საქმე №ას-1559-2019 2 მარტი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - თ. ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის მთავრობის 2007 წლის 19 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, ე. მ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული ან ბაგა-ბაღის ...) ა(ა)იპ #... საბავშვო ბაგა-ბაღის ... დაინიშნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 709-ე მუხლი). მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენდა (იხ. დადგენილება, ს.ფ. 46-49. ტ.1).
2. 2015 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, სააგენტო ან დამსაქმებელი) და აცნობა, რომ ბაგა-ბაღში დამონტაჟებული 25 სათვალთვალო კამერიდან, არცერთი არ მუშაობდა და ითხოვა ხარვეზის აღმოფხვრა (იხ. მიმართვა, ს.ფ.65 ტ.1).
3. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ჯგუფის მიერ 2015 წლის 2 ოქტომბერს ბაგა-ბაღი შემოწმდა. დათვალიერებისას აღმოჩნდა ვიდეოკამერების გაუმართაობა; კვების ბლოკისა და საწყობის შემოწმებისას დადგინდა ქათმის ხორცის 440 გრ-ით ნაკლებობა, კაკაოს ფხვნილის ერთით მეტობა, მენიუფაქტურით გაწერილი 315 ფუნთუშის 40-ით (355 ცალი) მეტობა; სანიტარულ-ჰიგიენური საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჟურნალი ივსებოდა დარღვევით, სახელდობრ, მასში პროდუქციის აღრიცხვა 15.07.2015 წლით თარიღდებოდა, რის გამოც ფაქტობრივი ნაშთი და ჟურნალში აღრიცხული პროდუქცია ვერ შედარდა (იხ. დასკვნა, ს.ფ. 56-59, ტ.1).
4. აღნიშნულ ფაქტზე ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მოსარჩელესა და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორს, დირექტორის ახსნა-განმარტებაში ქათმის წონის ცდომილებად ტარის უზუსტობა, ხოლო ფუნთუშების მეტობად ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობაა მითითებული, ხოლო, რაც შეეხება სამეურნეო ჟურნალს, ხარვეზი საშტატო ერთეულის სიმცირითაა გამოწვეული (იხ. ახსნა-განმარტება, ს.ფ. 66. ტ.1).
5. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ, ადგილი ჰქონდა დირექტორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. შესაბამისად, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 12 ნოემბრის #2/212 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სადავო ბრძანება), მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედურის გამოცხადების სახით (იხ. ბრძანება, ს.ფ. 71, ტ.1).
6. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ჯგუფმა 2015 წლის 17 დეკემბერს კვლავ შეამოწმა ბაგა-ბაღი. დათვალიერებისას დადგინდა ვიდეოკამერების გაუმართაობა; ბოსტნეულის საწყობისა და სანიტარულ-ჰიგიენური საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ გადამალული რამდენიმე დასახელების ბოსტნეული, ხილი და სამეურნეო საქონელი, კერძოდ: ვაშლი - 10 კგ და 630 გრ; ხახვი - 15 კგ და 500 გრ; გოგრა - 3 კგ და 900 გრ; 2 მათეთრებელი („peros“); 33 ხელსაწმენდი და 2 ხელთათმანი. (იხ. დასკვნა, ს.ფ. 75-78. ტ.1). სამეურნეო ნაწილის კოორდინატორმა აღიარა გადანახული პროდუქტების არსებობა (იხ. ახსნა-განმარტება, ს.ფ. 84-85. ტ.1).
7. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის #244 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო ბრძანება), ვალდებულების განმეორებით დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წესდების მე-6 მუხლის, მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები, ბაგა-ბაღის წესდება და მონიტორინგის შედეგები დაედო საფუძვლად (იხ. ბრძანება და მისი დასაბუთება , ს.ფ. 74; 110. ტ.1).
8. 2016 წლის 5 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30.4 და 42-ე მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი; სშკ-ის 37-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 361-ე და „ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3 მუხლი გამოიყენა.
11. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანებები და მოსარჩელე აღდგენილ იქნა .... თანამდებობაზე; 2015 წლის 24 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის - 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
12.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ დგინდებოდა სშკ-ის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების კუმულაციურად არსებობა, რაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი იქნებოდა.
12.2. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომა და თავად ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელის განათლება და კვალიფიკაცია სადავო არ იყო, ამასთან, 2015 წლის 2 ნოემბრის მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ბაღის სახელს შებღალავდა და საზიანო იქნებოდა აღსაზრდელების სწავლა-განათლებისა ან/და ჯანმრთელობისათვის, არ გამოვლენილა, პალატამ უარყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირველი სადავო ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის სახით, სასტიკი საყვედურის გამოცხადების საფუძველი, რაც ამ ბრძანების ბათილობის წინაპირობაა.
12.3.. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვიდეოკამერების გაუმართავობა და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ პროდუქტების გადამალვის ფაქტი, მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა, ვინაიდან ამ პროდუქტების რეალური, ბაღში არსებული ფაქტობრივი წონა შეესაბამებოდა მიღებული პროდუქტების მასას. პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ დარღვევების არსებობა დაედო საფუძვლად დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას, პირველ სადავო ბრძანებასთან ერთად, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მეორე სადავო ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობა, ვინაიდან, 2015 წლის 21 დეკემბრის მონიტორინგის შედეგად ისეთი დარღვევა, რაც მიზანშეწონილს გახდიდა დასაქმებულის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებას, არ გამოვლენილა.
13. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. კასატორის მტკიცებით, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ... ეკისრება ვალდებულება, დაიცვას როგორც საკუთარი თანამშრომლის, ასევე - იმ ბავშვთა უფლებები, რომლებსაც შეიძლება, ზიანი მიადგეს მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის ქცევით, ამ შემთხვევაში, ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა უპირატესია. მასვე ეკისრება ზედამხედველობა და მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ნებისმიერ პირს.
13.2. კასატორის მტკიცებით, დასაქმებულის მიმართ 2015 წლის 12 ნოემბერს გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რათა მას მეტი წინდახედულობა და გულისხმიერება გამოეჩინა. სამწუხაროდ, მოსარჩელის სამსახურებრივი საქმიანობა არ გამოსწორებულა და დაშვებულ იქნა ახალი შეცდომები, შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღის მონიტორინგის შედეგად, ერთობლივად განხილვის საფუძველზე, დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სააგენტოს მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იყო ადეკვატური, რაც ქვემდგომმა სასამართლომ არ გაითვალისწინა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნეს.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ... გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (შდრ. საქმე სუსგ #ას-1203-2018, 25.04.2019, #ას-838-784-2017, 31.07.2017, # ას-379-363-2016, 30.06.2016). კერძოდ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
17. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ბაგა-ბაღის ..., „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). საკასაციო პალატის განსჯით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის .... დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის ... დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.
19. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის .... თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (სსკ-ის 720.1 მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ე. მ-ს, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1800 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი