Facebook Twitter

საქმე №ას-1743-2019 19 მარტი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. გ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ. გ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებას. ამ გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოსარგებლე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა, ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-... მიკრორაიონში, #... კორპუსში, მეხუთე სადარბაზოს, მესამე სართულის მარჯვენა მხარეს მდებარე საცხოვრებელი ბინის, აზომვითი ნახაზის შედგენაში, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, საკუთარი სახსრებით ააშენა სადავო ბინა, რითაც 18 წელია სარგებლობს ოჯახის წევრთან ერთად. მოსარჩელეს კი, არასდროს უსარგებლია ამ ბინით და იქ არც უცხოვრია.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისის კიროვის სახელობის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, მე-... მიკრორაიონში, #... კორპუსში, მეხუთე სადარბაზოს, მესამე სართულის მარჯვენა მხარეს მდებარე 42,65 კვ.მ სამოთახიანი იზოლირებული ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბინა ან სადავო უძრავი ქონება) გაუფორმდა მოსარჩელის ოთხსულიან ოჯახს (თვითონ, მეუღლე და ორი შვილი), (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 17-18).

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი სადავო ქონების კანონიერ მოსარგებლედ იქნა აღიარებული. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს რეალურად სარგებლობაში გადაეცა მესამე სართულის მარცხნივ მდებარე საცხოვრებელი ბინა და ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ამავე სართულის მარჯვნივ მდებარე ბინაზე მითითება ტექნიკური შეცდომაა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 23-27)

4.5. სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი (იხ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 18 ნოემბრის წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, ს.ფ. 19; 20).

4.6. მოსარჩელე ვერ ახერხებს სადავო ქონების აზომვით სამუშაოებს, ვინაიდან ამაში მას ხელს უშლის მოპასუხე.

5. განსახილველ შემთხვევაში, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 161-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია, მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა) მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს.

6. განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლედ აღიარებულ იქნა მოსარჩელე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნეგატორული სარჩელი, რომელიც „მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას ... ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი“ (იხ. სუსგ # ას-843-809-2016, 26.10.2016წ.).

7. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტია უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის შედგენაში მოსარჩელეს ხელი ეშლება, რადგან მოპასუხე არ უშვებს მის მფლობელობაში არსებულ ბინაში და დამატებით განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია წარმატებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი დამაჯერებლად და სარწმუნოდ დაასაბუთებდა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა სადავო ქონების კანონიერ მოსარგებლეს. მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა. საბოლოოდ, საკასაციო პალატას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სადავო ბინის აზომვითი ნახაზის შედგენისათვის ხელის შეშლა.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 (ას ორმოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #8836621591, გადახდის თარიღი 20.12.2019წ.) 70% - 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ. გ-ძეს (პ/ნ 380010...) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის (საგადახდო დავალება #8836621591, გადახდის თარიღი 20.12.2019წ.) 70% - 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი