საქმე №ას-1209-2019 21 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ. ბ.“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი ან გამსესხებელი) და ლ. გ-ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან მსესხებელი) შორის, 2015 წლის 30 ნოემბერს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2500154-816…, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3300 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1455 დღე, 2019 წლის 24 ნოემბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18,5%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში (ს. ფ. 25-26).
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 10 თებერვალს, გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება №2500154-8779…, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 442 ლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 375 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში - 38,37 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს. ფ. 33-36).
3. ბანკსა და მსესხებელს შორის, 2013 წლის 6 სექტემბერს, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 245 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 4266 კალენდარული დღე (12.05.2025-მდე); წლიური საპროცენტო სარგებელი - 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის გამსესხებელი ბანკის ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს. ფ. 37-39).
4. მოპასუხემ მასსა და ბანკს შორის 2015 წლის 30 ნოემბერსა და 2017 წლის 10 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და 2013 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დაარღვია (ს. ფ. 68).
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1. ბანკმა, 2018 წლის 13 მარტს, სარჩელით მიმართა სასამართლოს მსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს:
5.1.1. 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2481,17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2203,36 ლარი, პროცენტი - 128,08 ლარი, ჯარიმა - 147,34 ლარი და დაზღვევა - 2,39 ლარი;
5.1.2. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 18,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33,96 ლარს;
5.1.3. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 11,01 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
5.1.4. 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 259,96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 221,02 ლარი და ჯარიმა - 38,94 ლარი;
5.1.5. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,1 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა;
5.1.6. 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 309,39 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 300,01 ლარი და პროცენტი - 9,38 ლარი;
5.1.7. მოპასუხეს დაეკისროს - 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 9 ლარს;
5.1.8. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,5 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა;
5.2. სასარჩელო მოთხოვნები ამ განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სამივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი შემცირება მოითხოვა.
6.2. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 2203,36 ლარისა და პროცენტის - 128,08 ლარის მოთხოვნის ნაწილში; 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 221,02 ლარის მოთხოვნის ნაწილში და 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 300,01 ლარისა და პროცენტის 9,38 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა;
7.1.1. 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2433,83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2203,36 ლარი, პროცენტი - 128,08 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი და დაზღვევა - 2,39 ლარი;
7.1.2. 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 2203,36 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 24 ნოემბრისა, წლიური 18,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33,96 ლარს;
7.1.3. 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
7.1.4. 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 259,96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 221,02 ლარი და ჯარიმა - 38,94 ლარი;
7.1.5. 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
7.1.6. 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 309,39 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 300,01 ლარი და პროცენტი - 9,38 ლარი.
7.1.7. 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა;
7.1.8. ბანკის სარჩელი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლისა და აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; ხოლო მოვალის სააპელაციო საჩივარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აპელანტს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 2203,36 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 79.20 ლარისა; ასევე, 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 221,02 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 29.92 ლარისა და 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2013 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე - 300,01 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 39,9 ლარისა.
9.2. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის 30.11.2015წ. ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2019 წლის 24 ნოემბრამდე, გონივრულად ივარაუდება, რომ თუკი მოპასუხე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და ჯეროვნად შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე მითითებულ პერიოდში მიიღებდა სარგებელს წლიური 18,5%-ის სახით.
9.3. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ 30.11.2015წ., 10.02.2017წ., 06.09.2013წ. ხელშეკრულებებიდან შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0.5% მართებულად შეამცირა 0.05%-მდე და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით. არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.
9.4. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს 30.11.2015წ., 10.02.2017წ., 06.09.2013წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობების განსაზღვრის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ყოველდღიურად 11.01 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 11.01 ლარის (2203.36 -ის 0.5%) დაკისრებას 72 დღის განმავლობაში (800/11.01), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 72 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2015 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0,5%, შემცირდა 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. ანუ სასამართლომ პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირა 0.05%-მდე (ანუ დღეში 1,10-მდე), თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს მაქსიმალურ ოდენობად კვლავ განსაზღვრა 800 ლარი, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას 727 კალენდარული დღის განმავლობაში (800/1.10). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლო ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ, 248-ე მუხლი).
9.5. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ყოველდღიურად 1.10 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 1.10 (221.02-ის 05 %) დაკისრებას 272 დღის განმავლობაში (300/1.10), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 272 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების (რომელიც მოიცავს მოპასუხისთვის მაქსიმუმ 272 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებას) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით (რაც მოსარჩელეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ აქვს), მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 221.02 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.11 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 29,92 ლარისა (0.11 X272).
9.6. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ყოველდღიურად 1.50 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 1.50 (300.01-ის 0.5%) დაკისრებას 266 დღის განმავლობაში (400/1.50), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 266 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების (რომელიც მოიცავს მოპასუხისთვის მაქსიმუმ 266 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებას) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით (რაც მოსარჩელეს სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ აქვს), მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 300.01 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად - 0.15 ლარია, მაგრამ არაუმეტეს - 39.9 ლარი (0.15 X272).
10. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოვალემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რადგან საქმეში არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის (კრედიტორის) ახსნა-განმარტებას და დათვლის სპეციფიკას.
10.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს მხარეს და ხაზს უსვამს ბანკის დომინირებულ მდგომარეობას ბაზარზე.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხო მსესხებლის სააპელაციო პრეტენზიებს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და, საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისთვის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ბანკის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით.
18. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხს.
19. განსახილველ საქმეზე, „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. სუსგ ას-914-864-2015, 04.12.2015წ.).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (იხ. სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. (შდრ. სუსგ-ებს: #ას-915-855-2017, 14.09.2017 წ., #ას-681-652-2016, 17.02.2017 წ.).
22. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
23. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, მსესხებელმა ვერ გააქარწყლა კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. გ-ს (პ/ნ 010120…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 9 აგვისტო), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე