Facebook Twitter

საქმე №ას-1337-2019 2 მარტი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. გ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული ან ბაგა-ბაღის ....) ა(ა)იპ #... საბავშვო ბაგა-ბაღის ... დაინიშნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 709-ე მუხლი). მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენდა (იხ. ცნობა, ს.ფ. 16. ტ.1).

2. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 13 ივლისის #100 ბრძანებით ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ბრძანება, ს.ფ. 17. ტ.1).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 18-31.ტ.1).

4. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის 16 იანვრის #005 ბრძანებით, მოსარჩელე აღადგინეს ბაგა-ბაღის ... თანამდებობაზე (იხ. ბრძანება, ს.ფ. 32. ტ.1).

5. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის #015 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება), ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წესდების მე-6 მუხლის, მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები დაედო საფუძვლად (იხ. ბრძანება და მისი დასაბუთება , ს.ფ. 74; 110. ტ.1).

6. 2017 წლის 10 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა; მოპასუხეს ერთჯერადი კომპენსაცია - 6000 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ასევე - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; სშკ-ის მე-2, 32-ე, 37-ე და 38-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-8, 54-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლი გამოიყენა.

9. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.2 მუხლი).

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ... თანამდებობაზე; 2017 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად იძულებით განაცდურის - 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

12. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მისი მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, ავადმყოფობით, რაც დასტურდება ჯანმრთელობის შესახებ #302 ცნობით (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, ს.ფ. 114).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა საპატიო გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმისწარმოების განახლებას.

14. 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე წლის 2 ივლისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი დასაბუთებით:

14.1. კასატორის მტკიცებით, არსებობდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, გამოუცხადებლობის შესახებ ცნობილი იყო სასამართლოსთვის, ასევე, სხდომაზე გამოცხადდა სხვა წარმომადგენელი, ხოლო საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ცნობა ერთვის საჩივარს, შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები და უკვე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებიც.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

17. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

18. მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

19. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

20. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ბაგა-ბაღის .... აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო და განმარტავს, რომ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მას ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის ... დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.

22. ამდენად, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამ უფლებაზე უარის შესახებ სხვაგვარი შეთანხმება ბათილია. ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (ამასთან დაკავშირებით შდრ. საქმე სუსგ #ას-1203-2018, 25.04.2019, #ას-838-784-2017, 31.07.2017, # ას-379-363-2016, 30.06.2016).

23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, სარჩელი იურიდიულად გამართლებული არ იყო, რის გამოც, უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

24. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი