საქმე №ას-1776-2019 10 აპრილი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ბ.ა.ჯ.“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ., ს. ტ-ი, გ. კ-ი, მ. ბ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და ორი თვის შრომის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. თ. ნ-ამ, ს. ტ-მა, გ. კ-მა და მ. ბ-მა (შემდეგში - მოსარჩელეები ან დასაქმებულები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „ბ.ა.ჯ.“ (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ.
2. მოსარჩელეებმა დააზუსტებული სარჩელით მოპასუხისგან მოითხოვეს სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა და განაცდურის ანაზღაურება, რომელიც მათი განმარტებით 2018 წლის 1 სექტემბრიდან, შრომითი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე, შეადგენს თ. ნ-ას ნაწილში ხელფასს 2700 ლარს და ბონუსს 700 ლარს; ს. ტ-ის ნაწილში - ხელფასს 3690 ლარისა და ბონუსს 500 ლარს; გ. კ-ის ნაწილში - ხელფასს 3000 ლარს და ბონუსს 400 ლარს; და ბოლოს, მ. ბ-ის ნაწილში - ხელფასს 4400 ლარსა და ბონუსს 300 ლარს.
3. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი დამსაქმებელ ორგანიზაციაში საქმიანობის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ისინი გამოირჩეოდნენ მუშაობის მაღალი ხარისხით, ხოლო სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისათვის წახალისების სახით ერიცხებოდათ პრემია ყოველ თვეში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სარეკომენდაციო წერილები. 2018 წლის 20 ივლისს ორგანიზაციის ხელმძღვანელობისაგან შეიტყვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ორგანიზაცია წყვეტდა საქმიანობას, მისი მოქმედი პორტფელი კი იყიდა სს „კ. ბ.“. მოპასუხემ მოსარჩელეებს განუმარტა, რომ სს „კ. ბ.“ შეთანხმებით, მათ შესთავაზებდნენ იმავე ან მსგავს პოზიციაზე დასაქმებას მითითებულ „ბ.“, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მათთან ვადაზე ადრე შეწყდებოდა ხელშეკრულება და მისცემდნენ კომპენსაციას. 2018 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელეები გამოცხადდნენ სამსახურში, მაგრამ ოფისი დაკეტილი დახვდათ. მათი წერილობითი მოთხოვნის პასუხად, მოპასუხე ორგანიზაციამ აცნობა, რომ 2018 წლის 03 სექტემბრიდან გათავისუფლებული იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან, სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო. აღნიშნული საფუძველი სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან იმავე ორგანიზაციამ რამდენიმე დღით ადრე გასცა რეკომენდაციები, სადაც ისინი დახასიათებულები იყვნენ დადებითად.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები ინფორმირებული იყვნენ კომპანიაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ; მოპასუხემ გაასხვისა სასესხო პორტფელი, რაც წარმოადგენდა მის ძირითად საქმიანობას და მიიღო გადაწყვეტილება ყველა ფილიალის დახურვასთან დაკავშირებით. სასესხო პორტფელი შეიძინა სს „კ. ბ.“. 2018 წლის 23 ივლისს, მოპასუხე კომპანიასა და სს „კ. ბ.“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ოთხივე მოსარჩელეს გაეგზავნა წერილი, სს „კ. ბ.“ ტოლფასი სამუშაოს შეთავაზებით, ოთხივე შემთხვევაში, შრომითი ანაზღაურება იყო კომპანია „ბ.ა.ჯ.“ არსებული ანაზღაურების იდენტური. მოსარჩელეებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე არ განაცხადეს თანხმობა. დასაქმებულებმა თავიანთი ნებით დატოვეს სამსახური, რადგან არ გადავიდნენ სს „კ. ბ.“, მოპასუხე კომპანია კი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას შრომითი ურთიერთობა გაეგრძელებინა მოსარჩელეებთან.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ს. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2750 ლარს (გადასახადების ჩათვლით); მოპასუხეს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2000 ლარს (გადასახადების ჩათვლით); მოპასუხეს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2500 ლარს (გადასახადების ჩათვლით); მოპასუხეს თ. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2250 ლარს (გადასახადების ჩათვლით).
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. თ. ნ-ას შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან გაფორმებული ჰქონდა 2017 წლის 01 სექტემბრიდან, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით; 2017 წლის 01 დეკემბერს მასთან გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება 2018 წლის 01 დეკემბრამდე, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 900 ლარს, დარიცხული 1125 ლარს.
8. ს. ტ-ს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან გაფორმებული ჰქონდა 2017 წლის 11 სექტემბრიდან, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, 2017 წლის 11 დეკემბერს მასთან გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება 2018 წლის 11 დეკემბრამდე, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1100 ლარს, დარიცხული 1375 ლარს.
9. გ. კ-ს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან გაფორმებული ჰქონდა 2017 წლის 01 სექტემბრიდან, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, 2017 წლის 01 დეკემბერს მასთან გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება 2018 წლის 01 დეკემბრამდე, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს, დარიცხული 1250 ლარს.
10. მ. ბ-ს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან გაფორმებული ჰქონდა 2017 წლის 14 აგვისტოდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით, 2018 წლის 14 თებერვალს გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება 2018 წლის 14 თებერვლამდე, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 800 ლარს, დარიცხული 1000 ლარს.
11. დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 20 ივლისს მოპასუხე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიაში შიდა რეორგანიზაციის/ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების და ეტაპობრივად კომპანიის ყველა ფილიალის დახურვის, ასევე კომპანიის თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმალურ რაოდენობამდე შემცირების შესახებ.
12. დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 23 ივლისს მოსარჩელეებს სს „კ. ბ.“ შესთავაზა დასაქმება, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შეთავაზების თანახმად, მუშაობის დაწყების თარიღი იყო 2018 წლის 1 სექტემბერი. აღნიშნულ წინადადებაზე მოსარჩელეებს არ განუცხადებიათ თანხმობა.
13. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიის ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტები ს. ტ-ი, გ. კ-ი და მ. ბ-ი, ექსპერტ - შემფასებელი თ. ნ-ა, 20.. წლის … სექტემბერს, გენერალური დირექტორის მინდობილი პირის ბრძანებით გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიამ განმარტა და დაადასტურა, რომ გათავისუფლების საფუძველი მითითებულია შეცდომით, ბრძანების გამოცემის რეალური საფუძველი კი იყო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულთა მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მხარეთა წერილობითი შეთანხმება.
14. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა უარი ახალ ორგანიზაციაში დასაქმების თაობაზე, ვერ ჩაითვლება ძველი სამუშაო ადგილიდან პირადი განცხადების საფუძველზე წასვლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ რეალურად მოსარჩელეების გათავისუფლება სამუშაოდან მოხდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), რადგან მოპასუხემ გაასხვისა სასესხო პორტფელი, მიიღო გადაწყვეტილება ფილიალების დახურვის და შტატების ოპტიმალურ რაოდენობამდე შემცირების შესახებ, ანუ სახეზე იყო ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების შესახებ.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე უნდა ჩაითვალოს უნდა თუ არა ახალ ორგანიზაციაში (სს „კ. ბ.“) დასაქმების თაობაზე დასაქმებულთა უარი, პირვანდელი სამუშაო ადგილიდან (შპს მისო „ბ.ა.ჯ.“) პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებად. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლება მომდინარეობდა საწარმოს ორგანიზაციული ცვლილებებიდან. ამავდროულად, საწარმომ ნაცვლად გათავისუფლებისა, სხვა ორგანიზაციაში დასაქმება შეთავაზა დასაქმებულებს, რომელ შეთავაზებაზე უარი უტოლდება პირადი განცხადებით სამუშაოზე უარს.
18. მოპასუხის ზემოთმითითებული პოზიციის მართებულობის შემოწმების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია შემდეგი საკითხები: ა) რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის; ბ) რა საფუძვლით განხორციელდა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება; გ) რა სამართლებრივი ურთიოერთობა არსებობდა საწარმოებს: მოპასუხე კომპანიასა და სს „კ. ბ.“ შორის; დ) რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა სს „კ. ბ.“ და მოსარჩელეებს შორის.
19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 7-10- ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 ივლისს, მოპასუხე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით: 1) დაიწყო კომპანიაში შიდა რეორგანიზაცია/ორგანიზაციული ცვლილებები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილებები; 2) დადგინდა ეტაპობრივად კომპანიის ყველა ფილიალის დახურვა; 3) აღნიშნულის საფუძველზე დაევალა კომპანიის ფინანსურ სამსახურს, ეტაპობრივად, კომპანიის მიერ მოზიდული სახსრების დაფარვა; 4) დაევალა ადამიანური რესურსების სამსახურს კომპანიის ყველა თანამშრომლის რაოდენობის შემცირება ოპტიმალურ რაოდენობამდე; 5) დაევალა კომპანიის შესყიდვების სამსახურს კომპანიის ძირითადი საშუალებების ეტაპობრივი გასხვისება; 6) დაევალა კომპანიის მთავარ იურისტს შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტა კომპანიის მიმწოდებლებთან (ტ.3. ს.ფ. 226). სამეთვალყურეო საბჭოს მითითებული გადაწყვეტილებით უტყუარად დგინდება აპელანტ ორგანიზაციაში (შპს „ბ.ა.ჯ.“-ში) ორგანიზაციული ცვლილებების არსებობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებების არსებობის დროს, დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, დამსაქმებელმა სასესხო პორტფელის სს ,,კ. ბ." სწორედ იმ პირობითაც გაასხვისა, რომ იგი დაასაქმებდა მის ყოფილ თანამშროლებს ანუ აპელანტის განმარტებით, სასესხო პორტფელის გადაცემის პარალელურად მან სს „კ. ბ.“ გადასცა თანამშრომელთა დასაქმების ვალდებულება, რომელმაც თავის მხრივ სამსახური შეთავაზა მოსარჩელეებს, ისინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რაც პირადი განცხადებით სამუშაოს დატოვებას ნიშნავს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის აღნიშნული პოზიცია და განმარტა, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არის სპეციფიკური სამართლებრივი ურთიერთობა და იგი გამომდინარეობს კანონიდან.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იურიდიული პირი წარმოადგენს სამართლებრივ ფიქციას, სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს, პირს. სამოქალაქო სამართლის სუბიექტთა კერძო ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მეწარმეებს უზრუნველყოფილი აქვთ საწარმოთა ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმების თავისუფლად არჩევა. იურიდიული პირის უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა კანონის ან ნორმატიული აქტის საფუძველზე. საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არსებობს საწარმოთა რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყოფის შემთხვევაში. არცერთ აღნიშნულ ურთიერთობას მოპასუხე კომპანიასა და სს „კ. ბ." შორის ადგილი არ ჰქონია. ამ უკანასკნელთა შორის დაიდო სასესხო პორტფელის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რაც თავისთავად არ წარმოშობს უფლებამონაცვლეობას. დამატებით, თანამშრომელთა დასაქმების ვალდებულების სს „კ. ბ.“ გადაცემა კი საქმის მასალებით დაუდასტურებელია. ყველა მიმოწერა, ყველა შეთავაზება, რაც საქმეშია წარმოდგენილი (ელექტრონული მიმოწერის სახით) მოსარჩელეთა მიმართ გაკეთებულია სს ,,კ. ბ.“ მიერ (რომელიც არანაირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა მოსარჩელეებთან) და არა მოპასუხის მიერ, რომლის ვალდებულებასაც, გაეფრთხილებინა მოსარჩელეები კანონით დადგენილ ვადაში მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე-ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს სს ,,კ. ბ.“ მიერ მოსარჩელეებთან განხორციელებული კომუნიკაცია, რომლითაც დგინდება, რომ სს კ. მიერ (და არა შპს „ბ.ა.ჯ.“ მიერ) მოსარჩელეთა მიმართ გარკვეულ შეთავაზებას მართლაც ქონდა ადგილი.
21. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,კ. ბ.“ მიერ მოსარჩელეთათვის გაკეთებული შეთავაზებები ვერ გახდებოდა რამენაირი სამართლებრივი შეღავათის მომტანი მოსარჩელეებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი შპს „ბ.ა.ჯ.“.
22. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის მოქმედების ეფექტზე სამართალწარმოებაში და აღნიშნა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მხარის მიერ მითითებული გარემოება სასამართლოსათვის უნდა იქნეს დამტკიცებული. პალატამ მოპასუხის მიერ საპროცესო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო, დაუდასტურებელ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიამ თანამშრომელთა დასაქმების ვალდებულება სასესხო პორტფელის გაყიდვასთან ერთად, გადასცა სს „კ. ბ.“.
23. ხოლო, ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალებით დაუდასტურებელი იყო სს „კ. ბ.“ უფლებამონაცვლეობის, ამასთან აპელანტის მიერ დასაქმების ვალდებულების სს ,,კ. ბ." გადაცემის საკითხი, აპელანტის ის პოზიცია რომ ახალ ორგანიზაციაში სს ,,კ. ბ." მიერ გაკეთებული შეთავაზება უნდა შეფასდეს-აპელანტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებად, ხოლო დასაქმების თაობაზე დასაქმებულთა უარი, პირვანდელი სამუშაო ადგილიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და იგი აპელანტის მხრიდან შრომითსამართლებრივი ურთიერთობების დარღვევად შეაფასა.
24. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ: ა) მოსარჩელეები მოპასუხესთან იმყოფებოდნენ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში; ბ) მტკიცებულებათა არარსებობის გამო, მოპასუხის მიერ, სს „კ. ბ.“ თანამშრომელთა დასაქმების ვალდებულების გადაცემა დაუდასტურებელი იყო; გ) მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლება გამოწვეული იყო შპს „ბ.ა.ჯ.“-ში შექმნილი ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებით (სშკ-ის. 37.1. „ა“ პუნქტი: შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).
25. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია ორგანიზაციული ცვლილებების გამო, სამუშაოდან გათავისუფლება კანონიერ საფუძველს წარმოადგენს, თუმცა, ამ საფუძვლით სამუშაოდან დათხოვნისათვის არსებობს გარკვეული წესები, რომელიც დამსაქმებელმა უნდა დაიცვას, კერძოდ, სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
26. დადგენილი იქნა, რომ დასაქმებულები სამუშაოდან გათავისუფლდნენ 2018 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გათავისუფლებამდე - 2018 წლის 03 სექტემბრამდე, 30 კალენდარული დღით ადრე მოსარჩელეთა გაფრთხილებას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
27. საქმეში, ტ.3. ს.ფ.56-ზე განთავსებულია მოპასუხე კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების თანამშრომლის მიწერილობა დასაქმებულებთან. მითითებული დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა: „გაცნობებთ, რომ კრედოსთან მიმდინარე გადაბარების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. აღნიშნულ პროცესში თქვენი ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. მიმდინარე თვეში ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია ვადაგადაცილებებზე მუშაობა, რაც შეიძლება კარგი შედეგი უნდა დავდოთ თვის ბოლოსთვის. თითოეულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული თქვენი და თქვენი კოლეგების პორტფელების მდგომარეობა და გთხოვთ გულისხმიერად მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. რაც შეეხება დაგროვილი ბონუსის ჩარიცხვის საკითხს, როგორც დაგპირდით გავცემთ როგორც კი გადაბარების პროცესი დასრულდება და აგვისტოს თვე ჩაიხურება. გაცემის თარიღს ვფიქრობთ სექტემბრის პირველ ნახევარში, ჩვეულებრივ როგორც გერიცხებათ ბონუსი. კომპანია აუცილებლად შეასრულებს თავის ვალდებულებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ასევე თქვენ გთხოვთ, რომ შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები პირნათლად ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ბოლომდე.“ მითითებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მიერ თანამშრომლები არათუ გათავისუფლების თაობაზე არ იყვნენ ინფორმირებულნი (03.09.2018-სათვის), არამედ პირიქით, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ბონუსის გადახდის თაობაზე მიიღეს დაპირება.
28. საქმეში განთავსებული მიმოწერებით დადგენილია, რომ თანამშრომლები ნაწილობრივ ინფორმირებულნი იყვნენ მოპასუხე კომპანიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, მაგრამ კონკრეტულად როდიდან შეწყდებოდა მათთან შრომითი ურთიერთობა, მათ არ იცოდნენ. რადგან დამსაქმებლის მიერ სშკ-ის 37.1. „ა“ ქვეპუნქტით გათავისუფლების თაობაზე წინასწარ 30 კალენდარული დღით ადრე არ მოხდა დასაქმებულთა ინფორმირება, დამსაქმებელი ვალდებულია მათ გადაუხადოს კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (სშკ-ის 38-ე მუხლის მეორე ნაწილი. რა ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
29. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
30. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სს „კ. ბ.“ მიერ მოსარჩელეებისათვის გაკეთებულ შეთავაზებაზე და განმარტა, რომ საქმეში, ტ.3. ს.ფ.227-249-ზე განთავსებული შეტყობინებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ივლისს, მოსარჩელეებს სს „კ. ბ.“ შესთავაზა დასაქმება, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, მუშაობის დაწყების თარიღი იყო 2018 წლის 1 სექტემბერი. აღნიშნულ წინადადებას არცერთი მოსარჩელე არ დაეთანხმა.
31. პალატის მოსაზრებით მითითებული ფაქტობრივი გარემოება არარელევანტურია მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებული დავის გადაწყვეტისთვის, რადგან ზემოაღნიშნული შეთავაზება დამოუკიდებელი სუბიექტის, სს „კ. ბ.“ მიერ გაკეთებულ შეთავაზებად უნდა შეფასდეს, რაც ზეგავლენას ვერ იქონიებს დამსაქმებლის ვალდებულების შესრულებაზე, გათავისუფლებამდე კანონით დადგენილ ვადაში, განეხორციელებინა მისთვის დაკისრებული ვალდებულება, გათავისუფლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირების თაობაზე.
32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
33. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ საქმის მასალებით დაუდასტურებელია სს „კ. ბ." უფლებამინაცვლეობის და აპელანტის მიერ დასაქმების ვალდებულების სს „კ. ბ." გადაცემის საკითხი. ასევე ის გარემოება, რომ ახალ ორგანიზაციაში სს „კ. ბ." მიერ გაკეთებული შეთავაზება უნდა შეფასდეს-აპელანტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებად, ხოლო დასაქმების თაობაზე დასაქმებულთა უარი, პირვანდელ სამუშაო ადგილიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებად.
34. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო უგულვებელჰყოფს მოპასუხე კომპანიის არაერთ მითითებას იმაზე, რომ დამსაქმებელსა და სს „კ. ბ.“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეებმა სს „კ. ბ.“-გან სამსახურის შეთავაზება მიიღეს. მოპასუხემ სწორედ იმ პირობით გაყიდა პორტფელი, რომ სს „კ. ბ.“ უზრუნველყოფდა მისი კადრების დასაქმების გაგრძელებას იმავე პირობებით, როგორც ისინი მოპასუხე კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. უდავო გარემოებაა, რომ სს „კ. ბ.“ მოსარჩელეების მიმართ განახორციელა ასეთი შეთავაზება და იგი სწორედაც, რომ პირდაპირ კავშირში იყო მხარეებსა მოპასუხეს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებასთან.
35. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სს "კ. ბ." შეთავაზებაზე უარის თქმა უნდა იქნეს განხილული, როგორც მოსარჩელეთა მიერ საკუთარი ნებით სამსახურის დატოვება. სასამართლო უთითებს, რომ „უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა მხოლოდ კანონით ან ნორმატიული აქტის საფუძველზე".. ხოლო რადგანაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა საწარმოების შერწყმა/გაყოფა .. "სასესხო პორტფელის ყიდვა გაყიდვის ხელშეკურლება, თავისთავად არ წარმოშობს უფლებამონაცვლეობას. დამატებით თანამშრომელთა დასაქმების ვალდებულების სს „კ. ბ." გადაცემა კი საქმის მასალებით დაუდასტურებელია. სასამართლო მითითითება იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სს ,კ. ბ.“ ავალდებულებდა მოსარჩელეებისთვის სამსახურის შეთავაზებას განხორციელებას, გაუგებარია. შეთავაზება სახეზეა - ვალდებულება შესრულებულია. შეთავაზებაში, რომელიც განხორციელდა ელექტრონული ფორმით, ყველა მოსარჩელესთან გაგზავნილ მეილში თანაადრესატად მითითებული იყო ლანა ხარაზიშვილი შპს „ბ.ა.ჯ.“-ის ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, რაც ცხადყოფს, რომ ეს არ ყოფილა სს „კ. ბ." მიერ ცალმხრივად განხორციელებული შეთავაზება. ეს შემოთავაზება იყო შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული და ცალსახად უთითებდა, რომ სს „კ. ბ.“ სამუშაოს დაწყების თარიღი იყო 01 სექტემბერი - ის თარიღი რა მომენტიდანაც ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად ვეღარ გაარძელებდა მოპასუხე მოსარჩელეთა დასაქმებას.
36. რაც შეეხება მოსარჩელთა მიერ შეთავაზების მიუღებლობას, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეს შეუძლია უკვე დადებული ხელშეკრულებიდან გასვალაც, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ნების გამოხატვის უფლება მხარის მიერ არ უნდა იქნას გამოყენებული ბოროტად, ისე, რომ ამით მეორე მხარეს მიადგეს ზიანი. კეთილსინდისიერების პრინციპს ეფუძნება სამოქალაქო სამართალი. მოპასუხემ უზრუნველყო მხარეთათვის ტოლფასი სამსახურის შეთავაზება სს „კ. ბ.“-გან, თუმცა, მოსარჩელეთა მიერ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის ტვირთი მაინც დამსაქმებელს დააკისრა სასამართლომ.
37. რაც შეეხება, მოსარჩელეთა გაფრთხილების საკითხს, რეალობას არ შეესაბამება სასამართლოს მითითება, რომ დამსაქმებელს წერილობით არ განუხორციელებია მხარეთა გაფრთხილება პირველი სექტემბრიდან მათი დასაქმების გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ გაფრთხილების ფაქტს თავად მოსარჩელეები ადასტურებენ, როგორც სასარჩელო განცხადებაში ასევე, შემდგომ სასამართლო სხდომებზე, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული გზავნილი - სს „კ. ბ.“ შეთავაზება, სადაც სს „კ. ბ.“ სამუშაოს დაწყების თარიღად 01 სექტემბერია მითითებული, ასევე წარმოადგენილი ელექტრონულ მიმოწერის შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ დამსაქმებელი მოსარჩელეებს აფრთხილებს მოსალოდნელი შიდა რეორგანიზაციის შესახებ: „როგორც შეხვედრაზე დაგპირდით ყველა თქვენგანმა მიიღო შემოთავაზება სამსახურის გაგრძელებაზე....... გადაბარების პროცესი არის გასავლელი“. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებაში, რომელიც განხორციელედა ელექტრონული ფორმით, ყველა მოსარჩელესთან გაგზავნილ მეილში თანაადრესატად მითითებული იყო ლანა ხარაზიშვილი შპს „ბ.ა.ჯ.“-ის ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, რაც ცხადჰყოფს, რომ ეს არ ყოფილა სს „კ. ბ." მიერ ცალმხრივად განხორციელებული შეთავაზება. ეს შემოთავაზება იყო სს „კ. ბ." და მოპასუხის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული.
38. კასატორს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ მხარეთა განთავისუფლების საფუძველს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენდა, მაშინაც კი არამართლზომიერია მოპასუხისთვის ორი თვის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის დაკისრების ვალდებულება, რამდენადაც დამსაქმებელმა დაიცვა სშკ-ის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადაგენილი დასაქმებულთა გაფრთხილების 30 დღიანი ვადა.
39. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ მას გაუმართლებელი მტკიცევბის ტვირთი დააკისრა სასამართლომ.
40. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი პრეტენზია გამოთქვამს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო ხარჯების დაკისრების საკითხზე.
სამოტივაციო ნაწილი:
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
43. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელადაა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხეს დაკისრებული აქვს კომპენსაცია მოსარჩელეთა სასარგებლოდ, რაც შეადგენს ს. ტ-ს მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურებას - 2750 ლარს (გადასახადების ჩათვლით); მ. ბ-ის მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურებას - 2000 ლარს (გადასახადების ჩათვლით); გ. კ-ის მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურებას - 2500 ლარს (გადასახადების ჩათვლით); თ. ნ-ას მიმართ ორი თვის შრომის ანაზღაურებას - 2250 ლარს (გადასახადების ჩათვლით).
44. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე კომპანიას არ დაურღვეია მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და შესაბამისად, მას არ წარმოეშობა მათ მიმართ კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო უგულვებელჰყოფს მოპასუხე კომპანიის არაერთ მითითებას იმაზე, რომ დამსაქმებელსა და სს „კ. ბ.“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეებმა სს „კ. ბ.“-გან სამსახურის შეთავაზება მიიღეს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სწორედ იმ პირობით გაყიდა პორტფელი, რომ სს „კ. ბ.“ უზრუნველყოფდა მისი კადრების დასაქმების გაგრძელებას იმავე პირობებით, როგორც ისინი მოპასუხე კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. უდავო გარემოებაა, რომ სს „კ. ბ.“ მოსარჩელეების მიმართ განახორციელა ასეთი შეთავაზება და იგი სწორედაც, რომ პირდაპირ კავშირში იყო მხარეებსა მოპასუხეს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებასთან. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სს ,კ. ბ.“ ავალდებულებდა მოსარჩელეებისთვის სამსახურის შეთავაზებას განხორციელებას. კასატორი აღნიშნავს, რომ შეთავაზება სახეზეა - ვალდებულება შესრულებულია. შეთავაზებაში, რომელიც განხორციელდა ელექტრონული ფორმით, ყველა მოსარჩელესთან გაგზავნილ მეილში თანაადრესატად მითითებული იყო ლანა ხარაზიშვილი შპს „ბ.ა.ჯ.“-ის ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, რაც ცხადყოფს, რომ ეს არ ყოფილა სს „კ. ბ." მიერ ცალმხრივად განხორციელებული შეთავაზება.
45. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა საკასაციო პალატას ვერ წარმოუდგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია და ვერ დაარწმუნა, რომ სახეზეა საკასაციო საჩივარზე არსებითად მსჯელობისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 391-ე მუხლში მითითებული რომელიმე საფუძველი. აღსანიშნავია ისიც, რომ კასატორი ძირითადად უთითებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს, რომელზედაც ნამსჯელია გასაჩივრებულ განჩინებაში.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის შრომითი დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს დასაქმებული დამსაქმებლისაგან და რის საფუძველზე.
47. განსახილველ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტების ს. ტ-ის, გ. კ-ის და მ. ბ-ის, ექსპერტ - შემფასებელი თ. ნ-ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად სადავო ბრძანებაში მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიის განმარტებით ბრძანების გამოცემის რეალურ საფუძვლად დასახელებული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულთა მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მხარეთა წერილობითი შეთანხმება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რეალურად, მოსარჩელეების გათავისუფლება სამუშაოდან მოხდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) სამართლებრივი საფუძვლით. საკასაციო პალატას ამგვარი მსჯელობის საფუძველს საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები აძლევს, რომ მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება ფილიალების დახურვის და შტატების ოპტიმალურ რაოდენობამდე შემცირების შესახებ, ანუ სახეზე იყო ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისსას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
49. ერთ-ერთ საქმეში, სკაასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან იხ., სუსგ №ას-1513-2019, 16 დეკემბერი, 2019 წელი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლებისას პროცედურული წესის დაცულობის - კონკრეტულ შემთხვევაში, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც განსახილველ შემთხვევაში, ვერ დაადასტურა მითითებული წინაპირობის დაცულობა, ხოლო კასატორის მითითება, რომლის მიხედვითაც, (იხ., ამ განჩინების პ.43, საკასაციო პრეტენზია) შეთავაზების ვალდებულება შესრულებულია, რადგან შეთავაზებაში, რომელიც განხორციელდა სს „კ. ბ-" მიერ ელექტრონული ფორმით, ყველა მოსარჩელესთან გაგზავნილ მეილში თანაადრესატად მითითებული იყო ლ. ხ-ი შპს „ბ.ა.ჯ.“-ის ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, რაც ცხადყოფს, რომ ეს არ ყოფილა სს „კ. ბ." მიერ ცალმხრივად განხორციელებული შეთავაზება, ვერ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომლის მიხედვითაც, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სს „კ. ბ.“ მიერ მოსარჩელეებისთვის სამსახურის შეთავაზება.
50. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზია მისთვის გაუმართლებელი მტკიცევბის ტვირთის დაკისრების შესახებაც, რადგან, როგორც ამავე განჩინებაშია განმარტებული (იხ., ამ განჩინების პ. 48), სამსახურიდან გათავისუფლებისას პროცედურული წესის დაცულობის - კონკრეტულ შემთხვევაში, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე არამედ დამსაქმებელზე,
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა საკუთარი ნებით მიატოვეს სამუშაო ადგილი, რადგან არ მიიღეს სს „კ. ბ.“ შეთავაზება, და საბოლოოდ, დამსაქმებელს წარმოუშვეს მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი.
52. რაც შეეხება მოსარჩელეთათვის კომპენსაციის სახით 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხის დაკისრების ვალდებულებას, სშკ-ის 38.2 მუხლის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37.1. „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა.
54. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მოსარჩელეთა სოციალურ უფლებათა ჭრილში სწორად განმარტეს ზემოხსენებული დებულება და სწორად იხელმძღვანელეს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც წინამდებარე შემთხვევის მიმართ გაგებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დასაქმებული ინფორმირებული უნდა იყოს წერილობით, გათავისუფლების დადგომამდე ერთი თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანის გონივრულ და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ოდენობას (სკ-ის 412-ე მუხლი) წარმოადგენს 2 თვის შრომის ანაზღაურება (შეადრ: სუსგ №ას-1154-1074-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი, პ. 1.3.5).
55. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
56. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი პრეტენზია გამოთქვამს, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხზეც.
57. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ ამ ნაწილში ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე (იხ., სუსგ №ას-1776-2019), რომელშიც საკასაციო პალატამ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების მართლზომიერებასა და დაკისრებული თანხის ოდენობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საკასაციო საჩივრის ფარგლებში წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა კვლავ აღარ იმსჯელებს.
58. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში შემოიფარგლება მხოლოდ აბსტარქტული მთითებებით საპროცესო დარღვევათა შესახებ და არ მიუთითებს კონკრეტულად რა დარღვევას აქვს ადგილი.
59. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
60. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. უზრუნველყოფის ღონისძიება:
64. ვინაიდან საბოლოოდ, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეებს გადაუხადოს კომპენსაცია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „მ. ო. ბ..ა..ჯის“ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხას, 20000 ლარის ფარგლებში, უნდა დარჩეს ძალაში.
65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ.ა.ჯ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ბ.ა.ჯ.““ (ს/კ: 20455…) უკან დაუბრუნდეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.ა.ჯ.“ (ბიზნეს საინვესტიც, 20455..) მიერ 30.12.2019-ში საგადასახადო დავალება N1577706472 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (475 ლარის) 70% – 332.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე