№ას-1807-2019 6 მაისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - განქორწინება, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
რ. დ-ძემ, (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-ძის (შემდგომში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ განქორწინების და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, განქორწინების მოთხოვნის ნაწილში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით რ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მასზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით, დაევალა ხარვეზის შევსება 7 დღის ვადაში, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილ პირობებს.
პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 18 ივლისს განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ე. პ-ძეს, სააპელაციო საჩივარში, მის მიერვე მითითებულ სამუშაო ადგილის (შპს „ს., პ. და პ-ები) მისამართზე - თბილისი, ძ.ზ-ების ქუჩა #.....
გზავნილი ადრესატ ემზარ პაქსაძისათვის გადასაცემად, 2019 წლის 23 ივლისს, ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელს - იურისტ ა. ს-ძეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით, ითვლება გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად.
პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის ათვალა დაეწყო 2019 წლის 24 ივლისიდან და ამოეწურა 2019 წლის 30 ივლისს 24 საათზე. აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობა აღუძრავს სასამართლოში ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ხ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შეუვსებლობა არ არის გამოწვეული საჩივრის ავტორის ბრალით. არავითარი დოკუმენტი ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლოდან არ მიუღია და არც მის წარმომადგენელს ე. პ-ძეს უცნობებია მისთვის. მეტიც, აღნშნულის შემდგომ მას გაუუქმა მინდობილობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 7 დღიანი საპროცესო ვადა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის წარსადგენად. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
2018 წლის 18 ივლისს განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ე. პ-ძეს, სააპელაციო საჩივარში, მის მიერვე მითითებულ სამუშაო ადგილის (შპს „ს., პ. და პ-ები) მისამართზე - თბილისი, ძ. ზ-ების ქუჩა #.... გზავნილი ადრესატ ე. პ-ძისათვის გადასაცემად, 2019 წლის 23 ივლისს, ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელს - იურისტ ა. ს-ძეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით, ითვლება გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად.
აპელანტს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის ათვალა დაეწყო 2019 წლის 24 ივლისიდან და ამოეწურა 2019 წლის 30 ივლისს 24 საათზე. აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობა აღუძრავს სასამართლოში ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე. სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით დარჩა განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებულ არგუმენტებს შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად. მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ე. პ-ძეს მიენიჭა აღნიშნული მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო, მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის სტატუსით. დავალების ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება, დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის მოვალეობა, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენელი მხარესა და სასამართლოს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. მის მიერ მხარისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ყოველი საპროცესო მოქმედება აღიქმება და უთანაბრდება თავად მხარის მხრიდან მათ განხორციელებას. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წარმომადგენლის პასუხისმგებლობა მხარის მიმართ. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების საფუძველზე წარმოიშობა სამართლიანი ვარაუდი, რომ წარმომადგენელი ანგარიშს აბარებს მარწმუნებელს დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მხარისათვის ცნობილია მისი სახელით განხორციელებული ქმედებების შესახებ. (სუსგ№ას-1138-1084-2014,22 დეკემბერი, 2014 წელი).
ირკვევა, რომ სამართალწარმოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ნ. ხ-ძის სახელით ახორციელდებდა ემზარ პაქსაძე. შესაბამისად, სასამართლო კორესპოდენცია იგზავნებოდა და ბარდებოდა წარმომადგენელს სამუშაო ადგილის
მიხედვით.
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და სადავო არაა, რომ აპელანტს (მოპასუხეს) სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი და განუხილველი დატოვა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ 04.11.2016წ., საქმეზე №ას-851-817-2016; სუსგ 14.01.2020, საქმეზე №ას-1615-2019).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, კი თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის განმარტება გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სანოტარო აქტი რწმუნებულების/მინდობილობის გაუქმების შესახებ, რომლის თანახმად, ნ. ხ-ძემ, ე. პ-ძეს გაუუქმა სასამართლოში მისი სახელით საქმის წარმოების უფლებამოსილება.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სანოტარო ბიუროში მიმართული აქვს 2019 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა 2019 წლის 22 აგვისტოს. შესაბამისად, ე. პ-ძე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროისათვის იცავდა საჩივრის ავტორის უფლებებს სასამართლოში და მის მიერ დასახელებული ვერც აღნიშნული არგუმენტია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია და ნატო ხინკილაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე