საქმე №ას-1763-2019 21 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისში, რ. ქ. N…-ში (ს/კ 01.17.01….) მდებარე უძრავი ნივთი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. მ-ისა (შემდეგში: მოპასუხე) და ა. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სახელზე, თითოეულს საკუთრებაში აქვს ქონების 1/2 ნაწილი (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1, ს.ფ. 20-21).
2. მოსარჩელის დედა ნ. მ-ი, სადავო მისამართზე რეგისტრირებული იყო ...07.19… წლიდან, მოსარჩელე კი - ….07.19… წლიდან (იხ. საინფორმაციო ბარათი ტ. 1, ს.ფ. 15-19).
3. სადავო უძრავი ნივთი მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა - 19… წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოსარჩელემ სადავო მისამართზე მდებარე ქონება მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე (იხ. ხელშეკრულება, ცნობა-დახასიათება ტ. 1, ს.ფ. 84-85).
4. თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი 19… წლის … ოქტომბერს დაზიანდა ხანძრის შედეგად და საცხოვრებლად უვარგისი გახდა, რის გამოც, 1990 წლის 4 აპრილის აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხესა და მის ოჯახს გამოეყო დროებითი თავშესაფარი (სახლის აღდგენამდე), ასევე მოპასუხეს 1990 წლის მარტში ზარალის ანაზღაურების სახით გადაეცა ფულადი კომპენსაცია (იხ. აქტი, გადაწყვეტილება, ისნის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის ცნობა ტ.1, ს.ფ. 86-88).
5. 2012 წლის 14 მარტს ააიპ „თ. გ. ფ.“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ააიპ „თ. გ. ფ.“ ჯ-ძის (რ.) ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განახორციელა ასევე, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეაბილიტაცია (იხ. 14.03.2012წ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ. 26-28).
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1. მოსარჩელემ, 2017 წლის 20 თებერვალს, სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.
6.2. მოსარჩელის მითითებით, დედამისს - ნ. მ-სა და მოპასუხეს თანასაკუთრებაში ჰქონდათ სადავო უძრავი ნივთი, თითოეულს - ქონების 1/2 ნაწილი. მოსარჩელის განმარტებით, 19… წლიდან მოპასუხე აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, ხოლო როდესაც 19… წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა უძრავი ნივთი, მოპასუხემ აღარ მოინდომა ბინის შეკეთება და ნოტარიული წესით, ჩუქების ხელშეკრულებით, კუთვნილი 1/2 წილი გადასცა ნ. მ-ს, რის ნაცვლადაც მოპასუხემ მიიღო თანხა - 3 500 აშშ დოლარი.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით იხელმძღვანელა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული გარემოებები და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა მოსარჩელე სპეციალური კანონიდან გამომდინარე ურთიერთობის მონაწილე, შესაბამისად - წარმოადგენს თუ არა ამ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს.
10.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები მოკლებულია დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება. კერძოდ, მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ იგი წარმოადგენს სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეს.
10.4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-103-ე მუხლებზე მიუთითა და შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენების შინაარსი და მიიჩნია, რომ აღნიშნულით არ დასტურდებოდა მხარეთა შორის სადავო ურთიერთობის არსებობის ფაქტი. კერძოდ, მართალია, მოწმე ლ. ო-ი მიუთითებდა გარიგების შესახებ, თუმცა იგი თავად არ დასწრებია თანხის გადაცემას, ასევე, კ. ე-ნის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას და, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ვერ მიიჩნევა საკმარისად სადავო გარემოების დადასტურებისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები მართებულად არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
10.5. სპეციალური კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოსარგებლედ მიჩნევისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ან სახელმწიფოს ნება, რაც ვლინდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან მესაკუთრის ნება საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ან/და სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, ვინაიდან მხოლოდ მითითებული ნების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, პირი მიჩნეულ იქნეს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელად.
10.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემობებზე მითითებით, რომ დედამისი ნ. მ-ი და შემდეგ - თავად 19… წლიდან ფლობენ და სარგებლობენ სადავო ფართით. აღნიშნული გარემოების მტკიცების მიზნით ის უთითებს სადავო მისამართზე რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტს. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმის მასალებით დასტურდება სადავო მისამართზე მოსარჩელის დედის ნ. მ-ის ...07.19… წლიდან, ხოლო თავად მოსარჩელის ….07.19… წლიდან რეგისტრაციის ფაქტი, თუმცა ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო მისამართზე მხარეები თანასაკუთრების უფლებით ფლობენ საცხოვრებელ ფართს (1/2-1/2 წილი), შესაბამისად, ასეთ მოცემულობაში მხოლოდ რეგისტრაციის, ცხოვრებისა თუ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელე მიჩნეულ იქნეს სადავო ფართის მოსარგებლედ, რომელსაც ეს უფლება მოპოვებული აქვს მართლზომიერად, ვინაიდან ბუნებრივია, რომ მოსარჩელე, როგორც ნივთის მესაკუთრე თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი ქონებით. ამდენად, სადავო ქონების მისამართზე კომუნალური გადასახადების გადახდა და რეგისტრაცია არ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს (აპელანტს) მოსარგებლის უფლება სადავო ფართზე მოპოვებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით და იგი წარმოადგენს სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს.
10.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ მის მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ წილზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, ქონების სანაცვლოდ მოპასუხისათვის თანხის - 3 500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. საქმის განხილვის შედეგად კი, ვერც ჩუქების და ვერც ნასყიდობის ურთიერთობის არსებობის შესახებ გარემოება ვერ იქნა მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული. ამდენად, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არც სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, არც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება და არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაძლოა დადასტურებულიყო სადავო ფართზე მფლობელობის უფლების მოპოვების ფაქტი. ამასთან, როგორც უკვე დადგენილად იქნა მიჩნეული, სადავო მისამართზე მხოლოდ რეგისტრაციის, ცხოვრებისა თუ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელე მიჩნეული იქნას სადავო ფართის მოსარგებლედ. საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 19… წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა სადავო საცხოვრებელი სახლი, რომლის აღდგენა 20… წელს მოხდა, ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული წილი, რომლის მოსარგებლეობაზეც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს, საცხოვრებლად უვარგისი იყო, რასაც ადასტურებს საქმეში წარდგენილი დოკუმენტები მოპასუხისა და მისი ოჯახისათვის სახლის აღდგენამდე დროებითი თავშესაფრის გამოყოფის შესახებ, შესაბამისად, უდავოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს ქონების სადავო ნაწილი, კანონით მოთხოვნილ ვადებში ვერ ექნებოდა მფლობელობაში, სასამართლოს შეფასებით, ამის თაობაზე სწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მართებულად აღნიშნა, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება, თავის მხრივ, გამორიცხავდა სპეციალური კანონით განსაზღვრული უფლებების მოსარჩელისათვის მინიჭებას.
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, კერძოდ, #ას-781-781-2018 და #ას-1303-2018 განჩინებებს.
11.3. კასატორის განმარტებით, მან წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის დედამ მოპასუხეს 3 500 აშშ დოლარი გადასცა, რაც საცხოვრებელი სადგომის დათმობის ხელშეკრულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამ ფაქტს მოწმე ლეილა ობოლაშვილის ჩვენებაც ადასტურებს, შესაბამისად, კასატორი სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეა.
11.4. კასატორმა აღნიშნა, სამწუხაროა ის გარემოება, რომ მან ვერ შეძლო მოეძიებინა ნოტარიული ფორმით დამოწმებული ხელშეკრულება მხარეთა შორის, რაც დაადასტურებდა, რომ კასატორმა ნამდვილად გადაუხადა თანხა საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ.
11.5. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2012 წელს ა(ა)იპ „თ. გ. ფ.“ და აპელანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვისა და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სპეციალური კანონის, მე-5 მუხლი: “1. მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). 2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის მიღებისა და შესაბამისად, ამავე კანონით 1998 წლის 25 ივნისის კანონის ძალადაკარგულად ცნობის მიზანს წარმოადგენდა ამ უკანასკნელის მოქმედებისას საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ხარვეზების აღმოფხვრა და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობათა ახლებური, უფრო სამართლიანი გადანაწილება. ამდენად, 2016 წლის 24 ივნისის კანონმა ძალადაკარგულად გამოაცხადა 1998 წლის 25 ივნისის კანონი ზოგადად ამ კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობების ფარგლებთან დაკავშირებით, თუმცა ახალი კანონით კიდევ უფრო გაიზარდა კანონის მოქმედების არეალი და პერიოდულობა. მართალია, ერთმა კანონმა ძალადაკარგულად გამოაცხადა მეორე, თუმცა ეს უწყვეტ რეჟიმში განხორციელდა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანაწესი, რომ 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობები სპეციალური კანონით უნდა მოწესრიგდეს, უცვლელად დარჩა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედების მომენტად მიჩნეულია არა 2016 წელი, არამედ - 1998 წელი, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობები თავდაპირველად სწორედ ამ პერიოდიდან დაექვემდებარა საკანონმდებლო რეგულირებას.
19. „საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ მოწესრიგებას. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 იანვრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს (კანონის პირველი მუხლი)“ -იხ. სუსგ ას-1193-1138-2013, 31.03.2015 წ.
20. წინამდებარე განჩინების 18-19 პუნქტებში მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, უპირველესად, უნდა განისაზღვროს ურთიერთობის მონაწილე სუბიექტები, რათა სასამართლომ ამ ურთიერთობას შესაბამისი სამართლებრივი ნორმა მიუსადაგოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ განსახილველი დავა სპეციალური კანონით მოწესრიგდეს აუცილებელია ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებობდეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საკუთარ თავს სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ მიიჩნევს, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
20.1. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
20.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სადავო ბინაში და რეგისტრირებულია მასში. თუმცა, როგორც ამ განჩინების მე-20 პუნქტში მითითებული ნორმის დეფინიციიდან ჩანს, პირის მოსარგებლედ მიჩნევისათვის მხოლოდ ქონების ფლობა და მასში რეგისტრაცია არ არის საკმარისი, რადგან პირი საცხოვრებელ სადგომს უნდა ფლობდეს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით (შდრ. სუსგ #ას-111-104-2017, 28.07.2017 წ.).
20.3. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესს მოიხმობს და აღნიშნავს, რომ ყველა ფაქტობრივი გარემოება (გარდა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა - სსსკ-ის 106-ე მუხლი) მტკიცებას საჭიროებს, მტკიცებულებათა სახეები კი სსსკ-ის მე-15-მე-20 თავებშია ჩამოთვლილი. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის მართებულობის მტკიცება ძირითადად საკუთარ ახსნა-განმარტებას დააფუძნა (ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათებითა და კომუნალური გადახდებით მესაკუთრის მიერ მოსარჩელისათვის უძრავი ქონების დათმობის ფაქტი არ დასტურდება), ამასთან, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები არ არის დადასტურებული სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით, რასაც სასამართლო ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასებდა და ამის შემდეგ გადაწყვეტდა საკითხს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
21. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, თუ ვინ და რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ, რაც ქონების უმკვიდროდ ცნობის შემთხვევაში მოსარგებლის მესაკუთრედ ცნობას განაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ ცნობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, რასაც თავად კასატორიც აცხადებს (იხ. ამ განჩინების 11.4 ქვეპუნქტი; იხ. სუსგ-ები: #ას-137-2019, 06.05.2019წ; #ას-1931-2018, 26.03.2019წ; #ას-1293-2018, 01.03.2019წ; #ას-781-781-2018, 25.09.2018წ; #ას-1207-1127-2017, 19.09.2018წ.).
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება. კასატორის მიერ საკუთარი პოზიციის მართებულობის დასამტკიცებლად მოხმობილ საქმეში #ას-781-781-2018 საკასაციო სასამართლომ მოსარჩელე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მიიჩნია, რადგან მას მესაკუთრესთან დადებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურების გარეშე და საქმეში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო საქმეში #ას-1303-2018 მოსარჩელე მიჩნეულ იქნა მოსარგებლედ, რადგან მას ჰქონდა ე.წ. შინაურული ხელწერილი უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ; ორივე შემთხვევაში პირის სპეციალური კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ მისაჩნევად საქმეში საკმარისი და სამართლებრივად ვარგისი მტიცებულებები იყო წარდგენილი, განსახილველ დავაში კი არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლის იურიდიული სტატუსი..
23. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
24.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე