საქმე №ას-136-2020 20 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ. ც-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. კ. ს.“ (მოპასუხე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის და განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ც-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", კერძო საჩივრის ავტორი") სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს. კ. ს.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 135 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3135 ლარი. მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 10 000 ლარის 0.01% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 30 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება 12.11.2018წ. ჩაბარდა მოპასუხის დირექტორს (ს.ფ.227,232,233).
2. 11.11.2019წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსარჩელემ წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.10.2019წ. განჩინების გაუქმებას და საქმის მეორე ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას (ს.ფ.262).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში დაეზუსტებინა გასაჩივრებული განჩინების დასახელება და მიეთითებინა განჩინების მიმღები სასამართლო. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ.269-271). საპროცესო ვადის დაცვით კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ.280,281).
4. 12.03.2020წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომელშიც აღნიშნავს, რომ არ ავსებს კერძო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს. კერძო საჩივრის ავტორი ამ განცხადებითვე მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას (ს.ფ.284).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის/კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით. სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების ზუსტ დასახელებასა და მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების დამდგენ სასამართლოზე. რადგან საქმეში არ იყო წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული თარიღის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში დაეზუსტებინა გასაჩივრებული განჩინების დასახელება და მიეთითებინა განჩინების მიმღები სასამართლო. მასვე განემარტა, რომ სსსკ-ის 414-ე მუხლით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტი შეიძლება გახდეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, რომელზეც სსსკ-ით შეიძლება კერძო საჩივრის წარდგენა (ს.ფ.269-271). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ.280,281).
7. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს..., გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.03.2020წ. განჩინება იმავე დღეს გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ს.ფ.282).
12.03.2010წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა კერძო საჩივრის ავტორის განცხადება, სადაც იგი განმარტავს, რომ არ ავსებს კერძო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს და ითხოვს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას (ს.ფ.284).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.03.2020წ. განჩინება 16.03.2020წ. ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (ს.ფ.283). შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ბოლო დღე იყო 19.03.2020წ..
8. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს დაწესებული ხარვეზი არ შეუვსია.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1613-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).
9. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საკასაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2018წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე (ს.ფ.284), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი იმსჯელოს ამ საკითხზე. მხოლოდ თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოა (მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლო) უფლებამოსილი განიხილოს ასეთი განცხადება და გადაწყვიტოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა-არგაცემის საკითხი. თუ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, სასამართლო ვალდებულია გასცეს იგი, რაც შეეხება გაცემაზე უარს, ის უნდა იყოს დასაბუთებული შესაბამისი განჩინებით, რაც სსსკ-ის 2671 მე-2 ნაწილის თანახმად, საჩივრდება კერძო საჩივრით. ასეთი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.: სუსგ-ები საქმე №ას-1615-2019, 14.01.2020; საქმე №ას-92-2019 , 27დეკემბერი, 2019 წელი; საქმე №ას-618-2019, 29 ნოემბერი, 2019 წელი). შესაბამისად, განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსულებო ფურცლის გაცემის შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 414-ე, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ც-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. რ. ც-ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2018წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დარჩეს განუხილველად და განმცხადებელს განემარტოს, რომ მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე