Facebook Twitter

საქმე №ას-1311-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ქ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ჯ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ქ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის _ 41 619 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას შესრულებული სამუშაო არ მიუღია, მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოვალე თანხას იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუკი შემოწმების შედეგად შესრულება უნაკლო აღმოჩნდებოდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 41 619 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 2591 მუხლების მოთხოვნათა დარღვევა, რაც არასწორია, რადგანაც აპელანტი სისტემატურად ამოწმებდა სასამართლოს ოფიციალურ ბაზას და უკავშირდებოდა მოსამართლის თანამშემწეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, თუმცა, სასამართლომ ამ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, შესაბამისად, მხარეს არ მიეცა საშუალება, წარედგინა მოტივირებული სააპელაციო საჩივარი და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განეხორციელებინა საკუთარი უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ქ.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2019 წლის 14 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება);

1.2.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2019 წლის 4 ივლისი, 30-ე დღე _ 2019 წლის 14 ივლისი, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2019 წლის 29 ივლისს (ვადის უკანასკნელი დღე _ 28 ივლისი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, შესაბამისად, ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს _ ორშაბათს), დღის 24:00 საათზე;

1.2.3. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზემოხსენებული ვადების დაცვით მოპასუხის/მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, ისევე, როგორც საქმეში არ არის და არც კერძო საჩივარს ერთვის სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა;

1.2.4. მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 8 აგვისტოს.

1.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ [დიდი პალატა] 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). როგორც ითქვა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, თუნდაც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა და/ან აპელანტის მცდელობა, მოეპოვებინა ამ ვადაში გადაწყვეტილება, მისი პოზიცია მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის შესახებ ემყარება არა რაიმე მტკიცებულებას, არამედ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რასაც უარყოფს პალატა.

1.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1.-.1.2.4. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც მის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

• შპს „ს. ქ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

• ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

• საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი