საქმე №ას-850-794-2017 2 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ს-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ძ-ი, სს „ლ. ბ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ. ს-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან თავდები) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ძ-ისა და სს „ლ. ბ.“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო, მეორე მოპასუხე _ როგორც გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 27 დეკემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბათილი თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი 2 480 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დასაქმებულია შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში .... თანამდებობაზე. 2013 წლის დეკემბერში მისმა თანამშრომელმა, პირველმა მოპასუხემ, რომელიც იღებდა ბანკიდან კრედიტს, სთხოვა თავდებობა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ამავე ბანკთან 2013 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულება (კრედიტის მოცულობა 13 200 ლარი, ვადა 84 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 19%) და მისი ყოველთვიური ვალდებულება 2014 წლის 3 იანვრიდან შეადგენდა 283,61 ლარს, ამასთანავე, ცხოვრობს ... რაიონის სოფელ ზ. ხ., სამუშაო ადგილას საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ.თ., ნაქირავებ ბინაში, ამიტომ უკვე არსებული ყოველთვიური ვალდებულებების გამო, ვეღარ იკისრებდა დამატებით ვალდებულებას და ვერ დაუდგებოდა თავდებად მსესხებელს. ბანკში მისვლისას პირველმა მოპასუხემ, ბანკის თანამშრომელმა ლ. ჯ-მა და პოლიციის იმავე სამმართველოს თანამშრომელმა ვ. მ-მა განუმარტეს, რომ მსესხებლის თავდებობას ჰქონდა ფორმალური ხასიათი, 2014 წლის იანვარში მას თავდებად ჩაენაცვლებოდა მოპასუხის მეგობარი და თანამშრომელი ვ. მ-ი, ვინაიდან, საბუთების ნაკლებობის გამო იმ ეტაპზე ვერ ხერხდებოდა მისი თავდებობა, ამასთან, რადგანაც მოსარჩელე დღემდე გამსესხებლის კლიენტია და ამავე ბანკში ერიცხება ხელფასი, ხოლო პირველი მოპასუხე და მომავალი თავდები მისი თანამშრომლები იყვნენ, იგი კეთილსინდისიერად და ნდობით მიუდგა ბანკისა და თანამშრომლების განმარტებას, რის გამოც მოსარჩელეს უარი აღარ განუცხადებია თავდებობაზე. 2013 წლის 27 დეკემბერს მოპასუხეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლმა მიიღო 9 900 ლარი, წლიური 17,25 %-ის დარიცხვით, 6 წლის ვადით. მოსარჩელის ნდობა მოპასუხეთა მხრიდან ბოროტად იქნა გამოყენებული და 2014 წლის იანვრის შემდეგ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსარჩელე არ ჩაანაცვლეს ახალი თავდებით. 2014 წლის აპრილიდან მსესხებელი გათავისუფლდა სამსახურიდან და იმავე წლის მაისიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით მსესხებლის ვალდებულებას ასრულებს მოსარჩელე. მას ყოველთვიურად ხელფასიდან ეჭრება პირველი მოპასუხის გადასახდელი თანხა, რაც სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგენს 2 480 ლარს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხეებს თავდების ჩანაცვლების პირობა არ შეუსრულებიათ, ხოლო მოსარჩელე რჩება შემოსავლის გარეშე, რაც მისი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. პირველ მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია. მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები;
2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის წინააღმდეგ არსებითი შედავება წარადგინა. შესაგებლის თანახმად, 2013 წლის 27 დეკემბერს მოპასუხეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობა, რომლის მიხედვითაც თავდებმა მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებაზე, რომლის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 14 900,52 ლარით. მსესხებელმა დაარღვია თანხის დაბრუნების გრაფიკი და თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის შესაბამისად, გამსესხებელმა თავდებს დამატებითი აქცეპტის გარეშე ჩამოაჭრა თანხა საბანკო ანგარიშიდან. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ბანკის ყოფილი თანამშრომლის დაპირებაზე, რადგანაც ამგვარ დაპირებას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, ბანკის თანამშრომელს არ აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს თავდების ჩანაცვლების საკითხი, ისევე, როგორც დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება ე.წ ერთთვიან ხელშეკრულებასა და თავდებობის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიუწოდებლობის თაობაზე, რადგანაც მოსარჩელე 2013 წლის 27 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებას გაეცნო და დათანხმდა მასში არსებულ პირობებს, რაც დაადასტურა ხელმოწერით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს თავდების მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა და ამ ნების ფარგლებში განხორციელებული შესრულების დაბრუნების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს. ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით თავდებობის შეთანხმება წარმოადგენდა თავდების ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგს, ხოლო, კრედიტორის მიერ თავდების კუთვნილი ფულადი სახსრებიდან მიღებული შესრულება არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ თავდების პრეტენზიის შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტები კი, შემდეგია:
i სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს სარჩელში გადმოცემული ის გარემოებები, რომლებიც სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ პერიოდს შეეხება და ამ კონტექტსში არასწორად არ იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 8.3, 54-ე, 55-ე, 115-ე, 316.2 და 364-ე მუხლებით, შესაბამისად, მიღებულ იქნა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც შეფასების მიღმა იქნა დატოვებული პირველი მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების აღიარება და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა;
ii ზემოხსენებული გარემოებების, ასევე, კასატორის კრედიტუნარიანობის, მომავალი თავდების მიერ ბანკისათვის დოკუმენტების წარუდგენლობის, წინარე შეთანხმებიდან გამომდინარე, ბანკის უმოქმედობის (რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია, ხოლო, კასატორი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღოჩნდა) შეუფასებლობით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 244-ე, 249-ე მუხლების მოთხოვნები და საკუთარი მსჯელობა დაამყარა მხოლოდ იმას, რომ თავდებობა იყო ნამდვილი;
iii საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რამდენადაც კასატორი, თუკი არ იქნებოდა შეთანხმებული მისი ჩანაცვლება, არ დათანხმდებოდა თავდებობის პირობას, რადგანაც იგი სრულიად კრედიტუუნარო იყო, შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მას ჰქონდა ჩანაცვლების ლეგიტუმური მოლოდინი, რომელიც მოპასუხეებმა შეუქმნეს. იმგვარი შეთანხმება, რასაც სხვისი ქონებისადმი გულისხმიერების დარღვევა მოჰყვება შედეგად, თავის მხრივ წარმოადგენს ზნეობის საწინააღმდეგოს და ბათილია;
iv შეფასების გარეშეა დატოვებული ის ფაქტიც, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ერთთვიან თავდებობაზე განაცხადა თანხმობა, ხოლო, ბანკმა ფაქტობრივად სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა მასთან.
1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2013 წლის 27 დეკემბერს მეორე მოპასუხესა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველ მოპასუხეს მიეცა კრედიტი 9 900 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 17,25%; კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით;
1.2.2. 2015 წლის 2 მარტიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის შემდეგაც მას ერიცხება დავალიანება, რომელიც 2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ჯამში 8 944.12 ლარს შეადგენს (სესხის ძირი თანხა _ 8 444,38 ლარი; დარიცხული პროცენტი _ 387,11 ლარი; სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა _ 112.63 ლარი);
1.2.3. 2013 წლის 27 დეკემბერს მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს, რომ იგი ჯეროვნად შეასრულებდა ბანკის წინაშე ნაკისრ საკრედიტო ვალდებულებას. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14 900,52 ლარით, ხოლო, თავდებობის ხელშეკრულების ვადა _ 6 წლით, 2019 წლის 3 იანვრამდე;
1.2.4. თავდებს ბანკის თანამშრომლისაგან სიტყვიერად განემარტა, რომ ზოგადად შესაძლებელი იყო მისი ჩანაცვლება სხვა თავდებით. ის გარემოება, რომ ბანკმა იკისრა ვალდებულება, მოსარჩელესთან მხოლოდ ერთი თვით გაეფორმებინა ხელშეკრულება პირველი მოპასუხის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხოლო, ამ დროის გასვლის შემდგომ შეცვლიდა მას სხვა თავდებით, საქმის მასალებით არ დგინდება.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის წარმატებულობა ორი მიმართულებით შემოწმდება: ა)საქმის განხილვისას დაშვებულ იქნა თუ არა საპროცესო დარღვევები, რომლებმაც გადაწყვეტილების კანონიერებაზე იქონიეს გავლენა (სსსკ-ის 393.3 მუხლი); ბ)დადგენილი ფაქტები სწორად იქნა თუ არა სუბსუმირებული სამართლის ნორმებთან (სსსკ-ის 393.2 მუხლი). გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, მიუხედავად მხარის შედავებისა, შეაფასოს სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, სახეზეა ზემოხსენებული ნორმის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
1.3.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის, სასამართლოს მხრიდან უპირველესად უნდა შეფასდეს თუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს და რას ეფუძნება სარჩელი, ამის შესაბამისად, მოსამართლემ უნდა მოიძიოს მატერიალური სამართლის ნორმა, განსაზღვროს ნორმის აბსტრაქტული ელემენტები და შეაფასოს ფორმალური თვალსაზრისით პასუხობს თუ არა სარჩელში მითითებული ფაქტები დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. სარჩელის ფორმალური გამართულობის დადგენის შემთხვევაში, მოსამართლე აფასებს შესაგებლის არსებითობას, კერძოდ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებს ედავება მოპასუხე მხარე და რამდენად არსებითია მისი შეპასუხება. პალატა აქვე განმარტავს, რომ შესაგებლის წარდგენა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4 და 219.1 მუხლებიდან გამომდინარე, სწორედ საქმის მომზადების ეტაპის დასრულებამდე დგინდება შესაგებლის მიხედვით სადავო ფაქტობრივ გარემოებათა წრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი და საქმის არსებითი განხილვისას, მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების გზით მოსამართლე აფასებს მტკიცებულებებს და გამოაქვს მოტივირებული დასკვნები მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენის თვალსაზრისით (სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები). შესაგებლის საპროცესო ინსტიტუტზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალებაა, ამასთან, იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც არ განკარგავს ხსენებულ საშუალებას, ნეგატიური შედეგები დგება, _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობა სარჩელში მითითებული ფაქტების დადგენილად მიჩნევას განაპირობებს და თუკი ეს ფაქტები აკმაყოფილებს დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას (დადასტურებულად მიჩნეული ფაქტები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას), სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დააკმაყოფილებს სარჩელს.
1.3.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თავდები სადავოდ ხდის მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერებას და მოითხოვს ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული შესრულების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას (სოლიდარული პასუხისმგებლობის გადაწყვეტისათვის თეორიულად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მოსარჩელის ის განმარტება, სადაც ეს უკანასკნელი საუბრობს მოვალისა და კრედიტორის ერთობლივ დაპირებაზე მოსარჩელის სხვა თავდებით ჩანაცვლების თაობაზე, რომელსაც მოსარჩელე ენდო, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ეს ნდობა ბოროტად იქნა გამოყენებული). უდავოა ისიც, რომ პირველმა მოპასუხემ _ მსესხებელმა სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარადგინა, ხოლო, გამსესხებელმა უარყო სარჩელში გადმოცემული ფაქტები, მისი განმარტებით როგორც თავდებობის ხელშეკრულება, ისე _ თავდებისაგან მიღებული შესრულება კანონიერია და მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, მეორე მოპასუხის პოზიციის გაზიარებისა და თავდებობის ნამდვილად მიჩნევის შემთხვევაში, შესამოწმებელი რჩება პირველ მოპასუხესთან მიმართებით შეუდავებელი ფაქტები არის თუ არა საკმარისი ამ უკანასკნელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და რა საფუძვლით.
1.3.4. საკასაციო პალატა მეორე მოპასუხის შედავების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს სწორედ თავდებობის ხელშეკრულების დადებისას თავდების მიერ გამოვლენილი ნების ნაკლი, რომლის მტკიცებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება თავდებს. ამ მხრივ მხარის ძირითადი არგუმენტი მიმართულია ზნეობის საწინააღმდეგო გარიგების დადებისკენ, კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ არ წარმოადგენდა კრედიტუნარიანს, ვინაიდან მას გააჩნდა ვალდებულებები, როგორც ბანკის, ისე _ მესამე პირთა მიმართ, ამ ფაქტის თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის, რომლებიც მას დაპირდნენ სხვა თავდებით ჩანაცვლებას. კასატორი ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულების დადების შემდგომ პერიოდზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 8.3, 115-ე და 316.2 მუხლები სამოქალაქო ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ფუნდამენტურ პრინციპებს ადგენენ, როგორიცაა კეთილსინდისიერება, უფლებათა მართლზომიერად განხორციელება და მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი გულისხმიერება. ხსენებული პრინციპების დარღვევა დიდწილად გარიგების ნამდვილობაზე ახდენს გავლენას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ძალის არმქონედ მიიჩნევა გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ზოგადად სამოქალაქო ბრუნვაში, მით უფრო, როდესაც მასში მონაწილეობს მეწარმე სუბიექტი, ამ პრინციპების დაცვა უმნიშვნელოვანესია. იმგვარი გარიგების დადება, რომელიც წინასწარ განწირულია შეუსრულებლობისათვის და ეს იმთავითვე იცის კრედიტორმა, რომელიც ბოროტად სარგებლობს ამ ვითარებით, უნდა შეფასდეს როგორც ამორალური/ზნეობის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება, თუმცა, ამ გარემოებათა მტკიცებისას მხედველობაშია მისაღები ასევე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაშვებული პრეზუმფცია გარიგების ნამდვილობის შესახებ, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. როდესაც პირი სადავოდ ხდის გარიგების ნამდვილობას, სწორედ მას ეკისრება ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი, რომლის დაძლევისას მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს გარიგების ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევას თუ დავუბრუნდებით, მითითების დონეზე მოსარჩელე აპელირებს საკუთარ ქონებრივ მდგომარეობაზე (შემოსავლები, ბინის ქირა, არსებული საბანკო ვალდებულება) და განმარტავს, რომ თავდებობა მას მძიმე, გამოუსწორებელ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა, ბანკის შედავების გათვალისწინებით, მასვე ეკისრებოდა იმის დადასტურების ტვირთი, რომ ხელფასი მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხოლო ბანკმა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალება მიიღო გადახდისუუნარო პირისაგან, ამ მხრივ კი, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებაზე და სასამართლოს მხრიდან ამ მტკიცებულების შეუფასებლობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები.
1.3.5. გარდა ზმოხსენებულისა, უდავოა, რომ თავდებობა გაფორმებულია სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წერილობითი ფორმის დაცვით, რაც მის უცილოდ ბათილობის სხვა საფუძველს გამორიცხავს (სკ-ის 59-ე მუხლი), ამასთანავე, სარჩელში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებით, სახეზე არ არის გარიგების ბათილობის სხვა წინაპირობების შემოწმების აუცილებლობა. დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის არარსებობის პირობებში საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ბანკის მხრიდან თავდების წინაშე ვალდებულების აღება, რომ მას მოგვიანებით სხვა თავდებით ჩაანაცვლებდა ან თავდებობის რაიმე პირობით დადება (სკ-ის 90-ე მუხლი), ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, არ დგინდება არც სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით და არც საცილო გარიგებით (სკ-ის 72-ე და შემდგომი მუხლები) დადგენილი ნების იურიდიული ძალმოსილების ეჭვქვეშ დაყენების სხვა საფუძველი. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თავდებობის ხელშეკრულებასა და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თავდები გაეცნო მის შინაარსს და ხელმოწერით დაადასტურა იგი (სკ-ის 69.3 მუხლი), ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელის მიერ სოლიდარულ თავდებობაზე თანხმობის გაცნობიერებულად გაცხადება და ეს გარიგება სრული იურიდიული ძალის მატარებელია. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ თავდებობის ხელშეკრულება ნამდვილია.
1.3.6. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 891.1 და 895-ე მუხლებს, რომელთა თანახმადაც, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მსესხებელმა 2015 წლის 2 მარტიდან დაარღვია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.2.), შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულების პირობებისა და ზემოხსენებული ნორმების დისპოზიციიდან გამომდინარე, გამართლებულია გამსესხებლის ქმედება, შესრულება მიიღოს თავდებისაგან. ამ თვალსაზრისით დასაბუთებული შედავება არც სარჩელში და არც საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გამსესხებლის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
1.3.7. რაც შეეხება მსესხებლის მიმართ წარდგენილ მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკვე განხორციელებული შესრულების უშუალოდ მოვალისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელი გამართლებულია. ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები იურიდიულად დაუსაბუთებელია. ვიდრე მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევას შეუდგებოდეს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს კიდევ ერთ საკითხზე: მართალია, მოსარჩელე თვლის, რომ თავდებობის ხელშეკრულება ბათილია, რაც თეორიულად მხოლოდ კრედიტორისაგან კონდიქციური ნორმების საფუძველზე (სკ-ის 976-ე მუხლი) მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა იქნებოდა, თუმცა ეს გარემოება მოთხოვნის წარმატებას არ აფერხებს პირველ მოპასუხესთან მიმართებით სხვა საფუძვლით. სამართალში მოქმედი პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი; სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, [დიდი პალატა] №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) არ ზღუდავს სასამართლოს თავად განსაზღვროს მოთხოვნის საფუძველი, მიუხედავად საპროცესო კოდექსის 178.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესისა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამგვარი მიდგომა განპირობებულია თავად სასამართლოს, როგორც ინსტიტუციური ფუნქციით, დაიცვას პირის სადავოდ ქცეული ან დარღვეული უფლება.
1.3.8. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის ინტერესს გადახდილი თანხის დაბრუნება და შემდგომი გადახდისაგან მისი გათავისუფლება წარმოადგენს. ვინაიდან დავის განხილვის შედეგად დადგინდა თავდებობის ნამდვილობა, მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თავდებს არ ერთმევა უფლება მოთხოვნა მოვალეს წაუყენოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის საფუძველზე (თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ). სარჩელის თანახმად, თავდების მიერ ბანკისათვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 2 490 ლარს (მოვალის მხრიდან შეუდავებელი ფაქტი). ამ თანხის ფარგლებში შეწყდა მსესხებლის ვალდებულება კრედიტორის წინაშე (სკ-ის 427-ე მუხლი), შესაბამისად, ამ ოდენობით მოთხოვნა თავდებს გააჩნია მხოლოდ მსესხებლის მიმართ.
1.4. ახალი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
წინა პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის შედეგად დადგინდა თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე, ბანკის მხრიდან თავდებისაგან შესრულების მიღების კანონიერება, ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება უკვე განხორციელებული შესრულების ძირითადი მოვალისათვის დაკისრებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს. მხარეთა შორის დავას არ იწვევს თავდების მიერ ძირითადი მოვალის ნაცვლად 2 490 ლარის კრედიტორისათვის ანაზღაურება, შესაბამისად, ამ ოდენობით თანხის მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალის მიმართ გააჩნია თავდებს და მისი ეს მოთხოვნა საფუძვლიანია.
2 პროცესის ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის მიმართ სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მასვე უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი თანხის _ 754,4 ლარის ანაზღაურება. გარდა ამისა, პალატა მხედველობაში იღებს კასატორის შუამდგომლობას (რომელიც, როგორც სარჩელში, ისე _ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებშია დაყენებული) იურიდიული ხარჯის სახით 600 ლარის ანაზღაურების თაობაზე. უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, ასევე, სასამართლო სხდომებზე გაწეული წარმომადგენლობითა თუ საპროცესო დოკუმენტებზე ხელის მოწერით უდავოდ დგინდება მოსარჩელის მიერ მის წარმომადგენელთან დავალების ხელშეკრულების არსებობა (სკ-ის 709-ე-710-ე მუხლები). ხსენებული გარემოების, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) განსაზღვრული ცენზის გათვალისწინებით, პალატა შუამდგომლობას ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პირველ მოპასუხეს კასატორის სასარგებლოდ აკისრებს (მოგებული თანხის 4-4%-ს თითოეული ინსტანციის სასამართლოში გაწეული წარმომადგენლობისთვის) 298,8 ლარს (დამატებით იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
• ზ. ს-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
• გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
• ზ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
3.1. გ. ძ-ს (პ/#20001008....) ზ. ს-ძის (პ/#2400100...) სასარგებლოდ დაეკისროს 2 490 ლარის გადახდა;
3.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3.3. გ. ძ-ს (პ/#2000100...) ზ. ს-ძის (პ/#2400100...) სასარგებლოდ პროცესის ხარჯების ანგარიშში დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 754,4 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 298,8 ლარის ანაზღაურება.
• საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე