Facebook Twitter

საქმე №ას-88-2020 11 მაისი, 2020 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. შ-ისა და ი. დ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ი. ბ. ს.“ სარჩელის გამო, რ. შ-ძის, ი. დ-ძისა და გ. გ-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ი. დ-ძის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო რ. შ-ის მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 10 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულელები, მათი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 1 930.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ი. დ-ძის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან თავად კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა - რ. შ-ძემ, მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოადგინა როგორც მისი, ისე ი. დ-ძის სახელზე გაცემული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები: ცნობები და ამონაწერები კომერციული ბანკებიდან დავალიანებისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ, ცნობები შემოსავლების სამსახურიდან კასატორების მიერ მიღებული თანხების შესახებ, ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ქონებების შესახებ და ა.შ. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, მოითხოვა კასატორებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

სასაკასციო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 7 დღით ი. დ-ძის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან თავად კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად [განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, კასატორებს გარდა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენისა, დავალებული ჰქონდათ ი. დ-ძის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან თავად ი.დ-ძის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამ ნაწილში მხარეებს ხარვეზი არ შეუვსიათ - წარმოდგენილი განცხადების ავტორი და მასზე ხელმომწერი პირი კვლავ რ. შ-ძეა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ კასატორების შუამდგომლობაზე, ვინაიდან ი.დ-ძის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ].

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 14 მარტს ჩაბარდა რ. შ-ძეს პირადად (იხ.ჩაბარების დასტური).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. ვინაიდან, კასატორები მათი მითითებით ცხოვრობენ ერთსა და იმავე მისამართზე (იხ.საკასაციო საჩივარი), ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა რომ წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს - ი. დ-ძე რ. შ-ძის მეუღლეა (იხ. სასამართლო შეტყობინების აქტი და საფოსტო უკუგზავნილი), პალატა მიიჩნევს, რომ რ. შ-ძისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება განიხილება განჩინების მეორე სუბიექტისთვის - ი. დ-ძისთვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედებათა განხორციელების საკმარისი საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 15 მარტს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 23 მარტს (ვადის უკანასკნელი მეათე დღე დაემთხვა დასვენების დღეს - შაბათს).

ამ დროის განმავლობაში მხარეებს ი. დ-ძის მიმართ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა ი. დ-ძესა და რ. შ-ძეს, (იხ.სატელეფონო შეტყობინების აქტი), რომლებმაც დაადასტურეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ შეუვსიათ - არ წარმოუდგენიათ ი. დ-ძის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საჩივარი, რაც მის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს რემზი შარაძის მოთხოვნის ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც უკვე აღინიშნა, პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 10 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულელები, მათი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 1 930.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა რ. შ-ძემ, მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოადგინა როგორც მისი, ისე ი. დ-ძის სახელზე გაცემული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები: ცნობები და ამონაწერები კომერციული ბანკებიდან დავალიანებისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ, ცნობები შემოსავლების სამსახურიდან კასატორების მიერ მიღებული თანხების შესახებ, ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ქონებების შესახებ და ა.შ. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, მოითხოვა მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. ამავე 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ეს ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ზემოხსენებული წესის შესაბამისად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ ი. დ-ძეს ერიცხება დავალიანება სს „თ. ბ.“ 17 717,94 ლარის ოდენობით, ასევე სს „ლ. ბ.“ 20 745 ლარის ოდენოთ, ამასთან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ი.დიასამიძეს 2018 წლის 1 მაისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემოსავლები არ უფიქსირდება, ხოლო ამავე პერიოდში რ. შ-ძის შემოსავალმა შეადგინა 30 026,52 ლარი - მისი ხელფასი შეადგენს თვეში 1500 ლარს, საიდანაც 300 ლარი არის დაკავებული გადასახადი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ექვითება თვეში 600 ლარი, ამ და განცხადებაზე დართული სხვა ცნობების ერთიანობაში შეფასებით, ასევე, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, შესაბამისად აკმაყოფილებს მის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და წარმოებაში იღებს საკასაციო საჩივარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 5 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 63-ე, 396-ე, მე-400, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე ი. დ-ძის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

2. რ. შ-ძეს გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. საკასაციო საჩივარი რ. შ-ძის მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში იქნას მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

4. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში მხარეთა დასწრების (ზეპირი მოსმენის) გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე