საქმე №ას-1717-2019 19 მარტი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. ვ-ი, ი. ვ-ი, თ. ვ-ი, მ. ვ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "კ. ბ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა. ვ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი), ი. ვ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან თავდები), თ. ვ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან თავდები) და მ. ვ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან თავდები) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლითაც პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ მათთვის ჯარიმის, 155.11 ლარის, დაკისრების ნაწილში. ამ გადაწყვეტილებით სს „კ. ბ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 10721,35 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, საიდანაც 8370,18 ლარი სესხის ძირითადი თანხა, 1836,70 ლარი - პროცენტი, 298,30 ლარი - სოცოცხლის დაზღვევა, 155,11 ლარი - ჯარიმა, ხოლო 61,6 ლარი საკომისიოა, სახელდობრ:
1.1. კასატორების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხეებთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებები მათი ფულადი პასუხისმგებლობის ლეგიტიმურ სამართლებრივ საფუძვლად, რადგან არც ხელშეკრულებაში და არც თავდებთა განცხადებაში არ ყოფილა მითითებული სესხის ოდენობა და დაბრუნების პირობები.
1.2. მათი მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად სესხის პროცენტის კლებადობა, რაც ახსნა მოსარჩელის სასარგებლოდ, მისავე განმარტებაზე დაყრდნობით იმგვარად, რომ სარგებლის კლებადობის პრინციპიდან გამომდინარე 2,43% საბოლოოდ შემცირდებოდა 1,45%-მდე, მსგავსი შეფასება არაობიექტურია და საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს.
1.3. გარდა ამისა, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უკანონო გამოყენებით აპელანტებს 6000 ლარის ზარალი მიადგათ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ბანკსა და კასატორებს (მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხე) შორის 2015 წლის 6 ნოემბერს დაიდო თავდებობაზე წერილობითი შეთანხმება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდებობის ხელშეკრულება), რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა პირველი მოპასუხის მომავალი სასესხო ვალდებულებები, სახელდობრ, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა გამსესხებელსა და მსესხებელს შორის სამომავლოდ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ვადით - ორ თვეში მსესხებლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, მაქსიმალური თანხის - 15 000 ლარამდე, მასზე დარიცხული პროცენტის, მაქსიმუმ - 8 000 ლარის, სადაზღვევო პრემიის - 700 ლარის, მომსახურების ყოველწლიური გადასახადების - 150 ლარის, ჯამურად - 23 850 ლარის ანაზღაურებაზე (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 25-33, ტ.1).
4.4. 2015 წლის 18 ნოემბერს ბანკსა და პირველ მოპაუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში გადაეცა თავდებობით უზრუნველყოფილი თანხა - 15 000 ლარი, 36 თვის ვადით. კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეადგენდა 2,43%-ს, ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირითადი თანხის 5%-ს, არანაკლებ 2 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირითადი თანხის 0.27%-ს, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. კრედიტის მოქმედების პერიოდში მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 20-21, ტ.1).
4.5. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, მან 2017 წლის აგვისტოდან შეწყვიტა გადახდა.
5. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობით ვალდებულებებისათვის), 893-ე (თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს თავდების წერილობით განცხადებას (თანხმობას) და შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე. ნორმის მიზანი თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის გაზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სსკ-ის 898.1 მუხლი).
6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა, სსკ-ის 464-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება, ამასთან, თავდებობის ხელშეკრულებაში რაოდენობრივადაა გაწერილი თავდებების პასუხისმგებლობის ზღვარი და მისი ჯამური ოდენობაც.
7. პირველი მოპასუხის/კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მას საპროცენტო სარგებელი მოსარჩელემ არასწორად დაარიცხა.
8. საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სესხის ხელშეკრულების 3.14. პუნქტზე, რომლის თანახმად, კლებადი საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია ყოველთვიურად 2,43%-ით, შემცირების წესი კი, ასახულია სესხის გადახდის გრაფიკში, სადაც პროცენტის საბოლოო ოდენობა 14.94 ლარია (იხ. გადახდის გრაფიკი, ს.ფ. 23. ტ.1).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების პრეტენზია რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მათ იზარალეს, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი) 199-ე მუხლის შინაარსზეც, რომლის მიხედვითაც მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი უსაფუძვლო აღმოჩნდა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა. განსახილველ შემთხვევაში კი, არ ვლინდება აღნიშნული მუხლის წინაპირობები.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ა. ვ-ის (პ/ნ 43001...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 528.32 (ხუთას ოცდარვა ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #8854603406, გადახდის თარიღი 24.12.2019წ.) 70% - 369.82 (სამას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ვ-ის, ი. ვ-ის, თ. ვ-ისა და მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. ვ-ს (პ/ნ 4300102...), ი. ვ-ს (პ/ნ 430010...), თ. ვ-სა (პ/ნ 430010...) და მ. ვ-ს (პ/ნ 430010...) დაუბრუნდეთ ა. ვ-ის (პ/ნ 4300102...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 528.32 (ხუთას ოცდარვა ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #8854603406, გადახდის თარიღი 24.12.2019წ.) 70% - 369.82 (სამას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი