Facebook Twitter

საქმე №ას-1648-2019 17 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ბ-ის და მ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – რ. მ-ის სარჩელის გამო, ნ. ბ-ის, გ. მ-ის და მ. მ-ის მიმართ, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის, უძრავი ქონების ½-ის მიკუთვნებისა, სამკვიდრო მოწმობების ½-ის ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე გ. მ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ა. ბ-ისა და მ. მ-ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობისა და ანდერძისმიერ მემკვიდრედ აღიარების თაობაზე, ა. ბ-ის შეგებებული სარჩელის გამო, მ. მ-ის, გ. მ-ის და რ. მ-ის მიმართ, სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების 1/2 -ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ა. ბ-ის და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის და მ. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ა. ბ-ს დამატებით უნდა წარმოედგინა სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების 1/2-ის საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი ქონების ღირებულების (5 პროცენტი).

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მ. მ-სა და ა. ბ-ს ორჯერ გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა არც ერთხელ არ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ არავინ იმყოფებოდა მისამართზე. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მ. მ-ის წარმომადგენელ ტ. რ-ეს (იხ. მინდობილობა ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 17 იანვარს ჩაბარდა პირადად (იხ.ჩაბარების დასტური). რაც შეეხება ა. ბ-ს, ზემო ხსენებული მუხლების თანახმად კორესპონდენცია გაეგზავნა წარომადგენელ მ. კ-ძეს. რადგანაც ვერც წარმომადგენელს ჩაბარდა აღნიშნული განჩინება, სასამართლოს მოხელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო საშუალებით შეტყობინება ჩააბარა ა. ბ-ის ოჯახის ქმედუნარიან წევრს - შვილს მ. მ-ს 2020 წლის 27 იანვარს (იხ.სატელეფონო შეტყობინების აქტი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა მ. მ-ის შემთხვევაში დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 18 იანვარს, ხოლო ა. ბ-ის შემთხვევავში 2020 წლის 28 იანვარს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა მ. მ-ის შემთხვევაში 2020 წლის 24 იანვარს, ხოლო ა. ბ-ის შემთხვევაში 2020 წლის 3 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეებს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მარიამ მურადელისა და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე