Facebook Twitter

საქმე № ას-59-2020 04 მარტი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე. კ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეს დაევალოს 1992-2000 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ. არსებულ კომლად აღიაროს მოსარჩელე და აუნაზღაუროს ზიანი. საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (რეგიონული ოფისი).

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 15.09.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელე აღიაროს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ. არსებულ კომლად 1992-2000 წლებში. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ს.ფ. 6-10).

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.12-20). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.10.2017წ. განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (სუსგ 13.10.2017წ., საქმეზე #ას-713-666-2017).

6. 28.10.2019წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინების და სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინებით განცხადება ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და განმცხადებელს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად.

იმავე 04.11.2019წ. განჩინებით განცხადება ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.

8. განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტა, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისად, არსებობდა 03.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

9. განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 03.11.2016წ. განჩინებით საქმე დარღვევით გადაუგზავნა სამოქალაქო საქმეთა პალატას, რითიც წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ადმინისტრაციულმა პალატამ, ფაქტობრივად, 03.11.2016წ. განჩინებით არსებითად გადაწყვიტა საკითხი, დაასრულა საქმის განხილვა და საქმე გადაუგზავნა სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამდენად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების გაუქმების ობიექტს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

13. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ. 15.11.2019წ., საქმეზე Nას-1455-2019).

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-421-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში) მითითებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 03.11.2016წ. განჩინება, რომლითაც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას.

16. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ 03.11.2016წ. განჩინება არ წარმოადგენს ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების ობიექტს. ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (სუსგ. 10.09.2015წ., საქმეზე N ა-1222-ბ-10-2015).

17. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საქმეთა პალატისთვის საქმის განსჯადობით გადაცემის შესახებ, რომლის დამოუკიდებლად გასაჩივრებას კანონი კერძო საჩივრით არ ითვალისწინებს (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი), რაც ნათლად ადასტურებს, რომ მოცემული განჩინება თავისი ბუნებით შუალედური ტიპის განჩინებაა და საქმის წარმოების რაიმე ეტაპს საბოლოოდ არ ასრულებს.

შესაბამისად, თუ განჩინებით არ სრულდება საქმის განხილვა, იგი არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დასაშვებია (შდრ. იხ.: სუსგ. 30.05.2011წ., საქმეზე Nას-543-513-2011). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განცხადება განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მართებულად დატოვა განუხილველად.

18. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ 15.11.2019წ., საქმზე Nას-1455-2019 ).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.11.2019წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი