საქმე №ას-1642-2019 9 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს. ს-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ს-იას სარჩელი თ. ს-ის მიმართ, ალიმენტის გადახდის დაკისრების, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვის და არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა და კასაციის განაცხადის მითითებით.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს.
2020 წლის 28 იანვარს უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა განცხადება, სადაც მხარე განმარტავს, რომ არ აპირებს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას და აღარ სურს საკასაციო ინსტანციაში დავის გაგრძელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სოფიო სლაბინსკაიას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა და კასაციის განაცხადის მითითებით.
საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს.
2020 წლის 28 იანვარს უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა განცხადება, სადაც მხარე განმარტავს, რომ არ აპირებს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას და აღარ სურს საკასაციო ინსტანციაში დავის გაგრძელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 24 იანვარს და ამოიწურა 2020 წლის 28 იანვარს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ს-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ს. ს-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი