Facebook Twitter

საქმე № ას-1559-2019 2 მარტი, 2020 წელი,

(კერძო) თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - თ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 5 თებერვალს ე. მ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული ან ბაგა-ბაღის ...) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან დამსაქმებელი) მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30.4 და 42-ე მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი; სშკ-ის 37-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 361-ე და „ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3 მუხლი გამოიყენა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანებები და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ... თანამდებობაზე; 2015 წლის 24 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად იძულებით განაცდურის - 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის ... თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებით განაცდურის - სამი თვის ხელფასის, თვეში 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა. მოპასუხემ კერძო საჩივარი წარადგინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ არსასრულებლად მიქცევის შესახებ მიღებულ განჩინებაზეც.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, დაუყოვნებლივ აღსრულებას წინ უნდა უძღვოდეს დასაბუთებული უნდობლობა დამსაქმებლის მიმართ, რომ იგი არ აღასრულებს გადაწყვეტილებას, მტკიცება, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მუშაკს, სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინება, თუ რა მატერიალური ზიანი შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივმა აღსრულებამ დამსაქმებლისთვის, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და მესამე პირს, რომელსაც უკავია გათავისუფლებული მუშაკის თანამდებობა, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ მოსარჩელის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებით განაცდურის - სამი თვის ხელფასის, თვეში 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევის შესახებ მიღებული განჩინების მართლზომიერება.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVIII თავის ნორმები, აწესრიგებს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წესს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, კერძოდ, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი, იმ შემთხვევათა ჩამონათვალს განსაზღვრავს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მხარის შუამდგომლობა. აღნიშნული ნორმის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს მუშაკისათვის არა უმეტეს სამი თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე არღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.

10. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე (სსსკ-ის 264.3 მუხლი), შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე შუამდგომლობაც უსაფუძვლოა.

11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. ე. მ-ის წ-ის ი. პ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი