საქმე №ას-99-2020 12 თებერვალი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.“
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. ვ-ძე, ა. მ-ძე, ც. უ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის და 2020 წლის 21 იანვრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ჰ.“ (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ვ-ძის, ა. მ-ძის და ც. უ-ის მიმართ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ ჩამოაყალიბა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოითხოვა სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხეებს აეკრძალოთ სარემონტო სამუშაოების შესრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს აეკრძალათ სარემონტო სამუშაოების შესრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ო. ქ. N..-ში (ს/კ N01.10.12.035....; N01.10.12.035.013....; N01.10.12.035.013.... და N01.10.12.035.013....)
2019 წლის 7 მარტს ა. მ-ძემ სასამართლოში წარადგინა საჩივარი 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით, ა. მ-ძის საჩივრის საფუძველზე ნაწილობრივ გაუქმდა 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ, აკრძალვა გაუქმებული იქნა მხოლოდ ა. მ-ძის სახელზე რიცხულ #01.10.12.035... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.
2019 წლის 15 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ჰ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით შპს ჰ. საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2019 წლის 15 მარტის განჩინება ა. მ-ძის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და ძალაში დარჩა 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ.“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად სასამართლომ სსსკ-ის 1991-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს ქ. ვ-ძეს, ა. მ-ძეს და ც. უ-ს აეკრძალათ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ო. ქ. N...-ში (ს/კ N01.10.12.035.013....; N01.10.12.035....; N01.10.12.035.... და N01.10.12.035....) ყველა სარემონტო სამუშაოს შესრულება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა შპს „ჰ-მა“.
2019 წლის 27 დეკემბერს შპს „ჰ-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც კვლავ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. განცხადების ავტორი მოითხოვდა მოპასუხეებისთვის უძრავ ნივთებზე (მდებარე ქ. თბილისში, ო. ქ. N....-ში (ს/კ N01.10.12.035....; N01.10.12.035.013...; N01.10.12.035.... და N01.10.12.035.013...) სარემონტო სამუშაოების შესრულების აკრძალვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „ჰ.“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ეთქვა უარი. განჩინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
2020 წლის 9 იანვარს შპს „ჰ.“ წარადგინა საჩივარი და მიუთითა, რომ მოთხოვნილი უზრუნვლყოფის მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების გაძნელების ან შეუძლებლობის თავიდან აცილება მოპასუხეებისთვის გარკვეული უფლების შეზღუდვის გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „ჰ.“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლზე მითითებით განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის ისე 2020 წლის 21 იანვრის განჩინება და შპს „ჰ.“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ ხედავს საქმის ქვემდგომი სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ საფუძვლებს და მიაჩნია, რომ უფლებამოსილია შპს „ჰ.“ საჩივართან დაკავშირებით თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ წინაპირობათა ჩამონათვალს, როდესაც საჭიროა სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაცვის ქმედითი ღონისძიების გატარება, რათა მართლმსაჯულების განხორციელებამ არ დაკარგოს ის სამართლებრივი ეფექტი, რაც პირის დარღვეული უფლების აღდგენაში ვლინდება. უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება განპირობებულია მისაღები/მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რეალური პერსპექტივის შექმნით.
სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებითი ხასიათის ღონისძიებას და მისი მიზანია დავის დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოხდეს დავის საგნის დაცვა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა დამოკიდებულია სარჩელის განხილვაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ.“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის პარალელურად სასამართლომ სრულად გააუქმა 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული საპროცესო დოკუმენტის სავალდებულობის პრინციპი მხოლოდ საბოლოო ანუ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობის პირობებში ხორციელდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესითაა გასაჩივრებული შპს „ჰ.“ მიერ და სსსკ-ის 264-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესულად ვერ ჩაითვლება.
ამავე გარემოებიდან გამომდინარე 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მითითება - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სავალდებულო ხასიათს ვერ შეიძენს თავად გადაწყვეტილების მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის და მისი სრულად გასაჩივრებიდან გამომდინარე.
ეს მოსაზრება ემყარება სსსკ-ის 1991 მუხლის დანაწესსაც, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების სპეციალურ წესს; კერძოდ: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შპს „ჰ.“ 2019 წლის 27 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებით მიმართა იმ ვითარებაში, როდესაც 2019 წლის 01 თებერვალს მიღებული განჩინების სამართლებრივი შედეგები გაქარწყლებული არ იყო ვინაიდან 2019 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია აპელაციის წესით და 2020 წლის 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ხელახლა მსჯელობის წინაპირობები, ვინაიდან 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება კვლავ ძალაშია და სავალდებულოდ აღსასრულებელი აქტით გაუქმებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის 5-ე ნაწილიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსადმი ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შემთხვევებში იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსადმი ხელმეორედ მიმართვისას წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას არ იცნობს. ამავდროულად, დასახელებული მოტივით საპროცესო მოქმედების განხორციელებაზე უარი დაუშვებელია, მით უფრო, რომ ასეთი მოქმედების შესრულებაზე დამოკიდებულია მხარის ინტერესების დაცვა. ამიტომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კოდექსში არსებული მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (სსსკ-ის 194-ე მუხლის 5-ე ნაწილი) რომელიც ანალოგიური საპროცესო მოქმედების შესრულებას ითვალისწინებს და დაუკავშიროს მას სათანადო სამართლებრივი შედეგები.
შპს „ჰ.“ 2019 წლის 27 დეკემბრის განცხადება არ ექვემდებარება არსებით განხილვას ვინაიდან მხარე მოითხოვს იმ შინაარსის ღონისძიების გამოყენებას, რომელიც სასამართლომ უკვე გამოიყენა 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კანონიერ ძალაში შესული საპროცესო აქტით გაუქმებული არ არის და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოტივაცია, საგანი და საფუძველი შპს „ჰ.“ მიერ თავდაპირველად წარდგენილი განცხადების იდენტურია.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, 2019 წლის 30 დეკემბრის და 2020 წლის 21 იანვრის განჩინებები ექვემდებარება გაუქმებას და შპს „ჰ.“ 2019 წლის 27 დეკემბრის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 186-ე, 275-ე, 411-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის და 2020 წლის 21 იანვრის განჩინებები და შპს „ჰ.“ 2019 წლის 27 დეკემბრის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით დარჩეს განუხილველი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე