საქმე №ას-1265-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ლ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ს. ხ. მ. ს. უ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 29 მარტს ლ. კაპანაძემ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „ს. ხ. მ. ს. უ.“ (შემდეგში - მოპასუხე) წინააღმდეგ გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გადაცემის დავალების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი აპელანტის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მისი წარმომადგენელი - ლ. ფ-ძე (შემდეგში - წარმომადგენელი), რომელსაც განემარტა, რომ მინდობილობის წარდგენის მიუხედავად, მისი მონაწილეობით საქმე ვერ განიხილებოდა, რამდენადაც ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს არ წარმოადგენდა. სასამართლომ წარმომადგენლის გამოცხადება არ მიიჩნია აპელანტი მხარის გამოცხადებად, ვინაიდან მას აპელანტის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენის უფლება არ ჰქონდა.
5.2. რეალურად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოცხადების მიზანი იყო, სასამართლოსათვის ეთხოვა ვადა საქმეზე ადვოკატის ასაყვანად. ამასთან, ვინაიდან აპელანტი სოციალურად დაუცველია, არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება. სასამართლომ კი, შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ აპელანტი დატოვა დაცვის უფლების გარეშე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მიეცა ვადა ადვოკატის მოსაძიებლად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის საქმის მიმართ ინტერესი და სარჩელი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა.
8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ეე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა, უნდა შემოწმდეს ხომ არ იკვეთება ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხველი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). გარდა ამისა, სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
9. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით მიწვეულნი იყვნენ საქმის განხილვაში და არ გამოცხადდნენ არასაპატიო მიზეზით.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
11. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. Nას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; Nას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).
12. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე მხარეს არ მიუთითებია. კერძო საჩივრის ავტორი თავისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე აპელირებს. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატა, სსსკ-ის 440-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე (პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლისა, – ამ ორგანოს, ორგანიზაციის საქმეზე), იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელიც 2019 წლის 3 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა, არ ირიცხება ადვოკატთა ასოციაციის ერთიან სიაში, ამგვარი საპროცესო მოქმედება არ ჩაითვლება არც მხარის სასამართლოში გამოცხადებად და არც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობად საპატიო მიზეზის კონტექსტში (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სსსკ-ის 241-ე მუხლი) თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
13. პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოცხადების მიზანი იყო, სასამართლოსათვის ეთხოვა ვადა საქმეზე ადვოკატის ასაყვანად, სასამართლომ კი, აპელანტი დატოვა დაცვის უფლების გარეშე. აპელანტს პირველივე სასამართლო სხდომაზე (03.04.2019 წელს) განემარტა, რომ მისი წარმომადგენელი (ბებია) ვერ შეძლებდა სააპელაციო სასამართლოში მისი ინტერესების დაცვას, ვინაიდან ის არ იყო ადვოკატი და ამ საფუძვლით სხდომა 2019 წლის 1 მაისს გადაიდო. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნაზე. მეორე სხდომაზე აპელანტს კვლავ განემარტა, რომ მის წარმომადგენელს ეკრძალებოდა სააპელაციო სასამართლოში წრამომადგენლობა და დამატებითი მიეცა დრო ადვოკატის ასაყვანად, კერძოდ, 2019 წლის 1 მაისის სასამართლო სხდომა გადაიდო 2019 წლის 3 ივლისისათვის. შესაბამისად, აპელანტს მიეცა 2 თვე ადვოკატის ასაყვანად. ვინაიდან აპელანტმა არ ისარგებლა სასამართლოს მიერ მიცემული შესაძლებლობით, მისი სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დარჩა განუხილველი.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 387.3 მუხლით და აპელანტის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, ვინაიდან ის არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი