Facebook Twitter

საქმე №ა-538-ა-2-2020 30 მარტი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები - ვ. მ-ე, ბ. ბ-ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს -ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინება

განცხადების ავტორის მოთხოვნა - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სს ,,ს-ის“ სარჩელი, მოპასუხეების ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და მოპასუხეთა ქონების, მათ შორის იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი საკრედიტო, სოლიდარული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტის, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იპოთეკისაგან გათავისუფლებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

2020 წლის 6 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა მოპასუხეთა წარმომადგენელმა რ. რ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი.

2020 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის წარმომადგენელმა რ. რ-ემ წარმოადგინა განცხადება იმაზე მითითებით, რომ იხმობს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას და ითხოვს მის განუხილველად დატოვებას.

2020 წლის 27 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში რეგისტრირებულია ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის წარმომადგენლის რ. რ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. განცხადებაში მითითებულია, რომ ბანკთან მიღწეული შეთანხმებისა და მხარეთა შორის ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის გამო, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქმის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის 2020 წლის 6 თებერვლის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილების შესახებ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ 2020 წლის 6 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა მოპასუხეთა წარმომადგენელმა რ. რ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოპასუხეთა წარმომადგენელმა და უარი თქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილების შესახებ განცხადებაზე.

სასამართლო დამატებით დაუკავშირდა მოპასუხეთა წარმომადგენელს და განუმარტა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ და ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს განცხადებაზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოებისათვის დადგენილი სპეციალური ნორმების დანაწესებით, არამედ ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებითაც, რომლებიც სპეციალური მოწესრიგებისაგან განსხვავებულ დებულებებს არ შეიცავენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებლების წარმომადგენელმა უარი განაცხადა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადებაზე, რაც სასამართლოს შესაბამის მოხელესთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა (იხ. შეტყობინების აქტი), პალატა მიიჩნევს, რომ ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის 2020 წლის 6 თებერვლის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილების შესახებ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განმცხადებლებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის წარმომადგენლის რ. რ-ის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება, ვ. მ-ისა და ბ. ბ-ის განცხადებაზე სს ,,ს-ის“ მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებაზე.

3. ვ. მ-ესა (პ/ნ …) და ბ. ბ-ს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ რ. რ-ის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს, N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი - 100 (ასი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ლ. მიქაბერიძე