Facebook Twitter

საქმე №ას-1723-2019 19 მარტი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. გ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. გ-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა საერთო საკუთრებაში არსებული კიბის დასაწყისსა და დასასრულში დამონტაჟებული ლითონის დგარების დემონტაჟის თაობაზე ახალი გადაწყვეტილება, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული დაუმთავრებელი კიბის ორი ლითონის მილის არსებობას, რომელსაც მომავალში მოაჯირის ფუნქცია ექნება. სასამართლომ კი, სათანადოდ არ შეაფასა ექსპერტიზის ის დასკვნა, რომლის თანახმად, კიბეზე მოწყობილ დგარებსა და მოაჯირს შორის არსებული მინიმალური სიგანე, ამჟამად მოქმედ სტანდარტს აკმაყოფილებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეები ქუთაისში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. კ. მე-... შესახვევის, #...-ში მდებარე 108,13 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით #03.03... მათი თანასაკუთრებაა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინება, ს.ფ. 18-20).

4.4. ქუთაისში, კ. მე-... შესახვევის, #...-ში მდებარე 728 კვ.მ #2 ნაკვეთი, ს/კ-ით #03.03.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15).

4.5. ქუთაისში, კ. მე-... შესახვევის, #...-ში მდებარე 368 კვ.მ #1 ნაკვეთი, ს/კ-ით #03.03... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება) კი, მოპასუხის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 16).

4.6. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია ეზოს ქვედა ნაწილში ჩასასვლელი კიბე, რომლის თავსა და ბოლოში მოპასუხემ ლითონის დგარები დაამონტაჟა, ხოლო ეზოს ბორდიურზე გრანიტის ფილები ააკრა.

4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ექსპერტიზის დასკვნა) კვლევითი ნაწილის მიხედვით, გრანიტის ფილების ძირითადი ნაწილი მოპასუხის საცხოვრებელი სახლის კედელზეა მოწყობილი, გრანიტის ფილების კიდიდან მოპირდაპირე მხარეს არსებულ საყრდენ კედლამდე მინიმალური მანძილი 4,7მ-ია (იხ, დასკვნა, ს.ფ. 165-174).

4.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 აგვისტოს დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად კი, კიბეზე ლითონის დგარების დამონტაჟების შედეგად, კიბის ქვედა ნაწილში დგარიდან მოაჯირამდე მანძილი 1.08 მ-დე, ხოლო ზედა ნაწილში 1.13 მ-დე შემცირდა (იხ. დასკვნა, ს.ფ. 196-209).

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეშლის აღკვეთა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 954-ე (თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი), 955.2 (თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული, მყარი და მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი კიბე საზიარო საგნის/მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და სსკ-ის 171 -ე (ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც) მუხლის თანახმად, მასზეც ვრცელდება მხარეთა თანასაკუთრების უფლება და დამატებით განმარტავს, რომ საკუთრების (თანასაკუთრების) უფლებიდან გამომდინარე, ეს უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე - კიბეზეც ვრცელდება იმავე ხარისხით, როგორც ეს ძირითადი ობიექტისთვისაა დადგენილი. სააპელაციო პალატის დასკვნა სწორია, რომ დგარებმა კიბის სასარგებლო ფართობი შეამცირა, ამასთან, მას რაიმე დანიშნულებაც არ აქვს, შესაბამისად, იგი მოსარჩელეს ქონებით შეუზღუდავად სარგებლობაში ხელს უშლის და, როგორც თანამესაკუთრეს, აყენებს ზიანს.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნეგატორული სარჩელი, რომელიც „მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას ... ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი“ (იხ. სუსგ # ას-843-809-2016, 26.10.2016წ.).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. გ-ძის (პ/ნ 6000100...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #8792380259, გადახდის თარიღი 10.12.2019წ.) 70% - 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. გ-ძეს (პ/ნ 6000200..) დაუბრუნდეს მ. გ-ძის (პ/ნ 600010...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #8792380259, გადახდის თარიღი 10.12.2019წ.) 70% - 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი