Facebook Twitter

საქმე №ას-62-62-2018 27 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ბ.თ. ჯ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2015 წლის 16 დეკემბერს შპს „თ.ბ.თ. ჯ.“ (შემდგომში „მოსარჩელე“ „გამყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ი/მ ა. ფ-ვას (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მყიდველი“) შორის დაიდო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით იკისრა მოპასუხისათვის ხორბლის ფქვილის მიწოდების, ხოლო მოპასუხემ - მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ზეპირი ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ სხვადასხვა დროს მოპასუხეს მარტვილის რაიონში მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქცია.

2. მიწოდებული პროდუქციის სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 44 880 ლარი.

3. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში და სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების, 59 456.75 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა. დავალიანების დასადასტურებლად კი მიუთითა საბუღალტრო ამონაწერებზე, სასაქონლო ზედნადებებსა და ბანკის მიერ გაცემულ საგადახდო დავალებებზე.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სრულად აქვს ანაზღაურებული მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება და მოსარჩელე ცდილობს უკვე გადახდილი თანხები განმეორებით გადაახდევინოს მას. ზედნადებების მეშვეობით კი მოპასუხეს საქონელი არ მიუღია, მას არც შესაბამისი ხელმოწერით დაუდასტურებია საქონლის მიღების ფაქტი.

5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილლდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 59 456.75 ლარის გადახდა.

6. რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქმეში წარდგენილ საბუღალტრო დოკუმენტაციაზე, სასაქონლო ზედნადებებზე, მოწმეთა ჩვენებებზე და მიიჩნია, რომ უტყუარად დასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობის ფაქტი.

7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის ფაქტი ვერ დაამტკიცა.

10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ამავე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდების ფაქტი არ დასტურდება. ზედნადების საფუძველზე საქონლის მიღება შეიძლება დადასტურდეს მიმღების ხელმოწერით, თუმცა სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი სასაქონლო ზედნადები მოპასუხე მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის, ისინი ვერ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის მიღების ფაქტს.

11. სააპელაციო სასამართლომ დავალიანების არსებობის დასადასტურებლად ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ანგარიშის ბარათსა და სალაროს შემოსავლის ორდერებზე და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას და არა აუნაზღაურებელი პროდუქციის მიწოდებას ეხება.

12. სასამართლომ შეაფასა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებიც და მათი შინაარსის ურთიერთშეჯერებით დაასკვნა, რომ მოწმეთა ჩვენებები ეყრდნობოდა თავად მოსარჩელის მიერ შედგენილ საფინანსო დოკუმენტაციას და იგი არ იძლეოდა ინფორმაციას მოპასუხის მიერ მიღებული პროდუქციის მოცულობის თაობაზე.

13. მოწმის სახით დაკითხული პირების, მოსარჩელე ორგანიზაციის მძღოლების ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ ცალკეული მიწოდების ფაქტები დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მიწოდებათა ჯამი სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნულ მიწოდებათა რაოდენობას ბევრად ჩამოუვარდებოდა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული ჰქონდა 106 641,75 ლარის ღირებულების პროდუქცია 25-ჯერ, მაშინ როდესაც მოწმეთა, მ. გ-ისა და კ. ა-ძის განმარტებით, მათ მოპასუხეს პროდუქცია მიაწოდეს ორ-ორჯერ, ხოლო მოწმეებმა თ. ხ-ამ და გ. ბ-ამ განხორციელებული მიწოდების რაოდენობა ვერ გაიხსენეს.

14. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ პროდუქციის მხოლოდ 6-ჯერ მიღების ფაქტი, რასაც თავად მოპასუხეც არ ხდიდა სადავოდ და მისი ღირებულებაც გადახდილი ჰქონდა.

15. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და რაიონულმა სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულებულად. მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდება დასტურდება საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებებით, ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს 100 631,75 ლარის ღირებულების ხორბლის ფქვილის მოპასუხისთვის მიწოდების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ატვირთულია როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე მოპასუხის ინტერნეტ გვერდზე და აღნიშნულზე არც მოპასუხეს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. საქონლის მიწოდების ფაქტი მან მხოლოდ გამყიდველის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდგომ უარყო, რაც ემსახურება მისი მხრიდან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა საქონელს (ხორბლის ფქვილს), რაშიც მოპასუხე იხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხებს.

23. საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია ისიც, რომ მოპასუხეს სხვადასხვა დროს მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, საერთო ჯამში 44 880 ლარი.

24. ამრიგად, წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. შესაბამისად, ამ ნორმის თანახმად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი (იხ. სუსგ საქმე № ას-970-935-2016,18 დეკემბერი, 2017 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში სადავოა გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქციის მიწოდების ფაქტი.

26. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები - სასაქონლო ზედნადებები და მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები და არასწორად არ მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდების ვალდებულების შესრულება.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს და მათი შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

30. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

31. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

32. ამასთან, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (ეს შეიძლება იყოს მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები) [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

33. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის (გამყიდველის) მითითებას იმის შესახებ, რომ მყიდველისთვის 59 456,75 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებებით. სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა) და ნორმის შინაარსის მხედველობაში მიღებით განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადები, რომელიც საგადასახადო სფეროსათვის განკუთვნილი პირდაპირი მტკიცებულებაა, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, საჯარო-სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე, ადასტურებს ხელშეკრულების არსებით პირობებს (სკ-ის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით), კერძოდ: შეიცავს ინფორმაციას გარიგების მხარეების, გარიგების საგნისა და ფასის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1437-1357-2017, 11 მაისი, 2018 წელი). ამავდროულად, ზედნადებში მითითებული საქონლის მიღების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი პირის (მიმღების) ხელმოწერით.

34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებები არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის, მყიდველის მიერ (იხ. ტ. 2. ს.ფ 14-38), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მათში ასახული ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო ზედნადებებით განსაზღვრული საქონლის მოპასუხის მიერ მიღების ფაქტი, რაც საფუძველს აცლის მოსარჩელის მოთხოვნას ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის (მიწოდებული საქონლის ღირებულების) ანაზღაურების თაობაზე.

35. დაუსაბუთებელია ასევე, კასტორის მითითება სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მოპასუხის ვებ-გვერდებზე სასაქონლო ზედნადებების ატვირთვის შესახებ და იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. შესაბამისად, არც მითითებული გარემოება ქმნის კასატორის პრეტენზიის გაზიარებისა და მოპასუხისათვის სადავო თანხის დაკისრების საფუძველს.

36. რაც შეეხება საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების არასწორად შეფასების შესახებ, სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და განმარტავს, რომ კასატორის მხოლოდ მითითება სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების წესის დარღვევაზე არ შეიძლება გახდეს მისი გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გაბათილების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით არ დასტურდება სასაქონლო ზედნადებებში ასახული პროდუქციის მითითებული რაოდენობით მოპასუხის მიერ მიღების ფაქტი. უფრო მეტიც, არსებული ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოწმეთთათვის საერთოდ უცნობი იყო ადასტურებდა თუ არა მყიდველი სასაქონლო ზედნადებებს.

37. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მართებულად იქნა უარყოფილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე #ას-283-267-2011, 21 ნოემბერი, 2011 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2972,85 ლარის 70% – 2080,99 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ.ბ.თ. ჯ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „თ.ბ.თ. ჯ.“ (ს/კ: 205186...) დაუბრუნდეს ნ. ც-ძის (პ/ნ: 180010...) მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2972 (ორი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარისა და 85 თეთრის 70% – 2080 (ორი ათას ოთხმოცი) ლარი და 99 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე