საქმე №ას-114-2020 13 აპრილი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ო-ვისა და მ. ღ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე ა. გ-ის სარჩელის გამო გ. ო-ვისა და მ. ღ-ძის მიმართ გარდაცვალების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
გ. ო-ვისა და მ. ღ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო/კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, საკასაციო სასამართლოში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით საპროცესო ვადა გაგრძელდა დამატებით 5 დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში მათ მიერ მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 10 მარტს ჩაბარდა გ. ო-ვს პირადად (იხ.ჩაბარების დასტური).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორები მათი მითითებით ცხოვრობენ ერთსა და იმავე მისამართზე (იხ.შესაგებლები, სააპელაციო საჩივარი), ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა რომ წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს - არიან მამა-შვილი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება), პალატა მიიჩნევს, რომ რომ გ. ო-ვისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება განიხილება განჩინების მეორე სუბიექტისთვის - მ. ღ-იძისთვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედებათა განხორციელების საკმარისი საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 11 მარტს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 16 მარტს (ვადის უკანასკენლი დღე დაემთხვა დასვენების დღეს - კვირას). ამ დროის განმავლობაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ. ო-ვისა და მ. ღ-იძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2.საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე