საქმე№ა-512-შ-14-2020 11 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჯ. დ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. დ-ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მე-5 საოჯახო სასამართლოს №2017/1260 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მე-5 საოჯახო სასამართლოს №2017/1260 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), ჯ. დ-სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) და ს. დ-ნს შორის 2016 წლის 11 მაისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 5 თებერვალს, მომართა შუამდგომლობის ავტორმა, და ითხოვა, დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, განქორწინების თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებულები სხდომის თაობაზე. თუმცა თავდაპირველად არცერთი მხარე არ გამოცხადებულა. მოსარჩელემ (შუამდგომლობის ავტორმა), 2017 წლის 6 დეკემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს, აღნიშნულის შემდეგ მხარეებს ასევე ეცნობათ სხდომის დღე და საათი. მხარეებმა, ერთობლივი განცხადებით აღნიშნეს, რომ განქორწინებასთან დაკავშირებულ ყველ საკითხზე მორიგდნენ, ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ და სურდათ განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანა.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. დ-ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მე-5 საოჯახო სასამართლოს №2017/1260 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2016 წლის 11 მაისს რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე