Facebook Twitter

საქმე №ას-1279-2019 2 მარტი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "პ. ბ." (მესამე პირი ძირითად სარჩელში; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ. კ-ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში) თ. თ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში), ე. ჯ-ი, ნ. ტ-ვა (მესამე პირები ძირითად სარჩელში, მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს "პ. ბ." (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი ძირითად სარჩელში, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბანკი) სასარგებლოდ არსებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, თ. თ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ 2011 წლიდან მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, რომელიც იპოთეკის საგნის რეალიზაციის გამო, 2012 წელს დასრულდა, თუმცა 2015 წლის ივლისში კვლავ განახლდა (იხ. ს.ფ. 127-134. ტ.3).

2. ქობულეთში, სოფელ ხ. მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #20.39.....(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სადავო ქონება) ზ. კ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ძირითად სარჩელში) საკუთრება იყო (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, .ფ. 15. ტ.1).

3. ქობულეთში, ა. ქუჩა #..-ში მდებარე 550.5 კვ.მ უძრავი ქონებიდან 272.5 კვ.მ (საკადასტრო კოდით #20.42.08...), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო ქონება) ასევე მოსარჩელის საკუთრება იყო (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 18. ტ.1).

4. 2015 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ შესაბამისად 3500 და 5000 ლარად მიჰყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები მოპასუხეს. (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულებები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 20-23; 16;19. ტ.1).

5. შპს „...-...-ის“ 2015 წლის 14 დეკემბრის დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, პირველი სადავო ქონება 11 500, ხოლო მეორე სადავო უძრავი ქონება 136 250 აშშ დოლარად შეფასდა (იხ. ს.ფ. 24-30. ტ.1).

6. მოპასუხის წინააღმდეგ დაწყებული სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე, 2015 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მხარეები არა ნასყიდობაზე, არამედ ქონების იჯარით გადაცემაზე შეთანხმდნენ (მოპასუხე იღებდა ვალდებულებას ქონების მესაკუთრისათვის ყოველთვიურად გადაეხადა შესაბამისად, 3500 და 5000 ლარი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან, მათ შორის არსებული ნდობის გამო, ხელშეკრულების შინაარსს ის არ გაცნობია.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, რაც დაედო საფუძვლად მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება); შედეგად, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებები და უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში კვლავ მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა (იხ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 38-43. ტ.1; ს.ფ. 48-49; 52-53. ტ.3).

8. პირველი უძრავი ქონება 2016 წლის 24 მარტს მოსარჩელემ ნ. ტ-ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი ძირითად სარჩელში, მესამე მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) 60 000 ლარად მიჰყიდა. (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 97; 178. ტ.3).

9. 2016 წლის 18 მარტს კი მეორე უძრავი ქონება თავდაპირველმა მოსარჩელემ ე. ჯ-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი ძირითად სარჩელში, მეოთხე მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) 50 000 ლარად მიჰყიდა (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 93-94. 95-96. ტ.3.).

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით, ბანკის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმისწარმოება განახლდა (იხ. განჩინება, ს.ფ. 49-53. ტ.2).

11. 2018 წლის 24 აპრილს ბანკმა წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების კვლავ მოპასუხის საკუთრებად აღრიცხვა მოითხოვა. მისი მტკიცებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავა ფორმალურია და ისინი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად მოქმედებდნენ. რეალურად ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და სადავო ქონება ისევ მოპასუხის საკუთრებაა.

12. შეგებებულმა მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ქონება მოპასუხის სახელზე ბათილი გარიგების საფუძველზე აღირიცხა, მოსარჩელემ დარღვეული უფლება დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აღიდგინა, ხოლო ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ მიჰყიდა მესამე პირებს, რომლებიც კეთილსინდისიერი შემძენები არიან.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მასა და პირველ მოპასუხეს შორის პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები; შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა.

14. ბანკმა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.1. სადავო საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სადავო ქონება კვლავ აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად, რომელმაც შემდგომ მესამე პირებზე გაასხვისა. პალატამ სსკ-ის 185-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ შემძენის ინტერესების დამცავი სანივთო დანაწესი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებითაა ნაკარნახები, რასაც კანონითვე დაშვებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია ხელს უწყობს (სსკ-ის 312-ე მუხლი). რაც შეეხება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის ცოდნას, უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რომელიც საეჭვოს ხდის უფლების შეძენის ნამდვილობას. ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო. შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც მის გონივრულ შესაძლებლობებს აღემატება. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს უადვილებს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც, მან დამაჯერებლად ვერ დაადასტურა.

16. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

16.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა ერთობლიობაში ყველა მტკიცებულება და დაეყრდნო მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების სამართლებრივ შეფასებას, ისე, რომ არ უმსჯელია ნივთის შეძენამდე არსებულ გარემოებათა ერთობლიობაზე, რაც შემძენთა კეთილსინდისიერებას საფუძველს აცლიდა.

16.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა შორის ნათესაური კავშირის არსებობა და დაფარული გარიგების დადების ფაქტი ბანკის ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის უსაფუძვლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია), 185-ე (შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე), 312.1 (რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) და 312.2 (იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო) მუხლების წინაპირობების არსებობამ განაპირობა.

20. დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ქონების სრულუფლებიან მესაკუთრედ კვლავ მოსარჩელე დარეგისტრირდა, ამ უკანასკნელმა კი, უძრავი ნივთი მესამე პირებზე გაასხვისა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა, სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის - საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი, გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, სრულად შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს. მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 312.2 მუხლიც, რომლის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთს ეწინააღმდეგება ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი. სსკ-ის 185-ე და 312.1. მუხლები ამ კონმფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს, კერძოდ, მესაკუთრეს აქვს უფლება, შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება.

21. რაც შეეხება საჯარო რეესტრის უსწორობის ცოდნას, პალატა განმარტავს, რომ უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც საეჭვოს ხდის უფლების შეძენის ნამდვილობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩანაწერის უზუსტობის შესახებ ინფორმაციის ქონა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო. შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება (იხ. სუსგ #ას-189-182-2013, 16.01.2014 წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4.1 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მესამე პირები უძრავი ნივთის არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მათ შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც განხორციელდა კიდეც, მესამე პირები საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხნენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ ვლინდებოდა.

23. საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად და კასატორის მიერ შედავებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების უკმარისობის საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მესამე პირები სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენები არიან და ამ ფაქტზე კასატორის შეცილება სამართლებრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

26. კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "პ. ბ." საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი