Facebook Twitter

საქმე №ას-1248-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ს.“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ს.ს“ სარჩელის გამო, ვ. მ-ძის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

შპს „ს.“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს „ს.“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სარწმუნოდ დაედასტურებინა დავის საგნის ღირებულება და წარმოედგინა მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი - დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შპს „ს.“ დირექტორ ც. მ-ძეს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 21 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად (იხ.ჩაბარების დასტური) ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

2019 წლის 29 ოქტომბერს შპს „ს.“ დირექტორმა ც. მ-ძემ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა. წარმოადგინა 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და 2016 წლის შპს „ს.“ ქონების შეფასების აუდიტორიული დასკვნა.

2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ს.“ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და მის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ქ. ზესტაფონში, ჭ. ქუჩა N...-..._ში მდებარე ს/კ 23.10.33.... 56 კვ.მ კომერციული ფართის საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი სარწმუნო მტკიცებულება და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (ღირებულებით 5%) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით. ხსენებული განჩინებით პალატამ არ გაიზიარა წარმოდგენილი დოკუმენტები, რადგანაც იგი განსაზღვრავდა ქონების ღირებულებას 2016 წლის და არა 2019 წლის მდგომარეობით, როგორც ეს დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს „საირხეს“ დირექტორ ცეზარ მაღლაკელიძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა პირადად.

საკასაციო სასამართლოს კვლავ მომართა ც. მ-ძემ და განმარტა, რომ იმ დროისთვის აღარ იყო შპს „ს.“ გენერალური დირექტორი, მან განცხადებაში აღნიშნა, რომ უფლებაოსილ პირად ამ დროისთვის ითვლებოდა დ. ხ-ძე და ითხოვა მისთვის გაეგზავნა სასამართლოს აღნიშნული განჩინება. ამის დასტურად წარმოადგინა 2019 წლის 6 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

საკასაციო სასამართლომ 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება გაუგზავნა შპს „ს.“ ახალ დირექტორ დ. ხ-ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და კორესპონდეცია 2019 წლის 12 დეკემბერს ჩაბარდა პირადად ადრესატს.

2019 წლის 25 დეკემბერს შპს „ს.“ დირექტორმა დ. ხ-ძემ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ ხარვეზი გამოსწორებულია ვინაიდან სადავო 56 კვ.მ ფართი, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით ეკუთვნის ვლადიმერ მაღლაკელიძეს და შეუძლებელია შპს „ს.“ მოახდინოს მისი აუდიტორული შეფასება. აგრეთვე მიუთითა სამოქალალქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს შპს „საირხეს“. საკასაციო პალატა არ იზიარებს ხსენებულ განცხადებას იმ დასაბუთებით, რომ სამეწარმეო ფართის საბაზრო ღირებულების დადგენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ფართი სხვა პირის საკუთრებაშია რეგისტირებული. შესაბამისად პალატა თვლის, რომ მიუხედავად საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელებისა კასატორს ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია, ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ წარმოუდგენია დასაბუთებული შუამდგომლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, ხოლო წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იძლევა საფუძველს, რომ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს.“ საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის გამო, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აქედან გამომდინარე, შპს „ს.“ უნდა დაუბრუნდეს მის

მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ს.“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 28.10.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -300 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე