Facebook Twitter

საქმე №ას-780-780-2018 22 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ლ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – შპს „მ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ლ-ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. ბ.“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ბანკი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. 2010 წლის 7 აპრილს მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ნასყიდობის საგნის მოსარჩელისათვის ნატურით დაბრუნება (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დაზუსტების და მტკიცებულებების დართვის თაობაზე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმი CD დისკი:10:08:35-10:09:20, ტ. 1. ს. ფ. 231-235, 271);

1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ორმხრივი ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის - 317 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. 2010 წლის 7 აპრილს ბანკმა მოსარჩელესთან მოტყუებით დადო უძრავი ნივთების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება №2, რომლის საფუძველზე ბანკმა შეიძინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 416.7 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, განთავსებული ქალაქ თბილისში, ი. ქ. №12 (ს/კ 01.10....)-ში მდებარე 480 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე და 651.6 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რომლიდანაც მოსარჩელის საერთო ფართია 371.6 კვ.მ. საცხოვრებელი ფართები განთავსებულია ქალაქ თბილისში, ჭ. ... ჩიხი, №... (ს/კ 01.14.14....)-ში მდებარე 235 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე;

2.2. ნასყიდობის საფასური შეადგენდა 317 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, მაშინ როდესაც ქონების რეალური ღირებულება ბევრად აღემატებოდა ამ თანხას. კერძოდ, სასაქონლო ექსპერტიზის თანახმად, სადავო ქონების ღირებულება იყო 580 755 აშშ დოლარი;

2.3. ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი იღებდა ვალდებულებას ნაყიდ უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში გადაეხადა ნივთის საფასური. ბანკმა უძრავ ნივთებზე თავისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა 2012 წლის 29 ივნისს, მაგრამ ნასყიდობის საფასური მოსარჩელისთვის არ გადაუხდია;

2.4. მოსარჩელის ოჯახს ნასყიდობის თანხა 2010 წელს ესაჭიროებოდა კუთვნილი საწარმოს გადასარჩენად, რომლის ქონების ხელში ჩაგდებასაც ცდილობდა ბანკი. აღნიშნული თანხა საკმარისი იქნებოდა, რათა საწარმოს განეახლებინა წარმოების ციკლი და მიეღო შემოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საწარმოს ქონება ბანკის საკუთრებაშია და მოსარჩელეს აღარ აქვს ბიზნესის წარმოების პერსპექტივა, 6 წლის დაგვიანებით თანხის მიღებამ მისთვის აზრი დაკარგა. ბანკის მიერ თანხის გადაუხდელობის შედეგად მოსარჩელეს ზიანი მიადგა, რომ არაფერი ითქვას იმ მრავალმილიონიან ზიანზე, რომელიც თანხის გადაუხდელობის გამო განიცადა შპს „მ.“;

2.5. 2012 წლის 10 აგვისტოდან დღემდე, ოთხი წლისა და 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ბანკში ძირითადი თანხის განთავსებით მას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი თვეში არანაკლებ 2%-ის ოდენობით, რაც 50 თვეზე შეადგენს 317 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის საფასური გადახდილია და თანხა, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, მიექცა ბანკის წინაშე შპს „მ.“ სასესხო ვალდებულების შესასრულებლად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოსარჩელის მხარეს ჩაება შპს „მ.“ (შემდგომში - „მესამე პირი“).

5. მესამე პირი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მას ბანკის წინაშე საკრედიტო დავალიანება არ გააჩნია. პირიქით, იგი სასამართლოში ედავება ბანკს და ითხოვს ამ უკანასკნელის მიერ მიყენებული ზარალის – 13 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურებას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენლების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უძრავი ქონების ნატურით დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ 2010 წლის 7 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მოსარჩელეს მოპასუხისაგან ნატურით საკუთრებაში დაუბრუნდეს ნასყიდობის საგნები (მდებარე - ქალაქი თბილისი, ი. ქუჩა №... / შენობა №1-დან საერთო ფართი: 416.7 კვ.მ. ს/კ 01.10.12..... / ქალაქი თბილისი, ნ. რ. ქუჩის ... ჩიხი №.. შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 651.6 კვ.მ. აქედან საერთო ფართობი 371.6 კვ.მ. /III სართული 147 კვ.მ.; IV სართული 147 კვ.მ. და მანსარდი 77.6 კვ.მ. ს/კ 01.14.14....); სარჩელი მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 230-ე მუხლით და საქმის მასალებით დაადგინა, რომ მოპასუხე სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადებულა და დადგენილი წესით არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. გამომდინარე აქედან, მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო.

8. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 352-ე, 405-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უძრავი ნივთის ნატურით დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

9. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. მოპასუხის წარმომადგენელს კ. ბ-ძეს (შემდგომში - „მოპასუხის წარმომადგენელი“) ჰქონდა პატივსადები მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა გამოცხადებულიყო 2017 წლის 28 აპრილს, 11 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე. წარმომადგენლის დედა - ლ. მ-ია 2017 წლის 28 აპრილს, დილით შეუძლოდ შეიქმნა და 11 საათამდე მდგომარეობა დაუმძიმდა. ვინაიდან ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, მოპასუხის წარმომადგენელმა მას აღმოუჩინა გადაუდებელი პირველადი დახმარება, რის გამოც დადგენილი წესით ვერ შეატყობინა სასამართლოს ხსენებულ გარემოებათა შესახებ;

9.2. 12 საათი იყო დაწყებული, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოდან მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და ჰკითხა პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე. მოპასუხის წარმომადგენელმა მას აუხსნა შექმნილი ვითარება და უთხრა, რომ, თუ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, პროცესზე გამოცხადდებოდა. ოდნავ მოგვიანებით მასთან კვლავ ჰქონდა კომუნიკაცია და უთხრა, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, უკვე გზაში იყო და პროცესზე გამოცხადდებოდა. სასამართლოსკენ მიმავალმა გადარეკა სახლში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, ხოლო დედამ უთხრა, რომ თავს კვლავ ძალიან ცუდად გრძნობდა. მოპასუხის წარმომადგენელმა დედას სთხოვა სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა და თავადაც მიბრუნდა სახლში. მითითებული მოვლენები ვითარდებოდა 11 საათიდან 12 საათამდე შუალედში;

9.3. მოპასუხის განმარტებით, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, კობა ბახტურიძის გარდა ბანკის წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნდა კიდევ ორ პირს - დ. ჩ-ას და შ. დ-ძეს, თუმცა მათ არ შეეძლოთ პროცესზე გამოცხადება, ვინაიდან დ. ჩ-ია იურისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო შ. დ-ძე 2017 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 29 აპრილამდე იმყოფებოდა შვებულებაში. ამასთან, 2017 წლის 30 მარტს ბანკმა გამოაცხადა ვაკანსია იურიდიული დეპარტამენტის საპროცესო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარი იურისტის პოზიციაზე, ხოლო სასამართლო სხდომის პერიოდისთვის გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის დასაქმების შესახებ მიღებული არ იყო;

9.4. ამდენად, დასტურდება ის გარემოება, რომ სხდომის დღეს, 2017 წლის 28 აპრილს, ბანკის საპროცესო წარმომადგენლობის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოპასუხის წარმომადგენელთან დაკავშირებული, გაუთვალისწინებელი შემთხვევიდან გამომდინარე, შემჭიდროებულ ვადაში უზრუნველეყო ბანკის სხვა თანამშრომლის სხდომაზე დასწრება;

9.5. გარდა ამისა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. არასწორი იყო სასამართლოს მითითება, რომ დამტკიცებულად უნდა მიჩნეულიყო ბანკის მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი. ამასთან, სარჩელითა და თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ დაიცვა სსკ-ის 355-ე მუხლით ხელშეკრულებიდან გასვლისთვის დადგენილი სავალდებულო პირობა, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, რაც შესაძლებლობას მისცემდა მოპასუხეს, განესაზღვრა ხელშეკრულებიდან გასვლის გონივრული ვადა ამავე კოდექსის 356-ე მუხლის შესაბამისად. ასევე სრულიად დაუსაბუთებელი იყო სარჩელი სსკ-ის 405-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეს არსად მიუთითებია, აღნიშნული ნორმით განსაზღვრული რომელი პირობის არსებობა უნდა დაედოს საფუძვლად ხელშეკრულებიდან გასვლას და რა ფაქტობრივი გარემოება ადასტურებდა ასეთი პირობის არსებობას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

11. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დავის მხარეს წარმოადგენდა არა ფიზიკური პირი, არამედ - იურიდიული პირი, რომელსაც წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი გონივრული და დროული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, როგორიცაა, თუნდაც სატელეფონო ზარის განხორციელება ბანკის იურიდიულ ან სხვა სამსახურში, შეეძლო მობილიზება და სასამართლოს დროული ინფორმირება წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, სასამართლოს კანცელარიაში განცხადების წარდგენის ან/და სასამართლოს აპარატთან კომუნიკაციის გზით, რაც საკმარისი იქნებოდა საქმის განხილვის გადადებისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის შეტყობინება რაიმე ფორმით არ მომხდარა, პირიქით, თავად სასამართლოს აპარატის თანამშრომელი დაუკავშირდა მხარის წარმომადგენელს. სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2017 წლის 28 აპრილს, 11:00 საათზე, სასამართლომ 55-წუთიანი ლოდინის შემდეგ, 11:55 საათზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებდა, რომ მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დასაცავად, მიეცა საკმარისზე მეტი დრო და, შესაბამისად, არ არსებობდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

14. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის დღისა და დროის თაობაზე.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა 2017 წლის 28 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ. სხდომის მდივანმა აღნიშნული მოახსენა საქმის განმხილველ მოსამართლეს, თუმცა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიოდ არ იქნა მიჩნეული.

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ჩათვალოს, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა დედის ავადმყოფობის გამო. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია იძლეოდა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს 2017 წლის 28 აპრილს სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვეოდა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის დედას გააჩნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გაუუარესდა 2017 წლის 28 აპრილს. შესაბამისად, საჩივრის ავტორს მოუხდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, შედგა სამედიცინო ბარათი, რომლითაც ირკვეოდა სასწრაფო დახმარების გამოძახების დღე და დრო (იხ. ტ. 2; ს. ფ. 22), რაც ემთხვეოდა საპროცესო დღეს. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ შეატყობინა სასამართლოს შესაბამის მოხელეს პროცესზე გამოცხადების შესახებ და ამით გამოხატა ინტერესი დავის მიმართ.

17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მოპასუხის წარმომადგენლების - დ. -ას, კ. ბ-ძისა და შ. დ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობები, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას. საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მხარის ცნობები, რომელთა თანახმად, დ. ჩ-ია სასამართლო სხდომის დღისათვის ანუ 2017 წლის 28 აპრილისათვის გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო შ. დ-ძე იმყოფებოდა შვებულებაში. შესაბამისად, მხოლოდ კ. ბ-ძე იყო უფლებამოსილი 2017 წლის 28 აპრილისათვის მონაწილეობა მიეღო სასამართლო სხდომაში და მისი გამოუცხადებლობა პალატამ საპატიოდ მიიჩნია.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

19. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

19.1. სასამართლო სხდომა დაიწყო 2017 წლის 28 აპრილს 11 საათზე. სხდომის მდივანმა თ. თ-მა აუწყა მოსამართლეს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელსაც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მოსამართლემ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

19.2. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით და სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, 2017 წლის 28 აპრილს ცუდად გახდა წარმომადგენლის დედა, რის გამოც მან 11 საათსა და 52 წუთზე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ამის გამო, მან ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მიზეზი სრულიად უსაფუძვლოდ და არაკანონიერად გაიზიარა;

19.3. პაციენტის სამედიცინო ბარათში მითითებული გარემოებები არ შეიძლება მიჩნეულიყო მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლოზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და მის საფუძველზე დაკმაყოფილებულიყო სააპელაციო საჩივარი, რადგან: ა) საეჭვოა პაციენტის სამედიცინო ბარათში მითითებული სასწრაფო დახმარების გამოძახებისა და მისი შევსების თარიღი. აშკარად შესამჩნევია ბარათში მითითებული თარიღის - 28.04 - გადაფხეკა, გადასწორება; ბ) ბარათის მიხედვით, სასწრაფო დახმარება გამოძახებულ იქნა 11 საათსა და 52 წუთზე, მაშინ როდესაც მოპასუხის წარმომადგენელი 11 საათისთვის უკვე სასამართლოში უნდა ყოფილიყო; გ) მოპასუხე მკაცრად ორგანიზებულია მომეტებული თანამშრომლებით. მოპასუხის წარმომადგენელს შეეძლო ეცნობებინა ბანკისათვის პროცესზე დასწრების შეუძლებლობის შესახებ და ბანკი სასამართლო სხდომაზე მყისვე გაგზავნიდა სხვა თანამშრომელს;

19.4. მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელიც 2017 წლის 28 აპრილს 11 საათზე უნდა ყოფილიყო სასამართლოში, არ აცნობა სასამართლოს, რომ მას საპატიო მიზეზით არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, თუმცა მას შეეძლო სასამართლოსთვის ამის შეტყობინება;

19.5. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მეორე საფუძველს, რომ თითქოს არ არსებობდა სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ჩათვლილი, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო საფასურის გადაუხდელობის გარემოება, მართალია, მან ასახვა ვერ ჰპოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, მაგრამ მომხსენებელმა მოსამართლემ საქმის მოხსენების დროს აღნიშნა, რომ ამ სახელშეკრულებო საფასურით დაფარულ იქნა მესამე პირის ბანკისადმი არსებული დავალიანება, თუმცა საქმის მასალებში არც სახელშეკრულებო საფასურის მოსარჩელისთვის გადახდისა და არც ბანკის დავალიანების დაფარვის თაობაზე რაიმე დოკუმენტური მტკიცებულებები არსებობს. ამით მომხსენებელი მოსამართლე განგებ შევიდა საქმის არსებით განხილვაში, რაც დაუშვებელია.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

23. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

24. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

26. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

27. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები [სსსკ-ის 233.1. მუხლი].

28. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ.იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

29. სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის მთავარი სხდომის ოქმი, ტ. 1. ს. ფ. 282-289). სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 28 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის მთავარი სხდომის ოქმი, CD დისკი: 11:37:09-11:38:23, ტ. 1. ს. ფ. 282-289).

31. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

32. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

33. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

34. მოპასუხე სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზად უთითებს სასამართლო განხილვის დღეს მისი წარმომადგენლის კ. ბ-ძის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, დედამისი - ლიანა მალაზონია 2017 წლის 28 აპრილს შეიქმნა შეუძლოდ და 11 საათამდე მდგომარეობა დაუმძიმდა; ვინაიდან სახლში მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენელი და დედამისი იმყოფებოდნენ, მას მოუხდა დედამისისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება.

36. ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხის წარმომადგენლის დედის ავადმყოფობას სასამართლო მიიჩნევს პროცესზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, სასამართლო პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობა მაინც ვერ ჩაითვლება საპატიოდ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოპასუხე არის იურიდიული პირი, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავდა უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნული წარმომადგენლის ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო პროცესზე ბანკის გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენლის ოჯახის წევრის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) ბანკისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა ამ უკანასკნელის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ანუ, თავად წარმომადგენლის დედის ავადმყოფობის ფაქტი, თავისთავად, შეუძლებელს არ ხდის პროცესზე ბანკის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა ბანკს შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან ეცნობებინა სასამართლოსთვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე.

37. მოპასუხის მითითება, რომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით, კ. ბ-ძის გარდა ბანკის წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნდა ორ ფიზიკურ პირს - დ. ჩ-ას და შ. დ-ძეს, თუმცა მათ არ შეეძლოთ პროცესზე გამოცხადება, ვინაიდან დ. ჩ-ია იურისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 18 აპრილიდან, ხოლო შ. დ-ძე 2017 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 29 აპრილამდე იმყოფებოდა ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში, ასევე განმარტება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 30 მარტს ბანკმა გამოაცხადა ვაკანსია იურიდიული დეპარტამენტის საპროცესო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარი იურისტის პოზიციაზე, ხოლო სასამართლო სხდომის დღეს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის დასაქმების შესახებ მიღებული არ იყო, ვერ მიიჩნევა მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ: №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).

39. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს კ. ბ-ძის, დ. ჩ-ასა და შ. დ-ძის გარდა, არ ჰყავდა სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის განმახორციელებელი სხვა პირი. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 5 აპრილს გაცემული რწმუნებულება, რომლის თანახმად, კ. ბ-ძეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე ბანკის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მიანიჭა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა თ. ბ-ამ, რომელსაც, თავის მხრივ, აღნიშნული უფლებამოსილება მიანიჭა ბანკის გენერალურმა დირექტორმა კ. კ-ძემ (იხ. 2016 წლის 12 სექტემბერს გაცემული რწმუნებულება, ტ. 1. ს. ფ. 276-279) და, რომელსაც ასევე წარმატებით შეეძლო წარმოედგინა ბანკის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე.

40. ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ბანკს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია.

41. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ, როგორც ობიექტურად, გადაუდებელი დახმარებით დაკავებულობის გამო, ისე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დადგენილი წესით შეეტყობინებინა სასამართლოსთვის ან დამსაქმებლისთვის აღნიშნულ გარემოებათა შესახებ, რაც მხარეს მისცემდა შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, თუ წარმომადგენელს არ შეეძლო მოსამართლის აპარატთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება (ტელეფონის ნომრის მოძიება და ა.შ.), მისთვის შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო საკუთარი დამსაქმებლის გაფრთხილება პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელი თერთმეტ საათზე უნდა ყოფილიყო სასამართლოს სხდომაზე. შესაბამისად, მას ადრევე უნდა დაეჭირა თადარიგი საკუთარ დამსაქმებელთან დასაკავშირებლად და არ უნდა დალოდებოდა 12-ის წუთებზე მოსამართლის თანაშემწის ზარს.

42. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ და ამ მხრივ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლიდან გამომდინარე [თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე], იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია [სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია].

45. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი]. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში.

46. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიოა და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს ასეთი, სამართლებრივად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივი გარემოებების წრე და მისცეს მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა მივა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სახეზე იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

48. მოცემულ შემთხვევაში კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 5700 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. კასატორს მ. ლ-ას (პ/ნ: 010150...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 5700 ლარის გადახდა;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე