საქმე №ას-35-2020 11 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ი. დ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი რ. გ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ნასყიდობის საგნის გაუმჯობესების საფასურისა და მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას - 2019 წლის 10 ივნისს ესწრებოდა უშუალოდ მოპასუხე - რ. გ-ი (ტ.2,ს.ფ. 185), ამდენად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 2591-ე მუხლი).
5. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე დასახელებულ პერიოდში სასამართლოში არ მისულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 11 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 24 ივლისს 24:00 საათზე.
6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 17 სექტემბერს, ანუ კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტმა, კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფოსტით ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
13. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 10 ივნისს, ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.2,ს.ფ. 185), შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება განცხადება, რომელიც დაადასტურებდა, მოპასუხის მიერ სასამართლოში გამოცხადებასა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას. მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება დასტურდება, დათარიღებულია 2019 წლის 6 სექტემბრით (ტ.2,ს.ფ.221). აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომლითაც 2019 წლის 8 ივლისს, მიმართა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, საპასუხოდ, კი იმავე დღეს გაეგზავნა და 2019 წლის 10 ივლისს ჩაჰბარდა გზავნილი.
17. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თვმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე