისა და ცდომილებების შეფასება, რომელთა მტკიცებაც ეკისრება მის მიმთითებელ მხარეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს, მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს გამოაცლის (შდრ: სუსგ. ას-908-948-2011, 10.10.2011წ.).

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-225-214-2017, 16.06.2017წ;).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. კ-ვას (4100101...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.07.2018) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი