საქმე №ას-1834-2019 27 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ლ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ 2551.15 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეს და მოპასუხეს (აბონენტი N433...) შორის 18.09.2012წ. დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად წარმოშობილი დავალიანება (4930.30 ლარი) მოპასუხეს გადასახდელად გაუნაწილდა 120 თვეზე. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დავალიანება შეადგენს 2551.15 ლარს, საიდანაც 579.33 ლარი არის ვადამოსული ეტაპობრივად გადასახდელი თანხა და მიმდინარე დავალიანება, ხოლო 1971.82 ლარი - დარჩენილი თანხა, რომლის გადახდის ვადაც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ გადახდილ უნდა იქნეს, რამეთუ გრაფიკი დარღვეულია.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება დადებულია იძულებით, რაც გამოიხატა ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტაში. ელექტროენერგიის გარეშე ბინაში ცხოვრება იქნებოდა შეუძლებელი, რის გამოც მოპასუხე იძულებული გახდა გარიგებაზე ხელმოწერით დათანხმებოდა კაბალურ პირობებს. სადავო ელ.ენერგია მოიხმარა არა მოპასუხემ, არამედ სამშენებლო კომპანია შპს „ბ.“.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა 2551,15 ლარი. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
5. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. მოსარჩელეს სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა უწყება, განჩინება და სააპელაციო საჩივარი. უკუგზავნილით დასტურდება, რომ გზავნილი 25.01.2019წ. ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მ. ა-ძემ (ტ. II,ს.ფ.10). აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს 11.04.2019წ. 16:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
5.2. 11.04.2019წ. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე. აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
5.3. გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.
5.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტის მოწინაღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დადგენილად იქნა მიჩნეული სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 18.09.2012წ. გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო იძულებით; სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს არა მოპასუხის დავალიანებას, არამედ შპს „ბ.“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს; სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
5.5. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო ითვლება დამტკიცებულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85–ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 11.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საჩივრის ავტორი არ მიუთითებს სსსკ-ის 233.1 მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე საფუძველზე. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი იმავე დღეს, 11.04.2019წ. 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ესწრებოდა სასამართლო სხდომას. იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით მოძრაობა გადატვირთული იყო, წარმომადგენელმა ვერ მოახერხა დათქმულ დროს სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადება. საჩივრის ავტორს წარმოდგენილი აქვს სასამართლო უწყება 11.04.2019წ. 15:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომის თაობაზე და სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ სხდომა დაიწყო 15:30 საათზე და დასრულდა 15:35 საათზე.
6.2. ზემოაღნიშული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ ვერ მიიჩნია მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 16:00 საათზე და 15:35 საათიდან - 16:00 საათამდე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს საკმარისი დრო (25 წუთი) ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებისათვის, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით. საჩივარში მითითებული გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით. აღნიშნულ პრობლემას, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, ხელი არ უნდა შეეშალა მხარის წარმომადგენლისთვის, ტელეფონით დაკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა სასამართლო სხდომაზე დაგვიანების ან გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია. საჩივრის ავტორი ასევე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი თუნდაც დაგვიანებით გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში.
6.3. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არის იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს არაერთი იურისტი და შეზღუდული არ არის, სასამართლოში წამომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვოს სხვა თანამშრომელიც. შესაბამისად, მხარეს შეეძლო გამოეჩინა წინდახედულობა და სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოევლინა სხვა თანამშრომელი, რაც მას არ განუხორციელებია.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე მოასარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით. 11.04.2019წ. 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სასამართლო სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა მოსარჩელის წარმომადგენელი ვ. ი-ი. მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ სხდომა უნდა გადადებულიყო მოპასუხისთვის უწყების ჩაუბარებლობის გამო. სასამართლოებს შორის არსებული მანძილის, ასევე სხდომებს შორის დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, არ უნდა შექმნილიყო შეფერხება სააპელაციო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დროულად გამოცხადების კუთხით, რის გამოც არ მოხდა პროცესში მოსარჩელის სხვა წარმომადგენლის ჩართვა.
7.2. მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, კერძოდ, სატვირთო მანქანების გამო ჩაიხერგა საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია კერძო ავტოსადგომი და მოსარჩელის წარმომადგენელმა ვეღარ მოახერხა ავტოსადგომიდან მანქანის გამოყვანა. როდესაც ნათელი გახდა, რომ საგზაო მოძრაობის შეფერხება დიდხანს გასტანდა, წარმომადგენელი ფეხით გაემართა სააპელაციო სასამართლოსკენ, მაგრამ სხდომაზე მისვლა დააგვიანა. წარმომადგენელი ცდილობდა მობილური ტელფონით დაკავშირებოდა სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელეს არ აქვს დაკარგული ინტერესი დავის მიმართ.
7.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარის გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას. სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული იძულება, რაც გულისხმობს ასევე ძალადობასა და მუქარას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ იძულების შემთხვევაში შეცილების კანონით დადგენილ ვადაში განხორციელება სასამართლოს მხრიდან სავალდებულო შემოწმებას დაქვემდებარებული საკითხია. სასამართლოს არ გამოურკვევია შეცილების კანონით დადგენილ ვადაში განხორციელების საკითხი. მოპასუხის მინაწერი ხელშეკრულებაზე, რომ იგი იძულებულია ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომ არ შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება, არ ქმნის იძულების შემადგენლობას.
7.4. სააპელაციო სასამართლოს, მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად, უნდა გამოეკვლია: სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს უთითებდა თუ არა მხარე საქალაქო სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე არ მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.
7.5. იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გამოიყენა სამართლებრივი რესურსი, გამოიკვლია ყველა მტკიცებულება, განიხილა საქმე და მიიღო დასაბუთებული გააწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში მხარის, თუნდაც გულმავიწყობის ან/და დაუდევრობის გამო, გამოუცხადებლობა არ უნდა იწვევდეს გამოუსწორებელ შედეგს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.01.2020წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი, 10.04.2010წ. განჩინებით კი, როგორც კანონით დასაშვებად მიჩნეული კატეგორიის საქმეზე (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თობაზე), განისაზღვრა განხილვის თარიღი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება.
10. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
11. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ 27.11.2019წ. საქმეზე №ას-920-2019).
12. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო უწყება 11.04.2019წ. 16:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) გაეგზავნა სარჩელში მითითებულ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე - თბილისი, ვ. ქ. N… და ჩაბარდა კანცელარიის თანამშრომელს 25.01.2019წ. (ტ.2, ს.ფ.8-10). მითითებული გარემოება სადავოდ გამხდარი არ არის.
13. სააპელაციო სასამართლოში 11.04.2019წ. დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე). აპელანტმა (მოპასუხემ) მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ. 19.12.2019წ. №ას-738-2019).
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, ანუ არა სსსკ-ის 233-ე მუხლში მითითებული საფუძვლით. ამდენად, იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუქმდეს, უნდა დასტურდებოდეს: 1. ე.წ. სხვა საპატიო მიზეზი და 2. რომ საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ეს წინაპირობები კუმულაციურია და მხოლოდ ერთობლივად არსებობის შემთხვევაში ქმნის საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევისთვის.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელი მონაწილეობდა 11.04.2019წ. 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ საქმის განხილვაში, იმედოვნებდა, რომ შეძლებდა დანიშნულ დროს (16:00 საათზე) სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას, თუმცა, გაუთვალისწინებელი სატრანსპორტო შეფერხების გამო ვერ მოახერხა სასამართლოში დროულად გამოცხადება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 11.04.2019წ. მოსარჩელის წარმომადგენელი მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვაში, სასამართლო სხდომა დაიწყო 15:30 საათზე და დასრულდა 15:35 საათზე (იხ.: სხდომის ოქმი, ტ2, ს.ფ. 89,90). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რთულია საუბარი იმაზე, კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე რა მდგომარეობა იყო გზებზე და რამდენად იყო შესაძლებელი ავტოტრანსპორტით დროულად გადაადგილება საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლომდე. ამასთან, არ დგინდება წინაპირობა მასზე, რომ განსაზღვრულ დროს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ფაქტობრივი შემადგენლობის კუმულაციურად არსებობას.
16. რაც შეეხება მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევას, იგი მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ. 14.07.2017წ., საქმეზე №ას-2-2-2017). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი," თბილისი 2015, გვ.637).
შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას ასევე უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების იძულებით დადების და მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი ელექტროენერგიის საფასურის სხვა პირის მიერ მოხმარების ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში იურიდიულად მართებულია აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის შესახებ.
17. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მსჯელობა, რომ როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია ყველა მტკიცებულება, განიხილა საქმე და მიიღო დასაბუთებული გააწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობა არ უნდა იწვევდეს გამოუსწორებელ შედეგს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (სუსგ 27.12.2019წ. საქმეზე, №ას-852-816-2014).
18. პალატა ასევე განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია) (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.06.2016წ. გადაწყვეტილება, საქმეზე N ას-121-117-2016; ასევე იხ.: სუსგ 03.06.2015წ., საქმეზე №ას-356-338-2015; სუსგ 27.12.2019წ., საქმეზე №ას-852-816-2014).
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების, მხარეთა მოქმედების/უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობის დონის ამაღლების დამატებით გარანტიას (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი," თბილისი 2015, გვ.632.).
ამდენად, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად. იმისათვის, რომ სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონიერია სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
19. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
20. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე (საკასაციო საჩივრის ფასი შეადგენს 2551,15 ლარს), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.01.2020წ. განჩინებით კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. კასატორმა სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, კასატორს გადახდილი 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 06.01.2020წ.) უკან დაუბრუნდეს 150 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „თ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელად. სს „თ.“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2020...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 06.01.2020წ.) 150 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი