ბს-536-129-კს-03 23 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 27 მარტს შპს “ფ-მა” სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 24 სექტემბრის გადახდის ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების, ასევე აუქციონის ჩატარების შეჩერება, შემდეგი საფუძვლებით: რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 24 სექტემბრის გადახდის ბრძანებით, შპს “ფ-ს” კრედიტორის სს “ი-ის” სასარგებლოდ 540345 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. დავალიანების გადახდევინების შესახებ გამოტანილი ბრძანების შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლომ სააღსრულებლო ფურცელი გასცა, რის საფუძველზეც გაიხსნა სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელეს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2001წ. 10 ოქტომბერს მას შესთავაზა სასამართლო აქტის 5 დღის ვადით ნებაყოფლობითი შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონება აუქციონზე იძულებით გაიყიდებოდა. აღნიშნულის შესრულება შპს “ფ-მა” ვერ შეძლო. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელმა აუქციონის ჩატარების თარიღად 2003წ. 28 მარტი დაადგინა. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ქონება შეფასდა 840000 აშშ დოლარად. აღმასრულებელმა კი გასაყიდი ქონების საწყის ფასად მიუთითა 801000 ლარი, რითაც უგულებელყო “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელსთვის გაურკვეველი იყო, თუ რა კრიტერიუმით შეაფასა აღმასრულებელმა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები. Aმასთან, შპს “ფ-ის” საბუღალტრო ჩანაწერებით გასაყიდი ქონების საბალანსო ღირებულება ჯერ კიდევ 1998წ. მდგომარეობით შეადგენდა 2900000 ლარს. “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე და 71-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყის ფასად 801000 ლარის მითითება მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით აბსურდულია. მითითებული კანონის 74-ე და 77-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ მეორე აუქციონზეც არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ნივთი შეიძლება გადასცემოდა კრედიტორს ნატურით. ნივთის ნატურით გადაცემისას მისი ფასი განისაზღვრება აღსრულების პროცესში დადგენილი საბაზრო ღირებულებით. ამდენად, აღმასრულებლის მოქმედება გასაყიდი ქონების შეფასების თვალსაზრისით უმართებულო იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის განჩინებით აღნიშნული სარჩელი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, ვინაიდან მასში დაზუსტებული არ იყო მოპასუხის მისამართი, არ იყო ჩამოყალიბებული მოთხოვნა, არ იყო წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებისა და მასზე დართული მასალების ასლები მოპასუხისათვის გადასაცემად. ამასთან, სარჩელში მითითებული მოთხოვნით მოსარჩელეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის უნდა მიემართა.
აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარმოადგინა დამატებითი განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მან მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით, ხოლო შენიშვნა, განცხადებაში მოპასუხის იურიდიული მისამართის მიუთითებლობის შესახებ, შპს “ფ-მა” გაითვალისწინა და წარადგინა იგი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის განჩინებით შპს “ფ-ის” სასარჩელო განცხადება იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და აუქციონის შეჩერების შესახებ უმოძრაოდ იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს უნდა მიემართა გადახდის ბრძანების გამომტანი და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის ამომწერი, ანუ ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის.
აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ფ-მა” კერძო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 და 16 აპრილის განჩინებების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 27 მარტის სასარჩელო განცხადებით და 7 აპრილის დამატებითი განცხადებით, ითხოვა არა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2001წ. 24 სექტემბრის გადახდის ბრძანების (რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული) შეჩერება, არამედ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების, აუქციონზე ქონების გაყიდვის შეჩერება, ვინაიდან სააღსრულებო სამსახურმა ქონების ღირებულება დაახლოებით შვიდჯერ შეამცირა და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვა, სასამართლოს მიერ დანიშნულ აუდიტს შეეფასებინა იგი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 მაისის განჩინებით შპს “ფ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 მაისის განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც შეადგენდა სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს. შპს “ფ-ს” აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა 2003წ. 2 ივნისამდე.
შპს “ფ-ის” დირექტორმა თ. ბ-მა ქუთაისის საოლქო სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა და შემდგომ გადავადება ან მისგან გათვისუფლება, მაგრამ არა სადავო ქონების ღირებულებიდან, არამედ სხვა წესით, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა არა ღირებულებაში გამოხატული ქონება, არამედ აღმასრულებლის ქმედება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის განჩინებით შპს “ფ-ის” დირექტორის _ თ. ბ-ის კერძო საჩივარი სსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად დარჩა განუხილველად.
შპს “ფ-მა” სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმავე მოთხოვნებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის განჩინებით შპს “ფ-ის” სარჩელი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და აუქციონის შეჩერების შესახებ გადაეგზავნა უფლებამოსილ _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი შპს “ფ-ის” სარჩელი განეხილა, ვინაიდან სარჩელის ფასი აღემატებოდა 500,000 ლარს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 აგვისტოს განჩინებით შპს “ფ-ის” გენერალურ დირექტორს თ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 ივნისის განჩინებაზე თ. ბ-მა წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომელიც სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და სსსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა. სასამართლო კოლეგიამ ზემოაღნიშნული გარემოება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია, ვინაიდან სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ფ-ის” წარმომადგენელმა ა. კ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა, რომელშიც მიუთითა, რომ არც ერთი საქმე სასამართლოს წარმოებაში არ იმყოფება. სასამართლოს მიერ დარღვეული იყო საპროცესო ვადები, ვინაიდან 25 აგვისტოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებისთანავე დადგენილი ხუთდღიანი ვადის გასვლის შემდგომ იყო მიღებული, რომელიც გაიგზავნა 2 სექტემბერს და მოსარჩელეს ჩაბარდა 5 ოქტომბერს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად იმ მოტივით, რომ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამავე დროს კერძო საჩივრის შემომტან პირზე რწმუნებულება გაცემული იყო ფიზიკური პირის, თ. ბ-ის და არა შპს ,,ფ-ის’’ მიერ. შპს “ფ-ის” დირექტორს თ. ბ-ს მიეცა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზების შესავსებად 2003წ. 20 ნოემბრამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
მითითებულ ვადაში ა. კ-ემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება შპს “ფ-ის” გენდირექტორს თ. ბ-ის მიერ სათანადო წესით გაცემულ მინდობილობასთან ერთად. განცხადებაში აღნიშნა, რომ კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი, მართალია, განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 1,5%-ით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა რა ქონებრივ დავას, სარჩელის წარმოდგენისას მათ მიერ შეტანილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით, რაც შესაბამისობაში იყო მოქმედ საპროცესო ნორმებთან. აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანმა მოითხოვა, სასამართლოს ხარვეზი გამოსწორებულად მიეჩნია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებით შპს “ფ-ის” წარმომადგენლის _ ა. კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 აგვისტოს განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლო კოლეგიის 2003წ. 25 აგვისტოს განჩინებით შპს “ფ-ის” დიორექტორს თ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი ერთი და იგივე სარჩელს წარმოადგენდა. მოდავე მხარეები, დავის საგანი და საფუძველი ერთნაირია და სასამართლოს წარმოებაში არის საქმე ამავე დავაზე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
სასამართლო კოლეგიამ ვერ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ დასახელებული საქმეებიდან არც ერთი არ არის წარმოებაში მიღებული. სასამართლო კოლეგიის აზრით, ზემოთ მითითებულ მუხლში აღნიშნული სიტყვები “სასამართლო წარმოებაში” შეიძლება განიმარტოს არა მხოლოდ როგორც წარმოებაში მიღებული სარჩელი, არამედ სარჩელი, რომლის მიღებაზე უარის საკითხს განიხილავს ზემდგომი სასამართლო. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება შპს “ფ-ის” კერძო საჩივარი, გაუქმდება ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 ივნისის განჩინება სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ და სასამართლო კოლეგიის მიერ მოცემული სარჩელი წარმოებაში იქნება მიღებული, წარმოიშობა ერთ-ერთი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი (სსსკ-ის 275-ე მუხლის “ე” პუნქტი).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “ფ-ის” წარმომადგენლის _ ა. კ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დადგენილ გარემოებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ მითითებულ მუხლში აღნიშნული სიტყვები “სასამართლო წარმოებაში” შეიძლება განიმარტოს არა მხოლოდ როგორც წარმოებაში მიღებული სარჩელი, არამედ სარჩელი, რომლის მიღებაზე უარის საკითხს განიხილავს ზემდგომი სასამართლო. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე სასამართლო წარმოებაში ითვლება სასამართლოს მიერ სარჩელის მიღების შესახებ განჩინების გამოტანის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელი არ ყოფილა მიღებული და იგი განჩინებით უმოქმედოდ იქნა დატოვებული. შესაბამისად, შპს “ფ-ის” პირვანდელი სარჩელი სასამართლოს წარმოებაში არსებულ სარჩელად ვერ ჩაითვლება. ამავე დროს საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის უმოძრაოდ დატოვება (რასაც ადგილი ჰქონდა შპს “ფ-ის” პირვანდელ სარჩელთან დაკავშირებით) და სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა, მიუხედავად მათი ფაქტობრივი შედეგისა მოსარჩელისთვის. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების შემთხვევაში წარმოიშობა ერთ-ერთი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. იმავე ლოგიკით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინება პირისათვის სასამართლო წესით თავისი უფლების დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, რაც სსკ-ს მე-2 მუხლით განმტკიცებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინების განხილვის შედეგად სასამართლოების წარმოებაში აღმოჩნდება ორი საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან იმავე საფუძვლით, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ს 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხოლო სარჩელს განიხილავს ის სასამართლო, რომელმაც უფრო ადრე მიიღო განჩინება სარჩელის მიღების შესახებ.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ფ-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 აგვისტოსა და 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ფ-ის” წარმომადგენლის _ ა. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 აგვისტოს და 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.