Facebook Twitter

საქმე №ას-1581-2019 21 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირი – ნ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის და მასზე დარიცხული საურავის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის N969/კ ბრძანებით, მ. გ-ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) დანიშნული იქნა ქ. ბათუმის N… სკოლის … მოვალეობის შემსრულებლად.

2. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 1 სექტემბრის N1 დადგენილებით, მოსარჩელე არჩეულ იქნა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N… საჯარო სკოლის …ად.

3. დასაქმებულთან, 2014 წლის 12 სექტემბერს, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.

4. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N… საჯარო სკოლაში შესაძლო დარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებისა და განცხადებების საფუძველზე, 2017 წლის 10 აპრილის N01-11/89 ბრძანებით, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტს დაევალა სკოლის ინსპექტირების განხორციელება.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N499 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N558679 წერილისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N… საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

6. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა მითითება, განეხილა სკოლის … უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სათანადო ანგარიში წარედგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდეგში: მოპასუხე, სამინისტრო ან დამსაქმებელი).

7. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის N14 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს სკოლის … უფლებამოსილება არ შეუწყდა. სამეურვეო საბჭომ, დასკვნაში მითითებული დარღვევები არ ჩათვალა სკოლის … შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 ივნისის N1/კ-345 ბრძანებით, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N… საჯარო სკოლის … მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 49-ე მუხლის 61 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტები.

9. ინსპექტირების დასკვნის თანახმად, 2017 წლის 10 მაისს, დღის მეორე ნახევარში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ფიზიკის კაბინეტის ე.წ. ლაბორატორიაში, პედაგოგ ნ. ლ-სთან შევიდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები. ამ დროს ლაბორატორიაში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ხოლო ნ. ლ-ამ განმარტა, რომ მოსწავლეები დაიბარა მეორე დღის საკონტროლო წერისათვის მოსამზადებლად. ინსპექტირების განმახორციელებელი პირების დაინტერესების შემდეგ, ნ. ლ-ამ მოსწავლეები გამოუშვა ოთახიდან. აღნიშნული ფაქტი ადასტურებდა სკოლაში პარალელური სასწავლო პროცესის არსებობას, რაც სპეციალური კანონის უხეში დარღვევაა.

10. სკოლის მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ფასიანი მომზადების ფაქტი დაადასტურა მოსარჩელემ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის წინაშე დაწერილ განმარტებით ბარათში, სადაც მიუთითა, რომ აღიარებდა მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მომზადების ფაქტებს. იგი დღენიადაგ აფრთხილებდა პედაგოგებს სიტყვიერად, რომ მათი ქმედება გავლენას ახდენდა სკოლის პრესტიჟზე, მაგრამ ამაოდ, "პედაგოგები მაინც ახერხებდნენ მის მოტყუებას, სასწავლო ნაწილის ხელშეწყობით“ (ტ. 2, ს.ფ.217).

11. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N… საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი მიწერილ ახსნა-განმარტებაში (ტ. 1, ს.ფ. 155-168), რომელიც ინსპექტირების დასკვნის ჩაბარების შემდეგ, წარადგინა დასაქმებულმა, არ უარყო (N3 განმარტება) მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით, ინსპექტირების დასკვნაში გადმოცემული მისივე პოზიცია, თუმცა, განმარტებით ბარათში ასახული პოზიციის საწინააღმდეგოდ, სამეურვეო საბჭოს მიმართ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მისთვის, მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ გახდა ცნობილი.

12. 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტი არ იყო შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან, ხოლო წარმოდგენილი ოქმი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე, შედგენილი იქნა ინსპექტირების პროცესში.

13. ე. ო-ი 2013 წლის 3 იანვრის N5 ბრძანებით დაინიშნა სკოლის …ად, ხოლო ი. მ-ა - 2011 წლის 1 აპრილის N36 ბრძანებით …ად.

14. 2017 წლის 11 აპრილის განმარტებით ბარათში, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს, ე. ო-მა დაადასტურა, რომ სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით სკოლაში განცხადება არ დაუწერია, არც არასდროს უმუშავია …ად, შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც არ აუღია.

15. 2017 წლის 11 აპრილის განცხადებაში ი. მ-ამ დაადასტურა, რომ გაფორმებული იყო სკოლაში …ად, თუმცა, მის სამუშაოს ასრულებდა ც. ც-ძე, ხელფასს კი თვითონ იღებდა.

16. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე წარდგენილ ახსნა-განმარტებაში (განმარტება N5) მოსარჩელემ დაადასტურა, რომ იგი ინფორმირებული იყო ი. მ-სთან დაკავშირებით, რომელიც სამსახურში მიიღო მისივე ნათესავის, ც. ც-ძის თხოვნით და ეს უკანასკნელი ასრულებდა მის მოვალეობას. სახელფასო ბარათს ფლობდა და ხელფასს იღებდა ი. მ-ვა, თუმცა მის მოვალეობას სხვა ასრულებდა.

17. მოწმეებმა: ნ. ს-ძემ, ნ. რ-მა, ნ. ტ-ძემ, ჟ. ჯ-ძემ, ნ. ჩ-ძემ და დ. რ-ძემ დაადასტურეს ინსპექტირების დასკვნაში დაფიქსრებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ 2016-2017 სასწავლო წლის საათობრივი ბადე, ჩასატარებელი გაკვეთილების ცხრილი და გაცემული ხელფასები შეუსაბამო იყო.

18. ინსპექტირების დასკვნის თანახმად, დაფიქსირდა სკოლაზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, კერძოდ, კომპიუტერების აღურიცხაობისა და მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისის ფაქტები.

19. სასარჩელო მოთხოვნა

19.1. დასაქმებულმა 2017 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება.

20. მოპასუხის შესაგებელი

20.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბრძანება კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

21. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

21.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

21.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე; სშკ-ის 37-ე (პირველი ,,ზ“); სპეციალური კანონის (პირველი ,,ა, ლ“), 33-ე (3), 35-ე (2), 38-ე (პირველი ,,ბ, გ“), 43-ე (ვ), 49-ე, (61, მე-9), 59-ე (6), 51-ე (3), 52-ე (1) მუხლებით იხელმძღვანელა.

22. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

22.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

23.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

23.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-18 პუნქტებში ასახული გარემოებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება და დამატებით განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს და სერიოზულ დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. ამასთან, გათავისუფლების შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმას, რადგან ხშირად სამართლებრივ შედეგზე სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს გავლენას.

23.3. განსახილველ შემთხვევაში, სამინისტროს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები პირდაპირ კავშირშია მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, რადგან სკოლაში ყველა სახის საქმიანობის სწორად წარმართვის, მათ შორის, საფინანსო ხასიათის საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ტვირთი და პასუხისმგებლობა სწორედ … ეკისრება.

23.4. მოცემული დავის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების - თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ (დამსაქმებელმა) შეძლო ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების დადასტურება.

23.5. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მისი ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილი იყო ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, ხოლო სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებელმა პირებმა ვერ გაართვეს თავი დამოუკიდებლად მუშაობას. შესაბამისად, მათი სუსტი მუშაობა აისახა სკოლის ნაკლოვანებებში. ამდენად, მოსარჩელე აღიარებს ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებს, თუმცა არ გრძნობს მის პასუხისმგებლობას არსებულ დარღვევებთან მიმართებით.

23.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სპეციალური კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის … ახორციელებს სკოლის მართვას, ხოლო განსახილველი ნორმის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. სპეციალური კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი; ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე; გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.

23.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე; ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე; გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

23.8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ასევე, ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

23.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია დასაქმებულის სამსახურებრივი უმოქმედობა, მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, არასათანადო მენეჯერული უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია ის დარღვევები, რაც ინსპექტირებისას იქნა გამოვლენილი.

23.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გათავისუფლების საფუძვლად დაფიქსირებული ფაქტები ერთობლიობაში მიჩნეული უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევად. ასეთ შემთხვევაში, აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო, რის გამოც არ არსებობს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

24. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

24.1. დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24.2. კასატორის განმარტებით, მტკიცებულებთა ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ნაწილი გამოკვლეულია არასრულად, შესაბამისად სასამართლომ აღნიშნული დეტალები არასწორად შეაფასა. დასკვნაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები შეფასდა დაჯგუფებისა და კოლექტიური შეფასების გზით, აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რაც მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას შეუძლებელს ხდის. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების არასწორად გამოკვლევისა და შესწავლის გამო დასაქმებულის მიმართ დაირღვა ultima ratio-ს პრინციპი. მართალია სასამართლო მსჯელობს მოყვანილ მტკიცებულებებზე, მაგრამ იმდენად ზედაპირულად, რომ მის მიერ დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებში არ არის ნამსჯელი გათავისუფლების ადეკვატურობაზე.

24.3. კასატორი სკოლაში არსებული გადაცდომების გამო, არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ იმ ფონზე, რომ სკოლა იყო საქართველოს მასშტაბით წარმატებული, სკოლაში სწავლობდა 2000 მოსწავლე, დასაქმებულის მუშაობის პერიოდში სკოლის ეზოში აშენდა 4-სართულიანი ახალი შენობა, სკოლაში არ მომხდარა სუიციდის, დაზიანების, ჩხუბის, დაჭრის, იარაღის ტარების, ალკოჰოლის მიღების არც ერთი ფაქტი სკოლის მოსწავლეების მხრიდან, ამასთან, მშობლების არც ერთი განცხადება არაა საქმეში სკოლაში დისციპლინასთან და სკოლაში სწავლის ხარისხთან დაკავშირებით,არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენილა, მისი … პერიოდში სკოლაში არ მომხდარა მშობლებსა და მასწავლებლებს, ან მოსწავლეებს შორის კონფლიქტი - ეს ყურადსაღები იყო და ამ გარმოებების მხედველობაში მიღებით უნდა დაეწესებინათ მისთვის დისციპლინური გადაცდომისთვის, ან სხვა სახის დარღვევებისთვის შესაბამისი სანქცია. ამასთან, პირველი ინსტანციიის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს აღნიშნა და არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ მსგავსი პრობლემებია ყველა სკოლაში და ის, რომ სისტემა არაა ჯანსაღი, ის, რომ სკოლას არ დაუნიშნეს იურისტი, ის ფაქტი, რომ საჯარო სკოლაში ხელფასები დაბალია და დღეს მასწავლებლობა არავის სურს, (სკოლაში სამჯერ გამოცხადდა კონკურსი, მასწავლებლის ვაკანსიაზე, თუმცა - უშედეგოდ), ყოველივე ამაში არ შეიძლება ერთპიროვნულად მხოლოდ .. მიუძღოდეს ბრალი.

25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

25.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სშკ-ის 38.8-ე „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ და 44-ე „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1-ე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებით გათვალისწინებული წესები.

32. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 და მე-9 პუნქტები.

33. საკასაციო სასამართლო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“ განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებულთან მართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისი დასაბუთებით.

35. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანიჭა განსაზღვრული თავისუფლება, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, თუკი არ არსებობს არც გაფრთხილების, არც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეწყდეს.

37. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი კასატორის გათავისუფლების საფუძვლად, ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილების არაკვალიფიციურ და მიკერძოებულ განხორციელებას ასახელებდა, რომლის საფუძვლადაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე უთითებდა. დამსაქმებლის განმარტებით, სკოლაში გამოვლენილი იყო სხვადასხვა დარღვევები, მოსწავლეთა ფასიანი მომზადება, ბიუჯეტის სათანადო წესით წარუდგენლობა, ფიქტიურად დასაქმებული თანამშრომლები, მატერიალურ-ქონებრივი დანაკლისი, საათობრივი ბადის უზუსტობა, მასწავლებელთა შორის ხელფასების თვითნებური განაწილება. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა (სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა გარემოებებისა და შეფასების თაობაზე იხ. წინამდებარე განჩინების 23.2-23.10 პუნქტები).

38. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

39. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მართებულად გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება და წარდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგენილი წესების უხეში დარღვევის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებული თავის ახსნა-განმარტებაში ადასტურებს, რომ მისი … დროს იყო დარღვევები, თუმცა მიიჩნევს, რომ მას ამის გამო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, რადგან ნაწილი დარღვევებისა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზებით, ნაწილის თაობაზე მას ინფორმაცია არ ჰქონდა, ნაწილი - კი გამართლებული იყო, რადგან მას სასწავლო პროცესისათვის ხელი არ შეუშლია. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ განმარტებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს.

40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთა. დასაქმებული ვალდებული იყო, კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილ ფარგლებში ემოქმედა, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასაქმებული საჯარო სკოლის … იყო, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებითა და კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით ავალდებულებდა სკოლის მართვას (შდრ. სუსგ #ას-514-2019, 04.10.19წ.). „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული დირექტორის ფუნქციების გათვალისწინებით, ყველა ის ვალდებულება, რაც კასატორს საკასაციო საჩივრის პრეტენზიის ფაქტობრივ გარემოებებად აქვს დასახელებული (იხ. წინამდებარე განჩინების 24.3-ე ქვეპუნქტი), … განსახორციელებელი ღონისძიებებია და სასწავლო პროცესის წარმართვისას, მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების გარდა, უსაფრთხო და დაცული სკოლის სტანდარტს განეკუთვნება. ამდენად, სკოლის … მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა მართებულად და კანონიერად არის შეფასებული … პოზიციიდან გათავისუფლების საფუძვლად, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

41. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. გ-ძეს (პ/ნ 6100603…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 9 ოქტომბერი), 70% –210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე