№ას-1784-2019 17 თებერვალი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ბ. ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სს „ბ.“ (შემდგომ - მოსარჩელე) 2019 წლის 6 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ნ-ძის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. მოპასუხე ბ. ნ-ძეს (პ/ნ35001...) დაეკისრა სს „ბ." (ს/ნ2038...) სასარგებლოდ 2018 წლის 30 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6772.47 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6178.36 ლარი, პროცენტია - 259.11 ლარი და პირგასამტეხლო შეადგენს - 335 ლარს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
4.1 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოსარჩელის წარმომადგენელ ს. ქ-ისთვის, შესაბამისად გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს, 2019 წლის 17 აგვისტოდან და 2019 წლის 30 აგვისტოს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი იქნა 2019 წლის 2 სექტემბერს, (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი 03.09.2019წ) დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლის თარიღად მიუთითა 2019 წლის 17 აგვისტო, ხოლო გასაჩივრების ვადის ბოლო დღედ 2019 წლის 30 აგვისტო. ვადის ამგვარი დაანგარიშებით გამოდის, რომ აპელანტს გასაჩივრების ვადა ჰქონდა 17 აგვისტოს დამატებული 13 დღე და არა 14 დღე, ანუ 2019 წლის 31 აგვისტო, რომელიც იყო შაბათი და შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო დღეა 2019 წლის 2 სექტემბერი, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია.
5.2. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის (2.09.2019წ) პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, მხარის ინტერესების და უფლებების საზიანოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიზნის შინაარსობრივი განმარტების გარეშე, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად.
სსსკ 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარის ვალდებულებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ამავე კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. შესაბამისად, დადგენილია რა ვადაში უნდა მომზადდეს გადაწყვეტილება და როდის უნდა ჩაიბაროს მხარემ იგი, ხოლო საპროცესო კოდექსი არ ადგენს რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მისთვის განსაზღვრულ ვადაში ვერ ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
5.3. როდესაც გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ არის მზად, მხარეს არ აქვს ვალდებლება გამოცხადდეს სასამართლოში, ვინაიდან სსსკ 2591 მუხლის დისპოზიცია მკაფიო რეგულირებას აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება არის მზად. ნორმით განსაზღვრული მიზნის მიღწევა კონკრეტული პირობის დადგომაზეა დამოკიდებული - ე.ი მისი ამოქმედება უკავშირდება დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებას.
5.4. მხარის მიერ დისპოზიციის ფარგლებში განცხადების დაფიქსირება, რომ მას სურს გადაწყვეტილების ასლი, არ გულისხმობს რომ იგი აპირებს ან არ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. შესაბამისად, მხარის გასაჩივრების უფლებაზე გავლენას ახდენს არა მხარის მიერ გადაწყვეტილების მოცემული ნორმით დადგენილ ვადაში განცხადების გზით გამოთხოვა, არამედ ამ ვადაში გადაწყვეტილების ჩაბარება, ხოლო თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ არის მზად არ მოქმედებს სსსკ 2591 მუხლი.
ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა უკავშირდება სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ჩაბარების ან გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის მომენტის დადგომას. (მაგ: სასამართლოს საქმისწარმოების პროგრამაში გასაჯაროება)
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისთვის (2.09.2019წ) პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.
13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლის ს. ქ-ისთვის, თუმცა მას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 17 აგვისტოდან და 2019 წლის 30 აგვისტოს ამოიწურა.
15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2019 წლის 02 სექტემბერს წარადგინა (იხ. ს.ფ. 96 და 105). სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ფაქტობრივად ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების და გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ბ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე