Facebook Twitter

საქმე №ას-1354-2019 21 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ბ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკმებრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.“ სარჩელი გ. ბ-იანის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ. ბ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 25 მარტს მიიღო განჩინება, შესაბამისად გ. ბ-იანის წარმომადგენელი, როგორც გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ვალდებული იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა ზ. წ-აძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2019 წლის 16 ივნისს (იხ. ხელწერილი, ტ. 1, ს.ფ. 212). თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრების უფლების მქონე პირი არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულა სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის, მომდევნო დღიდან ანუ 2019 წლის 25 აპრილიდან და ამოიწურა 2019 წლის 15 მაისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორმა წარმოადგინა 2019 წლის 15 ივლისს (ტ. 1, ს.ფ. 215) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ სამოქალქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის თანახმად, მართალია სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ის ვალდებული იყო ეცნობებინა გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი აპელანტისთვის, რაც მხარის მოსაზრებით, არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ კასატორს სასამართლოს მხრიდან ეცნობა სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი, მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღს. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო ვალდებული იყო მხარის ინფორმირება მოეხდინა გადაწყვეტილების გამოტანის თარიღთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ზეპირი განხილვის გარეშე სხდომის შესახებ. მისი განცხადებით, მხარე ელოდებოდა გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ ინფორმაციას და სწორედ ამიტომ დაარღვია გასაჩივრების ვადა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მითითება 3761-ე მუხლზე, რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ეცნობებინა გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, უსაფუძვლოა. ვინაიდან, სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვა არ გამორიცხავს იმ დღესვე გადაწყვეტილების გამოტანას. გ. ბ-იანს კანონით განსაზღვრული წესით ეცნობა, სააპელაციო საჩივრის, ზეპირი მოსმენის გარეშე, განხილვის თარიღი 2019 წლის 25 მარტი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა და ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშვნის განჩინების ჩაბარების დასტური, ტ.2, ს/ფ 168).

შესაბამისად, მხარეს უნდა ევარაუდა, რომ შესაძლოა სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განხილვის დღესვე გამოეტანა გადაწყვეტილება. თუმცა, მხარე 3 თვის განმავლობაში არ დაინტერესებულა შედეგით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ, მხარე ინფორმირებული იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ, ის განხილვის შემდეგ არ დაინტერესებულა შედეგით და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განჩინების ჩაბარების შესახებ სასამართლოს მიმართა 2019 წლის 25 ივნისს. სააპელაციო საჩივრის განხილვიდან 3 თვის შემდე. (ტ.1, ს/ფ 212).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება დააგვიანა და იგი მხარეებს კანონით დადგენილი ვადის შემდეგ ჩააბარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე , 397-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი