Facebook Twitter

საქმე №ას-69-2020 11 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. წ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ. ფ. კ. ჯ. ე. ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით გივი წულეისკირის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს ,,ჯ. ფ. კ. ჯ. ე. ს.-ს“(შემდეგში: მოპასუხე კომპანია) მიმართ სარგებლის და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობებისა და იმ გარემოებების მითითებით, რომელზეც აპელანტი ამყარებდა თავის მოთხოვნასა და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, ასევე სახელმწიფო ბაჟის - 641.04 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

5. სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 17 ოქტომბერს, განცხაებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, მოითხოვა, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული დროის გაგრძელება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო.

7. დასახელებული განჩინება, 2019 წლის 9 ნოემბერს, ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენლის - მ. ჩ-ნის მეუღლეს ბ. ს-იას.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ხარვეზის შევსებისთვის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 14 ნოემბერს. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

10. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება არ ჩაბარებია უშუალოდ აპელანტს ან მის წარმომადგენელს, არამედ ჩაჰბარდა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე მყოფ სხვა პირს, რომელიც სოფელში გაემგზავრა და გზავნილიც თან წაიღო.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უშუალოდ მას ან აპელანტს არ ჩაჰბარებია, რის გამოც ითხოვს გაშვებული ვადის აღდგენას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინების ასლი მოსარჩელეს/აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მისი წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ტ.1,ს.ფ.183) და 2019 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა მის მეუღლეს (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ტ.2,ს.ფ. 15), ზემოაღნიშნული კი, სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების მიხედვით, მიიჩნევა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არსებული განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება და თხოვნა, რომ გზავნილის უშუალოდ მიმღები პირი სოფელში გაემგზავრა და გზავნილი ადრესატისთვის არ გადაუცია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება, დაუსაბუთებელია.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. წ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნომებრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნომებრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე