საქმე №ას-1190-2019 7 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ. ბ-მა (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი) ნ. ჯ-ისაგან (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) 2014 წლის 14 იანვარს ისესხა 1300 ლარი და 200 აშშ დოლარი, 2014 წლის პირველ თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2014 წლის 3 თებერვალს - 200 ლარი და 100 აშშ დოლარი, სულ - 2100 ლარი და 300 აშშ დოლარი (იხ. ხელწერილი, ტ. 1, ს. ფ. 46).
2. მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი გაცემული იყო ერთ თვემდე ვადით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) კონკრეტული ვადა ხელწერილში მითითებული არ იქნა. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირითადი თანხის 1%, რაც აისახა ხელწერილებში.
3. სესხის გაცემიდან დაახლოებით ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა სესხის თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად, მაგრამ მოპასუხეს არც სარგებელი და არც ძირითადი თანხა არ გადაუხდია.
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. მოსარჩელემ 2014 წლის 4 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მსესხებლისათვის, გამსესხებლის სასარგებლოდ, 123 120 ლარისა და 12 898 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
4.2. სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი, ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
6.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 626-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
7.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა და დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 626-ე, 623-ე, 128-ე, 144-ე, 130-ე მუხლების შესაბამისად ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
8.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის სწორად განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული. მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
8.4. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებს.
8.5. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან პირველი სესხი 2014 წლის 14 იანვარს (1300 ლარი და 200 აშშ დოლარი), ხოლო ბოლო სესხი (200 ლარი და 100 აშშ დოლარი) 2014 წლის 3 თებერვალს მიიღო. მხარეები სადავოდ არ ხდიან ასევე, იმ გარემოებას, რომ მათი ზეპირი შეთანხმების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა სარგებელთან ერთად მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა. უფრო მეტიც, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ იგი სესხებს ხანმოკლე ვადით - 10 დღით, არაუმეტეს 1 თვით, გასცემდა ხოლმე და ასე იყო მოპასუხის შემთხვევაშიც. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგმან მოპასუხეს თანხის გადახდა მოსთხოვა, რის შემდეგაც იგი სისტემატურად ითხოვდა მოპასუხისაგან თანხის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით კი, სარჩელით სასამართლოს მიმართა.
8.6. მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს მსესხებლის მიმართ მოთხოვნა წარმოეშვა არა უგვიანეს 2014 წლის მარტის თვისა, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ - 2017 წლის 4 მაისს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში მოთხოვნა სწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად, იმავდროულად, ხანდაზმულია მოთხოვნა სესხის პროცენტზე (სარგებელი),იქიდან გამომდინარე, რომ სსკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
9. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ ხელწერილებში არ არის მითითებული სესხის დაბრუნების ვადა, შესაბამისად მიიჩნევა, რომ სესხი უვადო იყო.
9.3. კასატორის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, რასაც უპირობოდ განმარტავს სსკ-ის 137-ე მუხლი.
9.4. კასატორმა იშუამდგომლა, რომ საქმეში მოპასუხედ ასევე ჩართულ იქნეს მსესხებლის მეუღლე, რომლის სახელი და გვარიც მისთვის უცნობია. მოსარჩელის ეს მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხესთან ერთად თანხა მისმა მეუღლემაც ისესხა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გამსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მხარეთა შორის არსებული სესხის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 623-ე მუხლი) და სწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ (მსესხებელმა) მიუთითა მოთხოვნის განუხორციელებლობაზე. კასატორს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე მუხლი (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.).
18. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2014 წლის 14 იანვარს, 1 თებერვალსა და 3 თებერვალს შედგენილი ხელწერილები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ სწორედ ამ დროს ასესხა მოპასუხეს თანხა. მართალია ხელწერილებში არ არის მითითებული სესხის დაბრუნების ვადა, თუმცა თავად გამსესხებლის განმარტებით დასტურდება, რომ მან სესხი 1 თვის ვადით გასცა. ასეც რომ არ იყოს და სასესხო ურთიერთობა უვადოდ მივიჩნიოთ, როგორც კასატორი ამბობს, სარჩელი მაინც ხანდაზმულია, რადგან თავად გამსესხებელმა განაცხადა, რომ მან სესხის გაცემიდან ერთი-ორი თვის შემდეგ მსესხებელს ნასესხები ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. აქედან გამომდინარე, მოვალეს (მოპასუხეს) სესხის დაბრუნების ვალდებულება, მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენლი მტკიცებულებების საფუძველზე, ყველაზე გვიან 2014 წლის 3 აპრილს წარმოეშვა (სსკ-ის 130-ე მუხლი), სარჩელი კი 2017 წლის 4 მაისსაა წარდგენილი. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სსკ-ის 137-ე მუხლთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული ნორმა შეეხება იმგვარ შემთხვევას, როდესაც ვალდებული პირი ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არც ავანსი გადაუხდია, არც - პროცენტი, არც გარანტია მიუცია მოსარჩელისათვის და არც სხვაგარად უღიარებია მოთხოვნის არსებობა. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა გამსესხებლის მოთხოვნაზე არ შეწყვეტილა.
20. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
21. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ: #ას-910-2018, 20.09.2018 წ.). „ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის (იხ. სუსგ # ას-368-349-2012, 05.04.2012წ).
23. საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა კასატორის შუამდგომლობა მსესხებლის მეუღლის მოპასუხედ ჩართვის თაობაზე. ასეთი შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც რომ წარედგინა მხარეს, საყურადღებოა ის, რომ სესხის ხელწერილში არ ფიქსირდება მსესხებლის მეუღლის ვინაობა, შესაბამისად, კასატორის მტკიცება, რომ მსესხებელის მეუღლემაც ისესხა თანხა ფაქტობრივად დაუსაბუთებელია.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. 1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე