საქმე №ას-1319-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძის და თ. ა-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – სს „კ. ბ.“ სარჩელის გამო, თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძის, თ. ა-ძის და ე. შ-ძის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძისა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძისა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 679,45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება თ. ა-ძეს, თ. ა-ძეს, ლ. ა-ძესა და თ. ა-ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე. თ. ა-ძეს, თ. ა-ძეს, ლ. ა-ძეს ჩაბარდათ პირადად 2019 წლის 23 ოქტომბერს (იხ.ჩაბარების დასტური,ტ.2,ს.ფ11), ხოლო თ. ა-ძეს ჩაბარდა პირადად 2019 წლის 24 ოქტომბერს (იხ.ჩაბარების დასტური, ტ.2,ს.ფ10).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - თ. ა-ძის, თ. ა-ძისა და ლ. ა-ძის შემთხვევაში 2019 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო თ. ა-ძის შემთხვევაში 2019 წლის 25 ოქტომბერს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად ვადის დენა ამოიწურა თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძის შემთხვევაში 2019 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო თ. ა-ძის შემთხვევაში 2019 წლის 31 ოქტომბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძის და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის გამო, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძისა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე