Facebook Twitter

საქმე №ა-1321-შ-35-2020 6 აპრილი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ა-ძის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი გ. უ-ის მიმართ, ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის მოთხოვნა დაკმაყიფილდა და 20... წლის ... ნოემბერს დაბადებულ ა. უ-ზე მშობლიური ვალდებულებები მთლიანად გადაეცა დედას - ა. ა-ძეს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ა-ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს (შუამდგომლობას) დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხებს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე და 71-ე მუხლების თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი;

ბ) ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ;

გ) ცნობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

წარმოდგენილ შუამდგომლობას ერთვის შემდეგი დოკუმენტების ასლები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მმაჩის ბიუროს განყოფილების მიერ გაცემული ამონაწერი დაბადების მოწმობიდან №G-47../20.., ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, ასევე, შუამდგომლობის აღძვრის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა წარმოდგენილი არ შეესაბამება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, არ არის დამოწმებული ზემოხსენებული წესის შესაბამისად და ამასთან, მათი შესწავლით ასევე არ ირკვევა ის ფაქტი, შესულია თუ არა წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, მოპასუხის დადგენილი წესით ინფორმირებისა და სხვა მსგავსი საპროცესო საკითხების თაობაზე, როგორც წესი, ცნობას გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო გასცემს.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება ერთ-ერთი მშობლისათვის ბავშვზე უფლებების ერთპიროვნულად მინიჭების საკითხს. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების/განჩინების იძულებით აღსრულების საკითხს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ოჯახის ერთ-ერთი წევრის ურთიერთობის უფლებას არასრულწლოვანთან იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებული არ არის და მხარეს შუამდგომლობით მომართვისას დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც ა. ა-ძეს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოსო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ძეს უარი ეთქვას გ. უ-ის მიმართ, ტემპელჰოფ-კროიცბერგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ.მიქაბერიძე