Facebook Twitter

საქმე№ა-379-შ-9-2020 11 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – აშშ-ს ნიუ იორკის სახელმწიფო უზენაესი სასამართლოს როკლენდის ოლქის 2019 წლის 29 ოქტომბრის, 049904670010 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ს ნიუ იორკის სახელმწიფო უზენაესი სასამართლოს როკლენდის ოლქის 2019 წლის 29 ოქტომბრის, 049904670010 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), ქ. ლ-სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) და გ. ბ-ს შორის სრს დუშეთის სამსახურის მიერ 2006 წლის 18 მაისს, 0036764 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 29 იანვარს, ქეთევან ლაფანაშვილმა, წარმომადგენლის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა და ითხოვა, დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების განქორწინების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებულები სხდომის თაობაზე. მოპასუხემ უარი განაცხადა შესაგებელზე.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, აშშ-ს ნიუ იორკის სახელმწიფო უზენაესი სასამართლოს როკლენდის ოლქის 2019 წლის 29 ოქტომბრის, 049904670010 გადაწყვეტილება რომლითაც შეწყდა სრს დუშეთის სამსახურის მიერ 2006 წლის 18 მაისს, 0036764 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე