საქმე #ას-1623-2019 27 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ც. მ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ს. ბ.“ სარჩელის გამო, ც. მ-ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ც. მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხლველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
2019 წლის 18 ნოემბერს ც. მ-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგუნდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ახერხებდა მის რწმუნებულთან _ ადვოკატ ლ. ჭ-ძესთან დაკავშირებას, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მხარის თქმით, მიმართა ადვოკატთა ასოციაციასაც, თუმცა მათაც ვერ შეძლეს დახმარება, რადგან ლ.ჭ-ძე არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც. მ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იყო საფუძვლიანი. 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ ცეზარ მაისურაძეს გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაავალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხევევაში, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა 2020 წლის 21 იანვარს სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო გაათავისუფლებს მოქალაქეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან თუ დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, იმ საკითხზეც, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განცხადება კასატორის სახელით წარმოადგინა მისმა წარმომადგენელმა ნ- გ-ძემ. მართალია საქმეში წარმოდგენილია ნ. გ-ძის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება-მინდობილობა, თუმცა ნ. გ-ძე ვერ იქნება კასატორის წარმომადგენლად მიჩნეული. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 440-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განცხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. გამომდინარე იქედან, რომ ნ. გ-ძე არ იძებნება ადვოკატთა ერთიან სიაში, მას არ აქვს უფლება წარმოადგინიოს და დაიცვას ც. მ-ძის ინტერესები საკასაციო სასამართლოში. პალატა იმ გარემოებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ ნ. გ-ძის მიერ წარმოდგენილი განცხადებები შეიცავს ინფორმაციას არა კასატორის, არამედ უშუალოდ ნ. გ-ძის ოჯახის მდგომარეობის შესახებ, რასაც პალატა შეფასების გარეშე ტოვებს, ვინაიდან ნ. გ-ძე მოცემულ საქმეში არ წარმოადგენს საპროცესო სუბიექტს- მხარეს.
რაც შეეხება წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც უკვე ითქვა 2019 წლის 18 ნოემბერს ც. მ-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი. მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მომართა სასამათლოს განცხადებით, სადაც ითხოვდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას. 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ ც. მ-ძეს გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და კვლავ 5 დღის ვადაში დაავალა წარმოედგინა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება ან სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აგრეთვე საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 13 იანვარს ჩაბარდა ნ. გ-ძეს, ოჯახის წევრს (იხ.ჩაბარების დასტური). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მხარეს არ წარმოუდგენია შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც. მ-ძის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის გამო, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ც. მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე