საქმე №ას-1439-2019 30 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. დ-იძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი შ. დ-იძის მიმართ, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს, ადვოკატს, გ. ნ-ს, ჩაბარდა 2019 წლის 9 დეკემბერს.
2019 წლის 12 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკმებრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს, ადვოკატს, გ. ნ-ს, ჩაბარდა 2020 წლის 10 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს, ადვოკატს, გ. ნ-ს, ჩაბარდა 2020 წლის 10 თებერვალს. რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის 5 -დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა 2020 წლის 17 თებერვალს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2020 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი