საქმე №ას-7-2020 11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ. ბ-ი, პ. ს-ა, ზ. კ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ლ. ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სს ლ. ბ. სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, პ. ს-ას და ზ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლიბერთი ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, პ. ს-ამ და ზ. კ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის, პ. ს-ას და ზ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ბ-მა, პ. ს-ამ და ზ. კ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავოტრებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება გაეგზავნათ და ჩაბარდათ კერძო საჩივრის ავტორებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მერვე ნაწილის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო მათ მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან. კერძოდ, მ. ბ-სა და პ. ს-ას ოჯახის წევრს (მეუღლე მ. შ-ია) სასამართლო გზავნილი ჩაბარდათ 2020 წლის 21 იანვარს. მათთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 22 იანვრიდან და დასრულდა 2020 წლის 28 იანვარს. ზ. კ-ძეს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს და 7 დღიანი ვადა ამოიწურა 2020 წლის 30 იანვარს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ. ბ-ის, პ. ს-ას და ზ. კ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე